უკანასკნელი არასრული ექვსი წლის მანძილზე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემოინარიის გამომცემლობაში დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მამების ღრმა ნააზრევის ძველი ქართული თარგმანების ათამდე აკადემიური გამოცემა განხორციელდა. ეს თარგმანები შესრულებულია უდიდესი ქართველი ქრისტიანი მოაზროვნეების მიერ და ისინი თავიანთი მხატვრული ღირებულებით არ ჩამოუვარდებიან ორიგინალებს. საგულისხმოა, რომ ყველა ეს ნაშრომი გამოსაცემად მომზადდა თვით აკადემია-სემინარიაში მოღვაწე სასულიერო პირებისა და მეცნიერების მიერ.
მოკლედ მიმოვიხილავთ ამ გამოცემებს:
ქართულ ენაზე მოგვეპოვება V ს-ის ბიზანტიელი ავტორის, წმ. ბასილი სელევკიელის ჰომილია “სიტყუაჲ ჩჩჳლთათჳს ბეთლემს მოწყუედილთა.” ჰომილია ეხება იესო ქრისტეს შობის შემდგომ თოთხმეტი ათასი ყრმის ამოხოცვას. ქართულ თარგმანს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მთარგმნელის ვინაობა, რომელიც ამ ძეგლის გამომცემლის, თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ამჟამად ქუთაისის სასულიერო აკადემიის რექტორის, მამა ირაკლი ახალაიას ვარაუდით, უნდა იყოს შავ მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი ბერი, წმიდა ეფრემ მცირე. ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მეთოდის შესახებ ძალიან ბევრი გამოკვლევა არსებობს. ფაქტიურად, XI ს-ის ამ დიდი ქართველი საეკლესიო მამის მიერ ჩაეყარა საფუძველი ელინოფილურ მიმდინარეობას ქართველ მთარგმნელთა საქმიანობაში. ეფრემ მცირემ სამართლიანად ჩათვალა, რომ ქართველი ერი მზად იყო ბიზანტიელ მამათა ნააზრევის იმ ფორმით გაგებისათვის, რა სახითაც არსებობდნენ ისინი დედნებში. ამიტომ მან უარი თქვა ეფთვიმე ათონელის კომენტირებულად თარგმნის მეთოდზე და დაიწყო ზუსტი თარგმანების შესრულება. ამ მეთოდის შემდგომი გაღრმავება იყო ულტრაელინოფილების მოღვაწეობა. გამოცემის რედაქტორია სასულიერო აკადემიის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე.
“ეკლესიის მამათა სწავლანი ღვთის განკაცების შესახებ” (თბილისის სასულიერო აკადემიაში დაარსებული სერია: “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები”). ეს ნაშრომი სასულიერო აკადემიის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო მელიქიშვილის მიერ არის მომზადებული გამოსაცემად, რედაქტორია ედიშერ ჭელიძე. წიგნში თავმოყრილია ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი დიდი ბიზანტიელი მამების ჰომილიების (ქადაგებების) ძველი ქართული თარგმანები. ზოგი ქადაგება უკვე ადრევე იყო გამოცემული, მაგრამ კრებულისათვის თემატურად სრულყოფილი სახის მიცემის მიზნით, ისინიც, გარკვეული გადამუშავებით, შეტანილია ნაშრომში. ქადაგებათა ავტორები არიან IV-VIII სს-ის უმაღლესი საეკლესიო იერარქიის მოღვაწეები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, წმიდა მამები: ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, თეოდოტი ანკვირიელი, ევსები ალექსანდრიელი, პროკლე კონსტანტინეპოლელი, პეტრე იერუსალიმელი, იოანე დამასკელი. თითოეული ავტორის ქართულმა ტექსტმა XI-XII სს-ის ერთი ან რამდენიმე ნუსხით და ერთი ან რამდენიმე თარგმანით მოაღწია დღევანდლამდე. მთარგმნელთა ნაწილი უცნობია, ისინი კი, ვისი სახელიც შემოგვინახეს ანდერძ-მინაწერებმა, არიან ქართული სულიერი კულტურის უდიდესი წარმომადგენლები – ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები, ეფრემ მცირე. ღვთის განკაცებისადმი, ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ქადაგებების ქართული თარგმანების გამოქვეყნება ბევრ სხვა მომენტთან ერთად იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაინტერესებულ მკითხველსა თუ თეოლოგიაში ღრმად ჩახედულ ადამიანს საშუალება ეძლევა თვალი მიადევნოს იმ ბრძოლას სხვადასხვა ერესებთან, ძირითადად კი არიანულ მოძღვრებასთან, რომლითაც ორთოდოქსული ქრისტიანობა იკაფავდა გზას. ქადაგება, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე წარმოთქმული სიტყვა, იყო შესანიშნავი საშუალება ჭეშმარიტი სწავლების საყოველთაოდ დამკვიდრებისათვის. საეკლესიო იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი ბიზანტიელი მამები ბრწყინვალედ ფლობდნენ ამ იარაღს – მათი ჰომილეტიკური მემკვიდრეობა ამის უტყუარი დასაბუთებაა. სწორედ ეს ყველაფერი არის ასახული ამ გამოცემაში.
