ქრისტიანობის პირველი ქადაგება საქართველოში თავად მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ბაგეთაგან გაისმა. ეს ცისკრის პირველი სხივების მსგავსი იყო, რომელიც მთის მწვერვალებს აელვარებს და წყვდიადის საუფლოსაგან აღწევინებს თავს, დაბლობს კი ჯერ ისევ განთიადის მოლოდინში სძინავს. მოციქულების, ანდრიას, სვიმონ კანანელისა და მატათას, დაარსებული ქრისტიანული თემებიც ნათლით გაშუქებულ მთებს ჰგავდა, მაგრამ ხალხი კვლავ წარმართობის ტყვეობაში რჩებოდა. მოციქულებმა დათესეს სახარების სწავლების მარცვლები ქართულ მიწაზე, თუმცა სამმა საუკუნემ განვლო, ვიდრე სჯულის თესლი ქვეყანაში ულამაზეს ყვავილებად აღმოცენდებოდა.
საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. თავად ქალწული მარიამი აირჩევს ივერიის განმანათლებლად წმინდა ნინოს. და ის ჯვრით, ვითარცა მახვილით, გაიმარჯვებს წარმართობასთან ბრძოლაში და ქვეყანას გააბრწყინებს სახარების ნათლით. წმინდა ნინო დაიპყრობს კაცთა გულებს იმ სიყვარულის ცეცხლით, რაც ქრისტემ ჩამოიტანა ზეციდან მიწად. წმინდა ნინო ხალხს მოაქცევს არა მჭევრმეტყველების ხელოვნებით, არამედ ძალით მადლისა. წმინდა ნინოს გამორჩევა მოციქულთასწორად სასწაულებითა და კურნებებით იყო აღბეჭდილი, მაგრამ ყველაზე დიადი სასწაული გახდა მთელი ქვეყნის მოქცევა ნორჩი, სუსტი ქალწულის მიერ. არაგვის წყლებში ჩაქრა ზარატუსტრას ცეცხლი, არაგვისა და მტკვარის ტალღებში ჩაირეცხა კერპების წინაშე ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის სისხლი, ამ წყლებში ჩაირეცხა წარმართული თეურგიისა და მაგიის ჭუჭყი, ქართველთა ნათლობისას ამ წყლებზე გადმოვიდა სულიწმინდა, როგორც ოდესღაც – წყლებზე მდინარე იორდანისა.
წმინდა ქალწულმა მოსაგრე ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ბოდბეში დაასრულა. აქ განისვენებს მოციქულთასწორი ნინო წმინდა სხეულით, სულით კი ის ყოველ ტაძარშია, საქართველოს ყოველ სოფელსა თუ ქალაქში. წმინდა ნინო ყოველი ქართველის გულში მკვიდრობს, რადგან გულით შეიყვარა მან ეს ქვეყანა, სადაც იყო კვართი უფლისა.
გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მისი მხურვალე მეოხება შეეწიოს ჩვენს ერს, დაუძინებელ მცველად ექცეს მისი ლოცვა ჩვენს ეკლესიას!
ტროპარი: სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმინდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზასა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
0 Responses on წმიდა ნინო - ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი"