ყაზანის სასულიერო სემინარიის დელეგაცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრა

4 დეკემბერს საქართველოში იმყოფებოდა ყაზანის სასულიერო სემინარიის დელეგაცია, რექტორის, იღუმენ ეფთვიმი მოისეევის ხელმძღვანელობით.
მასთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტუმრები იყვნენ პრორექტორი, მღვდელმონოზონი რომანი (მოდანი), სამეცნიერო საბჭოს მდივანი, მღვდელი ანტონი ერმოშინი, სვიაშკის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სილუანი (ხოხიაშვილი).
დელეგაციის წევრები, საქართველოს საპატრიარქოში შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს, შემდეგესტუმრნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მათ გააცნო სასწავლებლის ისტორია, მოუთხრო ამჟამად აკადემიისა და სემინარიის სწავლების სტრუქტურასა და პროფესორ-მასწავლებელთა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაზე.
ყაზანის სასულიერო სემინარიის რექტორმა, იღუმენმა ეფთვიმემ გამოთქვა სურვილი, დაიწყოს ურთიერთთანამშრომლობა თბილისის სასულიერო აკადემიასთან და სემინარიასთან _ ისეთ უმაღლეს სასულიერო სასწავლებელთან, რომელსაც ბაკალავრიატსა და მაგისტრატურასთან ერთად დაფუძნებული აქვს დოქტურანტურა, სადაც მძლავრი სამეცნიერო ბაზა არსებობს, შემუშავდეს სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამები.
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან მიღების შემდეგ, იღუმენი ეფთვიმემ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: “ყაზანის სასულიერო აკადემია, მისი კურსდამთავრებულები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები”.