სერიის – “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები” – II ტომში გამოქვეყნდა IV-V სს-ის დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიათა კრებულის, “მარგალიტის” ქართული თარგმანი, შესრულებული X-XI სს-ში უდიდესი ქართველი საეკლესიო მამისა და მოაზროვნის, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ (გამომცემელი – ნ. მელიქიშვილი). კრებული წარმოადგენს სწავლების ფორმის მქონე ამონარიდებს იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან, თარგმანებებიდან და საუბრებიდან. “მარგალიტის” ქართული თარგმანის სტრუქტურა შემუშავებულია მთარგმნელის მიერ – ეფთვიმე მთაწმიდელმა, ბერძნული წყაროს მისთვის დამახასიათებელი მეთოდით გადამუშავების შედეგად, ღრმა საღვთისმეტყველო ნააზრევი უაღრესად გამარტივებული და ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ფორმით გადმოსცა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში მიმოხილულია ის უძველესი, XI-XIII სს-ის ნუსხები, რომელთაც ემყარება გამოცემა, ნაჩვენებია მათი ურთიერთდამოკიდებულება და, ასევე, კავშირი “მარგალიტის” შემცველ გვიანდელ, XVIII-XIX სს-ის ნუსხებთან, შესწავლილია ქართული რედაქციის მიმართება ბერძნულ წყაროსთან.
ჩვენი გამომცემლობის შემდეგი გამოცემა არის წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულება “ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა”. გრიგოლ ნოსელის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართული თარგმანი გამოსაცემად მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რედაქტორი – ნინო მელიქიშვილი.
წმ. გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი იმ სამ კაპადოკიელ მამათაგანია, რომელთაც IV ს-ში სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანეს ქრისტიანული აზროვნება, საეკლესიო მწერლობა, ორატორული ხელოვნება.
გამოცემული ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს მასში გადმოცემული სიღრმისეული, სისტემური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სწავლება საეკლესიო ასკეზისის, სახელდობრ, ბერმონაზვნური ღვაწლის შესახებ. ეს ნაშრომი ასკეტური თეოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. პუბლიკაცია რამდენიმე თვალსაზრისით არის უაღრესად საყურადღებო. დავიწყებთ იმით, რომ თხზულების არა მარტო ავტორია უდიდესი საეკლესიო მამა, არამედ ასეთივეა მისი მთარგმნელიც – თხზულება უკვე X ს-ის დასასრულს ითარგმნა ქართულ ენაზე დიდი ათონელი მამის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობის, წმ. ეფთვიმეს მიერ.
ტექსტზე დართულ გამოკვლევაში თხზულების ქართული თარგმანი გამოწულილვით არის შესწავლილი, უყურადღებოდ არ არის დატოვებული არც ერთი ნიუანსი, რათა ბოლომდე ნათელი გამხდარიყო ეფთვიმეს მთარგმნელობითი მეთოდის არსი, ის, თუ რა ხერხითა და რა გზით აღწევს დიდი ათონელი მამა იმ შედეგს, რასაც მის ნებისმიერ თარგმანში ხედავს მკითხველი.
წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულების თეოლოგიურ-ფილოსოფიურმა ხასიათმა, ტექსტის სირთულემ მოითხოვა ძეგლისათვის კომენტარების დართვა, რომლებშიც ცალკეული სიტყვები, ფრაზები და ტექსტობრივი მონაკვეთები საეკლესიო მოძღვრების მიხედვით არის განმარტებული. ერთვის ქართულ-ბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი. ლექსიკონის სპეციფიკურობა განსაზღვრა ეფთვიმეს მიერ თავისუფალი მეთოდით შესრულებულმა თარგმანმა: ამა თუ იმ სალექსიკონო ერთეულის ნიუანსური და ზოგჯერ კიდევ უფრო საფუძვლიანი განსხვავება თავისი ბერძნული შესატყვისისაგან ცხადად წარმოაჩენს, თუ მთარგმნელობითი მოღვაწეობის როგორ მწვერვალზე იდგა დიდი ათონელი მამა, როგორი სრულყოფილებით ფლობდა საღვთისმეტყველო ცოდნას და როგორ შეეძლო ჩარეულიყო ბერძნული ორიგინალის ტექსტში ისე, რომ არაფერი შეეცვალა აზრობრივად, მაგრამ ქართველი მკითხველისათვის უფრო ადვილად გასაგები გაეხადა ის.
წმ. გრიგოლ ნოსელის ქართული თარგმანის გამოცემა დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა, რადგან მას რედაქტირება გაუწია მეორე დიდმა ათონელმა მამამ, წმ. გიორგი მთაწმიდელმა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმის განსაზღვრა, თუ რა სახის ჩარევები აქვს გაკეთებული, რა მიზეზითა და მიზნით წმ. გიორგი მთაწმიდელს თავისი დიდი სულიერი მოძღვრისა და მასწავლებლის ნამუშაკევში.
2012 წელს გამოიცა IV ს-ის ცნობილი სასულიერო მოღვაწის, კონსტანტიის ეპისკოპოსის, წმ. ეპიფანე კვიპრელის ვრცელი პოლემიკურ-ისტორიული ხასიათის თხზულების, “პანარიონის” ცალკეული ტომების ნაკრები ტექსტის, “ოთხმეოცთა წვალებათათვის” ქართული თარგმანი. ეს თარგმანი გამოსაცემად მოამზადა აწ გარდაცვლილმა მეცნიერმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო მახარაშვილმა. წიგნის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა. “ოთხმეოცთა წვალებათათვის” უმნიშვნელოვანესი ანტიერეტიკული ნაშრომია, რომელიც ქართულ ენაზე გადმოიღო ერთ-ერთმა თვალსაჩინო საეკლესიო მამამ, თეოფილე ხუცესმონაზონმა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში გაშუქებულია უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები. გამომცემელმა თარგმანის ბერძნულ დედანთან შედარების საფუძველზე გამოიკვლია ამ თხზულების ისტორიის ზოგიერთი მხარე, რაც აქამდე უცნობი იყო, კერძოდ, გაირკვა, რომ თეოფილეს თარგმანი მომდინარეობს იმ ბერძნული რედაქციიდან, რომელიც დღემდე შემონახული არ არის. ყველა ასეთი მიგნება ხაზს უსვამს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას ზოგად-ბიზანტინოლოგიურ ჭრილში. წმ. ეპიფანეს თხზულებას ფართო შემეცნებითი ღირებულება ჰქონდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში – ეს თარგმანი გახდა ერთ-ერთი ძირითადი წყარო XII ს-ში შექმნილი ცნობილი ლიტურგიკული ნაწარმოებისა – “გალობანი მწვალებელთა ყოველთა თOთეულისა წვალებისა შეჩუენებისანი”, რომელიც, როგორც ლიტერატურული დოკუმენტი, გამოუყენებია იოანე შავთელს პოემაში “აბდულმესიანი”.
ამ გამოცემას თემატურად რამდენადმე ეხმიანება 2013 წელს სასულიერო აკადემიის პედაგოგის, პროფესორ მაია რაფავას მიერ მომზადებული და გამოცემული ნაშრომი: ”ნიკიტა სტითატის ანტიმონოფიზიტური სიტყვების” ქართული თარგმანი. გამოცემის რედაქტორია ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
წიგნში თავმოყრილია XI ს-ის თვალსაჩინო ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ნიკიტა სტითატის სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული ხუთი პოლემიკური სიტყვა. ამ პოლემიკური ნაწარმოების მიხედვით მკითხველმა შეიძლება წარმოდგენა შეიქმნას XI ს-ის ბიზანტიის იმპერიაში საღვთისმეტყველი საკითხებისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ არსებულ დისკუსიაზე, რომელიც მიმართული იყო სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ. თხზულების ქართული თარგმანი შესრულებულია გელათის სალიტერატურო სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, არსენ იყალთოელის მიერ, ამდენად. თარგმანის ენა გელათის სკოლის ენობრივი და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ნორმებით ხასიათდება და კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესწავლის კუთხით.
