წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დაიფაროს და აკურთხოს საქართველო!

ახალი სტილით 27 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს, გარდაცვალების ხსენების დღეს.

წმიდა ნინოს ცხოვრების შესახებ რამდენიმე რედაქცია არსებობს.  ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ქართლის ცხოვრებისეულ“ რედაქციას ენიჭება.

წმიდა ნინო IV საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მშობლები, ზაბულონი და სუსანა, კეთილმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ზაბულონი იმპერატორ მაქსიმიანეს კარზე მსახურობდა. თორმეტი წლის იყო წმიდა ნინო, როცა მისმა მშობლებმა მონაზვნური ცხოვრება იტვრთეს, ხოლო ნინო სარა ბეთლემელს მისცეს აღსაზრდელად.  ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.

ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი?..“ მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.

ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა.

წმიდა ქალწული, ამ ჩვენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში ჯავახეთის მხრიდან შემოვიდა.  ,ქართლში“ შემოსული ნინო ხედავდა, რომ ჩვენი ქვეყანა კერპთაყვანისცემის მორევში იყო და ღმერთს ქართველი ხალხის გონების განათლებას სთხოვდა. როგორც ცნობილია, საქართველოში, პირველ საუკუნეში, თავად ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს, მაგრამ დროთა ავბედობის გამო, მოქცეული ხალხის შთამომავლების დიდმა ნაწილმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოციქულთა ქადაგების შედეგად, წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლისას, ჩვენში უკვე არსებობდა პირველი ქრისტიანული თემები.

წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედილი ერის მოქცევას. ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მან ამ ხნის განმავლობაში უამრავი სნეული განკურნა, მათ შორის დედოფალი ნანაც. ქართლის იმდროინდელი მეფე – მირიანი, ჯიუტად არ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს. დასასრულ, ნადირობისას უეცრად ჩაბნელებული გარემოს კვლავ გასანათლებლად აღვლენილმა ლოცვამ ,,წმიდა ნინოს ღმერთისადმი“ შედეგი გამოიღო, გარემო განათდა და მირიანმა ქრისტე ირწმუნა. მან სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა ქრისტიანობა ქართლში  სახელმწიფო რელიგიად. წმიდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით, მცხეთაში პირველი ქართული ტაძარი – სვეტიცხოველი აიგო.

ერთხელ, რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა. შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე – დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წყაროსთან (რომელიც წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენდა) მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.

მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში – დაბა „ბოდისში“, რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს.

წმიდა ნინომ უწყოდა, რომ ბოდბეში დასრულდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და ამიტომ უბრძანა: „წაიღეთ ერთი ჯვარი და თხოთს აღმართეთ, სადაც უფალმა თავისი ძალა გამოგიცხადათ, ხოლო მეორე – მეფეთა ქალაქ უჯარმაში, რადგანაც ბოდბე წინ არ აღუდგება ხალხმრავალ მეფეთა ქალაქს, ხოლო ბოდბეს, ღვთის სათნო ადგილს, თვითონ ვიხილავ“.

წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა.  ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე – კახეთის დაბა „ბოდისში“, სადაც აღესრულა კიდეც წმინდა ქალწული.

საქართველოს წმინდა, სამოციქულო ეკლესია მას ,,განმანათლებ-ლად“და ,,მოციქულთა სწორად“ მოიხსენიებს.

წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დაიფაროს და აკურთხოს საქართველო!!!

26/01/18

0 Responses on  წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დაიფაროს და აკურთხოს საქართველო!"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>