წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

ახალი სტილით 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე  დავით  აღმაშენებელს იხსენიებს დიდებით.
 მეფე დავითი სრულიად გამორჩეული ფიგურაა საქართველოს ისტორიაში,  “რომელსა ვერავინ ძუელთა და ახალთაა მეფეთა ემსგავსა.” მან მიწასთან გასწორებული, მტერთაგან მოოხრებული ქვეყანა ფენიქსივით აღადგინა ფერფლიდან. “თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას, რამეთუ ხელი მისი  შეეწეოდა მას და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი.” სრულიად ყმაწვილს, თექვსმეტი წლისას დაედგა  თავს მეფობის უმძიმესი გვირგვინი, რამეთუ იყო გონებით მოხუცებული და ღვთის შიშითა და სიყვარულით ბრძენი.
დავითი ღრმად განსწავლული და უებრო  მჭევრმეტყველი ყოფილა, რაც ცხადად გამოჩნდა მისი სეფე-სიტყვით ქართველთა და სომეხთა საღვთისმეტყველო კამათის დროს, როცა მოდავენი ჩიხში მოექცნენ. მართლმადიდებელმა ხელმწიფემ ნათელი მოჰფინა საკითხს და ის მართლმადიდებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. წიგნის კითხვა იმდენად  უყვარდა, რომ  ლაშქრობაშიაც ჯორ-აქლემებით დაატარებდა მცირე ბიბლიოთეკას.
ღმრთისმოშიშ მეფეს ყოველი ბოროტისაგან იცავდა უფალი. ერთხელ კარვის პირას მდგომი, მისთვის ნასროლი ისრისგან იხსნა მთავარანგელოზის ხატმა, რომელიც გულზე ეკიდა. სხვა დროს მუხნარს “ნადირთა დევნასა შინა” გართულ მეფეს “წაექცა ცხენი და ესეოდენ შემუსრა, რომ სამ დღე ყოვლად უსულოდ მდებარე იყო უძრავად… და შემდგომად სამ დღე ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესევითარი მრავალგზის შეემთხვა და ღმერთმან იხსნა სიკვდილისაგან (დავითის ისტორიკოსი).”
არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ივიწყებდა გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე. 1106 წელს დაარსდა გელათის აკადემია, რომელიც დავითმა შექმნა “ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად.” ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის ორი ანდერძით (ერთი შიომღვიმის ლავრისადმი, ხოლო მეორე გელათისადმი) ჩანს, თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ ტაძრებისადმი. ამავე დროს მეფე შეეწეოდა საზღვარგარეთ არსებულ მონასტრებს – საბერძნეთში, ბულგარეთში, პალესტინასა თუ სირიაში. მის სახელს უკავშირდება სინას მთაზე მონასტრის აშენება, რისთვისაც “წარსცა ოქრო მრავალ ათასეული”….
მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი “გალობანი სინანულისანი” თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით, მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ქმნილი, და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს.
1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს, 52 წლის ასაკში შეწყდა დიდებული მეფის გულისცემა. ანდერძის მიხედვით, იგი  გელათის მონასტერში დაკრძალეს. საფლავის ქვაზე  ამოკვეთილია მეფის უკანასკნელი სურვილი: “ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მნთნავს: “აქა დავემკვიდრო მე”. ამქვეყნიური, წარმავალი დიდებულების უარყოფის უბადლო ნიმუში, სადა და უბრალოა დავით მეფის საფლავი…
საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ღვთის მცნებებით მცხოვრები და ქრისტიანობის დაცვისათვის “მესიის მახვილად” წოდებული, გაპარტახებული ქვეყნის კვლავ აღმშენებელი მეფე დავითი. დავითის ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) იქნა დაწესებული.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყველას გილოცავთ  წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და გაცნობებთ, რომ დღეს, დღის 3 საათზე მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდის საზეიმო პარაკლისს.
ტროპარი:   საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი:  ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.
08/02/18

0 Responses on წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>