სასულიერო აკადემიის გამომცემლობის მორიგი გამოცემა ბიბლიოგრაფიული ხასიათის ნაშრომია: “ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”, რომელიც მოიცავს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ორ დარგს. სრული დარგობრივი ბიბლიოგრაფია მთელი სასულიერო მწერლობისათვის 6 ტომად შეადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის კონსულტანტმა ენრიკო გაბიძაშვილმა. ჩვენი გამოცემული მე-5 ტომი გზამკვლევია ლიტურგიკითა და ჰიმნოგრაფიით დაინტერესებული მკითხველისა და მკვლევრებისათვის: მასში თავმოყრილია ინფორმაცია ამ ორ სფეროში არსებული ყველა ქართულენოვანი ძეგლის შესახებ: რომელ და როდინდელ ხელნაწერებშია ისინი დაცული, ვინ არის მათი ავტორი თუ მთარგმნელი, გამოცემულია თუ არა ძეგლი… მასალას წინ უძღვის ამ დარგების ზოგადი მიმოხილვა, დაფუძნებული როგორც ავტორის პირად კვლევაზე, ასევე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე.
სასულიერო აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: IV ს-ის დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური ძეგლის – “თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ” – ქართული თარგმანი, შესრულებული XI ს-ის უდიდესი საეკლესიო მამისა და ღვთისმეტყველის, წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ. “ქება ქებათა” ერთ-ერთი ყველაზე დაფარული შინაარსის მქონე ბიბლიური წიგნია, რომლის განმარტებაზეც არაერთ წმ. მამას უშრომია. ამიტომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულება მნიშვნელოვანი და ფასეულია როგორც ძველი ქართული მწერლობის მკვლევართათვის, ასევე ყველა დაინტერესებული მკითხველისათვის. გრიგოლ ნოსელისეული ვრცელი განმარტებები, რომლებიც წმიდა წერილს ეფუძნება, იმ სახით არის მოწოდებული, რომ ისინი, ამავე დროს, ბიბლიური ტექსტის დიდი ნაწილის განმარტებებსაც წარმოადგენს. ამდენად, “თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ” სცილდება ერთი, თუნდაც ძალზედ მნიშვნელოვანი ბიბლიური წიგნის განმარტებას და უაღრესად მასშტაბურ და ღირებულ ნაშრომს წარმოადგენს. გამოცემა მომზადებულია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გულნაზ კიკნაძის მიერ; რედაქტორია ნინო მელიქიშვილი.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ 2010-2017 წლებში გამოსცა ორი პერიოდული კრებულის – საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების III-IV-V- VI-VII ტომები და საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ “გრაგნილის” I-II-III-IV ტომები (ამ კრებულის გამოცემა დაიწყო 2012 წ-დან). საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომებში ძირითადად თეორიული ხასიათის წერილები ქვეყნდება. კრებულში წარმოდგენილია სასულიერო მწერლობის ყველა დარგის მომცველი ნაშრომები, კვლევები ღვთისმეტყველებაში, საეკლესიო ფილოლოგიაში, ეკლესიის ისტორიაში, რეცენზიები ახალ თეოლოგიურ სამეცნიერო გამოცემებზე. რაც შეეხება “გრაგნილს”, ამ კრებულთან ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები თანამშრომლობენ. პირველი ტომი აერთიანებს სამ უნიშვნელოვანეს საეკლესიო ძეგლს. ამათგან ორი _ “თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი” (მოამზადა მღვდელმა ვლადიმერ ვახტანგაძემ) და “სახეჲ აღთქუმისაჲ” (მოამზადა მაგისტრანტმა გიორგი ქიტესაშვილმა) ხელმეორედ ქვეყნდება, ხოლო მესამე, კასიანე რომაელის “თხრობაჲ წესსა და განგებასა ეგჳპტისა და აღმოსავლეთისა მონასტერთა საკრებულოთასა”(მოამზადა მღვდელმა ირაკლი ახალაძემ), იბეჭდება პირველად. უკვე გამოქვეყნებული ტექსტების კვლავ გამოცემა განაპირობა სურვილმა, რაც შეიძლება უკეთ იქნეს შესწავლილი ხსენებული ძეგლები საღვთისმეტყველო კუთხით და, შეძლებისდაგვარად, შესწორდეს წინარე გამოცემათა ყველა ტექსტობრივი ხარვეზი. არანაკლებ მნიშვნელოვანი ძეგლების ქართულ თარგმანებს შეიცავს “გრაგნილის” II და III ტომებიც, კერძოდ: წმ. სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ჰომილიებს; ნათლისღების წეს-განგების ტექსტს, წინასწარმეტყველ იონას წიგნის კომენტარებს (II ტ.); III ტ-ში შევიდა: ბასილი კაპადოკიელის „სწავლანი ლოცვისათჳს და სხუათა თითოსახეთა სათნოებათათჳს საცხორებელად სულისა“, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია „სინანულისათჳს და ქალწულებისათჳს და მოთმინებისათჳს“, წმ. ანდრია კრიტელის ჰომილია „ამაოებისათჳს კაცობრივთა საქმეთაჳსა და შესუენებულთათჳს“. ჩამოთვლილი ტექსტების გარდა ამ ტომში გამოქვეყნდა ორი თეორიული ხასიათის ნაშრომიც: „წმ. ეფთჳმე ათონელის „მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებათა („მცირე სჯულისკანონის“) მიმართება დიდი სჯულისკანონის ტექსტთან“ და „წმ. ეპიფანე კვიპრელის დიდი შაბათის ქადაგების საღვთისმეტყველო ანალიზი“. რაც შეეხება „გრაგნილის“ IV ტომს, მასში შევიდა გარკვეული ნაწილები სასულიერო აკადემიის დოქტორანტების ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი სადოქტორო ნაშრომებიდან. ამ მასალაში მიმოხილულია ლიტურგიკული საკითხები, კერძოდ: აღმოსავლური საღვთისმეტყველო ტიპიკონების ისტორია, ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში არსებული საეკლესიო სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ, „ქერუბიკონის“ ქართული თარგმანი, კვლევა ლიტიის მსახურების შესახებ. კრებულში შევიდა სასულიერო მწერლობის სხვა დარგების ნაშრომებიც – მიმოხილულია რელიგიის საკითხი ბიზანტიის იმპერიაში იუსტინიანე დიდის დროს და მისი კანონიკური კორპუსის შედგენილობა; განხილულია ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანის ღვთის ხატისებრობისა და მსგავსების შესახებ, ასევე, სწავლება შესაქმის დღეების საათობრივი ხანგრძლივობის შესახებ.
ძალიან ფასეულია აკადემია-სემინარიის სტუდენტებისათვის იღუმენ ევნემის (პერისტის) ნაშრომის – „შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში“ – ქართული თარგმანი, რომელიც შესრულდა აკადემიის პედაოგის მიერ და გამოიცა აკადემიისავე გამომცემლობაში (ეს ნაშრომი ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს), ასევე, სხვადასხვა ლიტურგიკულ დღესასწაულთა წეს-განგებანი და ლიტურგიკული შტუდიების რამდენიმე ნომერი, რომლებიც საეკლესიო კალენდართან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევას მოიცავენ.
აკადემიის გამომცემლობაში რედაქტირება გაუკეთდა რამდენიმე სტუდენტის მიერ შედგენილ „რელიგიურ თემაზე 1978-2015 წლებში გამოცემული წიგნების ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას“. სტუდენტების კოორდინატორი ამ მნიშვნელოვან საქმეში იყო ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაქსიმე ჭანტურია. ეს წიგნი გამოიცა 2015 წელს და მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 38-ე წლისთავს.
ასევე ნაყოფიერი გამოდგა 2016 წელი, რადგან რესტავრაციისა და ხატწერის სპეციალობის სტუდენტებმა მიიღეს მაღალი დონის სახელმძღვანელო: „ხატწერის ტექნოლოგია“ (ავტორი – აკადემიის პედაგოგი მურად ტყემალაძე).
ამავე წელს გამოიცა ასევე აკადემიის პედაგოგის, ავთანდილ ასათიანის ნაშრომი: „აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში“. წიგნში ვრცლად არის მიმოხილული ძველი აღთქმის ის პასაჟები, რომლებიც აღზრდის სფეროს განეკუთვნება. ეს გამოცემაც, გარკვეული კუთხით, დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის.
მნიშვნელოვანი გამოცემა განხორციელდა 2017 წელს: „მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოსავლეთის საპატრიარქოები (IX საუკუნემდე)”. წიგნის ავტორია ეკლესიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, სერგეი ტერნოვსკი (1848-1916), თარგმნა ქ.-ნ ნორა გაბრიაძემ, ხოლო თარგმანის რედაქტირება ეკუთვნის გამომცემლობის ერთ-ერთ თანამშრომელს, თამარ ჩუბინიძეს. ეს წიგნიც დიდად წაადგებათ აკადემიის სტუდენტებს, რადგან მასში ასახულია აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ისტორია. გარდა ამისა, ბიბლიური გეოგრაფიის ცოდნა აუცილებელია წმიდა წერილის ჯეროვნად გაგებისათვის. ამ მხრივაც ეს გამოცემა დასაყრდენი იქნება ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.
თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის გამომცემლობაში კიდევ არაერთ საინტერესო პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მათი განხორციელების შემდეგ ბევრი ახალი წიგნი შეემატება ზემოთ ჩამოთვლილ გამოცემებს.
0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 2010-2017 წლების გამოცემები"