ათეისტურ ხანაში გაზრდილს,შემდგომში ბევრი ამპარტავნობის გადალახვა მომიწია საკუთარ თავში, მრავალი დღესაც გადასალახი მაქვს, მაგრამ მთავარი- მამის გარდა, სხვის ხელზე მთხვევის შეუძლებლობა, პატრიარქმა გადამალახინა.
ამაზე ვფიქრობ ახლა, როცა ჩვენი შვეულმფრენი გახშირებული გუგუნით უახლოვდება კოდორის ხეობას. აწ ძალით გასხვისებულსა და მტრის ჩექმით შეურაცხოფილს, მაშინ სუფთასა და ძლიერს.
უხერხულად ვტორტმანობ ფეხზე მდგარი, რადგან უწმინდესმა ჩათვლიმა და უმალ წამოვხტი, რათა ფრენის ყანტალში, უცაბედად არ შევხებოდი, მაგრამ მან ოდნავ ჩაიღიმა, თვალი გაახილადა ხელით მანიშნა, დაჯექიო, შემდეგ ჩაილაპარაკა: კურთხევაა!
წინ კოდორის ხეობა, სვანეთი, ლეჩხუმი და შემდეგ რაჭა გველოდა. და სწორედ რაჭაში მომხდარ ეპიზოდზე მინდა მოგითხროთ. ერთ პატარა ისტორიაზე, რომელიც ჩემს სათაყვანებელ პიროვნებას ეხება.
ჩვენი შვეულმფრენი ამბროლაურის აეროპორტში ეშვება. ეს უკვე მეხუთე დღეა მოგზაურობის.უკან დაგვრჩა სვანეთისა და ლეჩხუმის სალოცავები, ათასობით ადამიანის იმედიანი და სხივიანი სახეები, პატრიარქს რომ შეჰყურებენ ნუგეშით. აქ აეროპორტშიც უამრავი ხალხი ირევა. ბევრია დამხვდური, მრავალი ჩამოსული. მცირე შესვენების შემდეგ სატრაპეზოსკენ დავუყევით. გზად წვიმამ მოგვისწრო, მაგრამ მინდორში გაშლილ თვალუწვდენელ სუფრას შევაფარეთ თავი და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეავსო სეფა. უწმინდესმა მცირე ლოცვა აღავლინა…
წვიმა თქეშად იქცა, თქეში მუშტისოდენა სეტყვად, რომელმაც სეფა მიწამდე ჩაღუნა. ხალხში შეშფოთებულმა გუგუნმა გადაირბინა, უწმინდესმა გაიღიმა და იქ შეკრებილთ მიმართა:
-ნუ ღელავთ! თხუთმეტ წუთში წვიმა გადაიღებს და ძალზე სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებით!
ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში დავიტანჯე, ვაითუ არ გადაიღოს, ვაითუ უწმინდესი შეცდა… ის კი მშვიდად ტრაპეზობდა დამის პირდაპირ მჯდომ ქალბატონებს კერძების დაგემოვნებასურჩევდა.
უცებ მოსხიპა წვიმა. უცებ შემოაღწია მზის სხივმა ჩაბურულ სეფაში. რამდენიმე მორჩილმა სეფის კალთა ახსნა და ჩვენს წინაშე, უღრუბლო ცაზე, ორი ერთმანეთში გადაჭდობილი ცისარტყელა აბრდღვიალდა.
ახლაც, როცა მისი სიყვარულით სუნთქვა მეკვრის და სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმ ცისარტყელას ვხედავ და ნუგეში მეძლევა.
ღმერთო, საქართველოს უმყოფე პატრიარქი!
ლაშა თაბუკაშვილი
2017 წლის იანვარი.
0 Responses on ლაშა თაბუკაშვილი - პატრიარქი ილია II"