წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

დღეს, ახალი სტილით 13 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმით აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას. წმინდა ანდრია მაცხოვრის პირველი მოწაფე იყო, აქედან მოდის მისი ზედწოდებაც: პირველწოდებული. შემდეგ მან თავისი ძმა, პეტრეც დაუმოწაფა ქრისტეს (იონ. 1:35-42). მომავალი მოციქული ბეთსაიდადან იყო, ყმაწვილობიდანვე მთელი სულით შეიყვარა უფალი, არ დაქორწინებულა და ძმასთან ერთად მეთევზეობას მისდევდა. თავდაპირველად ანდრია წმინდა იოანე ნათლისმცემელს დაემოწაფა. ხოლო როდესაც მაცხოვარმა იწყო მიწად ღვაწლი, ნათლისცემელმა თავად გაგზავნა მასთან თავისი უახლოესი მიმდევრები ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი სიტყვებით: “აჰა, ტარიგი ღმრთისაი!”

მაცხოვრის ამაღლებისა და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი იყარეს, თუ ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო ქრისტიანობის გასავრცელებლად, როგორც ცნობილია, საქართველო დედა ღვთისმშობელს ერგო. მაგრამ ვინაიდან მოახლოებული იყო წმინდა ქალწულის მიძინების ჟამი, მისმა ღვთაებრივმა ძემ უბრძანა მას, დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავის წილ ანდრია გაეგზავნა, მის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. წმინდა მარიამმა “დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა ფიცარი,” რომელზეც თავად გამოისახა – დედა ღვთისმშობელი ყრმითურთ. აი, სწორედ ეს ხელთუქმნელი ხატი, დღეს “აწყურის ხატის” სახელით რომ ვიცნობთ, გადასცა მან მოციქულს საქართველოში წამოსაღებად.

წმინდა ანდრიამ ორჯერ მოიარა ლოცვით ჩვენი ქვეყანა, მისი მეორე მოგზაურობისას მას თან ახლდნენ წმინდა სვიმონ კანანელი და მატათა მოციქული, ერთი სამოცდაათთაგანი. მოციქულმა ანდრიამ საქართველოს გარდა კიდევ სხვა ქვეყნებშიც დააარსა ქრისტეს ეკლესია, მათ შორის – კიევში. ქრისტეს სახელით მან მრავალი განსაცდელი და ტანჯვა დაითმინა ურწმუნოთაგან, საბოლოოდ ის ჯვარზე გაკრული მოწამეობრივად აღესრულა საბერნეთის ქალაქ პატრაში, ქრისტეს შობიდან 62 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები სამი საუკუნის შემდეგ წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ პატივით დააბრძანა კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში.

წმინდა მოციქულ ანდრიას ხსენების დღე განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ვინაიდან მისი ღვაწლი ჩვენი, ქართული ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობის უტყუარი დასტურია. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას!

ტროპარი:
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა – დიდი წყალობა.

კონდაკი:
სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომად ეკლესიისა მწვერვალსა, პეტრესთან შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩვენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი!

12/12/17

0 Responses on წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>