გთავაზობს ძირითად ამონარიდებს ამ მოხსენებიდან:
1842 წლის 25 იანვარს რუსეთის ეკლესიის სინოდმა გამოსცა განკარგულება ყაზანის სასულიერო აკადემიის შექმნის შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო 60 სტუდენტზე და ამავე წლის 30 ივნისს ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. პირველივე წელს 30 სტუდენტი ჩაირიცხა და მათ შორის იყვნენ სახელგანთქმული ადამიანები, ესენი არიან ცნობილი მისიონერი, ნიკოლოზ ილმინსკი, რომელიც გახდა სემინარიის დირექტორი და დეკანოზი ალექსანდრე ვლადიმირსკი, მოგვიანებით _ ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიის რექტორი.
1848 წელს დასრულდა ყაზანის სასულიერო აკადემიისათვის შენობის მშენებლობა და ამ შენობაშია განთავსებული ყაზანის სასულიერო სემინარია.
1855 წელს ყაზანის აკადემიას სოლოვეცკის მონასტრიდან გადაეცა ცნობილი ბიბლიოთეკა. ამჟამად შემონახულია მისი ყველაზე ღირებული ექსპონანტები. დღესდღეობით ეს ბიბლიოთეკა ყაზანის უნივერსიტეტშია, მაგრამ გააჩნია უბლიკატები.
1855 წლიდან, ყაზანის სასულიერო აკადემიაში დაფუძნებულ ჟურნალში ქვეყნდებოდა მნიშვნელოვანი მასალები. დღეს ჩვენ პატივი გვერგო, რომ რამდენიმე ეგზემპლარი გადმოგვეცა თბილისის სასულიერო აკადემიისათვის. საერთოდ, აკადემიის რექტორები იყვნენ ცნობილი მოღვაწეები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა.
მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელიც 1897 წელს მოვიდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, ვინაიდან ის იყო ქვრივი, 1900
წლის 11 თებერვალს აღიკვეცა ბერად და მიიღო სახელი ამბროსი. ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში მამა ამბროსი მონაწილეობდა ქალაქის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. პირველწყაროებიდან სწავლობდა საქართველოს ისტორიას და დაწერა რამდენიმე ისტორიული ესსე, რომელიც ახალ გამოკვლევებს შეიცავდა. 1901 წელს ამბროსი ხელაიამ დაამთავრა სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.
შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში”. მღვდელმონაზონ ამბროსის შრომა იმდენად მოეწონათ, რომ მისცეს უმაღლესი შეფასება და ავტორს შესთავაზეს, ეს შრომა წარედგინა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, მაგრამ მამა ამბროსიმ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება. ამჟამად ეს ნაშრომი დაცულია ყაზანის სასულიერო აკადემიის არქივში, და ძალიან გაგვიხარდება, თუ ვინმე დოქტორანტი ჩამოვა და შეისწავლის ამ ნაშრომს.
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ კურსდამთავრებულზე, რომელიც შემდეგ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გახდა. ალექსანდრე ოქროპირიძე, 1846-1850 წლებში სწავლობდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მამა ალექსანდრე ოქროპირიძე 1849 წელს აღიკვეცა ბერ-მონოზვნად, 1850 წელს სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ღვთისმეტყველებაში, შემდეგში ეპისკოპოსი ალექსანდრე არჩეული იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ბოლოს, ჩვენ განსაკუთრებით ვისაუბრებთ კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ზე, რომელმაც 1900 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე, “ანტონ პირველი _ კათოლიკოსი იბერიის ეკლესიისა და მისი ნაშრომი “მზამეტყველება”. სწორედ ეს შრომა ჩამოვიტანეთ თბილისში და გვერგო პატივი, გადაგვეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ისთვის. ეს დისერტაცია აუცილებლად უნდა შეისწავლოთ, ძალიან კარგი მასალაა, დაწერილია თვით კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ხელით და, საბედნიეროდ, შევძელით, ძალიან კარგი ხარისხის ქსეროასლი გაგვეკეთებინა, ეს შრომა იმსახურებს, ითარგმნოს ქართულად და გამოიცეს. მომავალი პატრიარქის ნიჭსა და შესაძლებლობებს აღნიშნავდა ცნობილი ღვთისმეტყველი, სასულიერო აკადემიის პროფესორი ვიქტორ ნისმელოვი, რომელიც ცდილობდა ახალგაზრდა კაცი დარჩენილიყო ყაზანში და გაეგრძელებინა იქ სამეცნიერო მუშაობა. ახალგაზრდა სტუდენტის ინტერესები სცილდებოდა ღვთისმეტყველების ფარგლებს და მიხეილი, (ასე იყო მისი საერო სახელი), იმდენად კარგად ფლობდა ბერძნულ ენას, რომ ქართულად თარგმნა _ ჰეროდოტე და სწავლობდა უმაღლეს მათემატიკასაც. მას ჰქონდა პასქალიის გამოთვლის ორიგინალური მეთოდი რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული ქრონოლოგიისთვის. ერში ის იყო მათემატიკის მასწავლებელი. ასევე მას ჰქონდა ჭადრაკის მათემატიკური თეორია. მომავალი პატრიარქი იყო საეკლესიო კომპოზიტორი და დატოვა რამდენიმე ლიტურგიკული ხასიათის
ნაწარმოები და მათ შორის “რომელი ქერუბიმთა”. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის სულიერებაზე ხშირად წერდა არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, რომელიც მას პირადად იცნობდა. მისი სიტყვებით პატრიარქი ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას სიონის ტაძარში, სადაგ დღეებში და უყვარდა ფსალმუნების კითხვა და ფსალმუნებს ისეთი საოცარი გრძნობით კითხულობდა, თითქოს მთელი ერის გამო სინანულში იყო. პატრიარქ მელქისედეკში ერთიანდებოდა სიმკაცრე და გულმოწყალება. ის ყოველთვის სჯიდა დამნაშავეებს, ეკლესიიდან განკვეთამდეც მიდიოდა საქმე, რათა შეენარჩუნებინა საკურთხევლის სიწმინდე, მაგრამ ყოველთვის პატიობდა, როცა ხედავდა ადამიანში ჭეშმარიტ სინანულს. ის ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მისი ყოველი სიტყვა იყო აწონილ-დაწონილი და ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მან დიაკვნად დაასხა ხელი. საქართველო ეკლესიის იერარქების გარდა, ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდნენ აგრეთვე ბევრი სასულიერო პირი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან და მათი ბიოგრაფიის და მოღვაწეობის შესწავლა იქნებოდა ძალიან კარგი მასალა თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის. დავუბრუნდეთ ყაზანის სასულიერო აკადემიის ისტორიას. პირველი მსოფლიო ომის დროს იქ იყო სამხედრო ჰოსპიტალი და 1917-18 წლებში სხვადასხვა შენობებში ტარდებოდა ლექციები.
1918 წელს უკანასკნელად ჩატარდა გამოცდები, აკადემიაში დარჩა სულ 20 სტუდენტი, პროფესორები იძულებული იყვნენ სხვაგან დაეწყოთ სამსახური. 1921 წლის მარტში დააპატიმრეს აკადემიის რექტორი. შემდეგ აკადემია გადაკეთდა საღვთისმეტყველო ინსტიტუტად და ამ ინსტიტუტმა ერთი წელიც ვერ იარსება. დღესდღეობით გვაქვს ყაზანის სასულიერო სემინარია და მისი პირვანდელი სახით აკადემიად აღდგენის ყველა საშუალება გაგვაჩნია.

04/12/14

0 Responses on ყაზანის სასულიერო სემინარიის დელეგაცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>