პროფესორი ელენე მაჭავარიანი – ქართული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი

გადამწერლობა შუა საუკუნეებში ხელობად ითვლებოდა, ლამაზად გადაწერილ წიგნს თავისი ხიბლი ჰქონდა. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული ხელნაწერები გამორჩულია სილამაზით, კალიგრაფიული სრულყოფით. ანბანის სამივე სახეობა ქართული დამწერლობის განვითარების ერთმანეთის მომდევნო საფეხურებია: მხედრული განვითარდა ნუსხურისაგან, ნუსხური – ასომთავრულისაგან. მაგრამ გრაფიკული თვალსაზრისით ისინი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ასომთავრული დამწერლობის თავისებურება გახლავთ ორ სტრიქონს შორის ლამაზად შესრულებული მოხაზულობანი, თითოეული სტრიქონი ორნამენტივით აღიქმება. ასომთავრულის სახელი ანბანმა მიიღო მოგვიანებით, მე-11 ს-ში, როდესაც აბზაცების დასაწყისში, ნუსხურსა და მხედრულ ტექსტებში, წარმოდგენილი იყო მრგვალი ასოები. მრგვლოვანი ელემენტების გამო დამწერლობას “მეგვლოვანიც” ეწოდება. ასომთავრული მონუმენტური სახის დამწერლობაა, მისი გამოკვთილი, ცხადად აღსაქმელი მოხაზულობა შემორჩა ეკლესიბის ფასადებს, ფრესკულ წარწერებს და ჭედურ ხატებს, მაგალითად, წყაროსთავი ოთხთავი,შესრულებული ბექა ოპიზარის მიერ.
დროთა განმავლობაში წიგნებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო საჭირო გახდა დროისა და მასალის ეკონომია, შესაბამისად აუცილებელი შეიქნა სწრაფად წერა, და ასომთავრული დამწერლობა გადადის ნუსხურში. ნუსხურად წერაში ასოების მოხაზულობა ხელის რამდენიმე აღებით სრულდებოდა. ნუსხური არის გვერდზე გადახრილი ასოები, მრგვლოვანი ელემენტები თვით ასომთავრულის წიაღში გარდაიქმნება რკალურ ფორმებად, რაც სწრაფი წერის შესაძლებლობას იძლევა. ასომთავრულს ივანე ჯავახიშვილი “ჩახვეულ მხატვრულ წერას” უწოდებს, ხოლო ნუსხურს “გაკრული ხელი” ჰქვია.
კიდევ უფრო გვიან ხმარებაში შემოდის მხედრულის ჩახვეული მოხაზულობანი. გადამწერები, მდივან-მწიგნობრები ასრულებდნენ წიგნებსა თუ ისტორიულ საბუთებს ლამაზი ხელით, ხშირად ისინი ამშვენებდნენ კიდეც ხელნაწერებს, კერძოდ, საზედაო ასოებს. საზედაო ასოები, ძირითადად, მოხატულია მცენარეული ორნამენტით, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებიც. მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ აქ ყოველთვის რეალური სამყარო არის ასახული, და არა – ფანტასტიკური. ფანტასტიკურ სამყაროს ჩვენ ვხვდებით არქიტექტურულ ფასადებზე.
მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს სიუჟეტური ასოებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში მეორდებიან, მაგ. მე-12 ს-ის გელათის ოთხთავში იოანესთან არის “ყარი,” გამოსახული ნავის სახით, ანძაზე ასული ფიგურებით, მარცხენა მხარეს საყვირით ხელში. ზუსტად ასეთი სიუჟეტი მეორდება მე-16 ს-ში. როგორც ჩანს, არსებობდა სამხატვრო სახელმძღვანელოები, რასაც ჩვენამდე, სამწუხაროს, არ მოუღწევია.

21/04/16

0 Responses on პროფესორი ელენე მაჭავარიანი - ქართული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>