წმიდა სასწაულმოქმედი ნიკოლოზი

ახალი სტილით 19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხსენებას. მომავალი წმინდანი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), დაიბადა 257 წელს. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიას ეკუთვნოდა. წმინდანის მშობლებს, თეოფანესა და ნონას, დიდხანს არ უჩნდებოდათ შვილი. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. მათ უფლის წინაშე აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შეისმინა უფალმა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. მან დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ. ზოგადად, წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება აღსავსეა უფლის შემწეობით მის მიერვე აღსრულებული სასწაულებით.
ნიკოლოზი, თავისი ბუნებითა და ხასისათით, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლთაგან. მშობლების ხელშეწყობით, იგი სიყრმიდანვე განისწავლებოდა საღმრთო წერილსა და საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს, სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს“.
საღვთო განჩინებით, ნიკოლოზი მალევე მირონლუკიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი განსაკუთრებული გულმოდგინებით გამოირჩეოდა საკუთარი სამწყსოსადმი, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას (284–305), როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმინდა ნიკოლოზი ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი (306–337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, წმიდა ნიკოლოზმა ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა. წმინდანი, თავისი ცხოვრების განმავლობაში, უამრავ გაჭირვებულს დაეხმარა და მრავალი დასაღუპად განწირული გადაარჩინა. მაგალითად, მან გაყიდვისა და გარყვნილებისაგან იხსნა ერთი ღარიბი ადამიანის სამი ქალიშვილი. ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. წმინდანმა, უსამართლო პატიმრობისგან იხსნა სამი მხედართმთავარი, რომელნიც მხურვალედ სთხოვდნენ მას დახმარებას. ნეტარი მღვდელმთავარი სიზმრად ეჩვენა მმართველს და მათი გათავისუფლება უბრძანა, რაც აღსრულდა კიდეც. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სავსეა ამგვარი ისტორიებით.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ (მირონლუკიის) საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნიკოლოზი მიიჩნევა საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ მფარველად.
წმინდა ნიკოლოზი იყოს მეოხი ჩვენი ერისა უფლის წინაშე!
ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

19/12/17

0 Responses on წმიდა სასწაულმოქმედი ნიკოლოზი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>