ამაღლება

იესო ქრისტეს აღდგომიდან მე-40 დღეს, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღეს ზეიმობს. წმიდა სახარებებში მოციქულები მოგვითხრობენ თუ როგორ ეცხადებოდა მკვდრეთით აღმდგარი მოძღვარი თავის მოწაფეებს და 40 დღის განმავლობაში ღვთის სასუფევლისა და მათი სამომავლო ღვაწლის შესახებ მოძღვრავდა. წმიდა მამათა სწავლებით იგი მოწაფეებს „სასუფევლის საიდუმლოებებს“ აზიარებდა, რომელნიც მანამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

ახალი აღთქმა მოგვითხრობს, რომ აღდგომიდან მე-40 დღეს გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთად შეიკრიბნენ სახლში, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. მან შეკრებილთ სულიწმიდის მადლის მოფენა აღუთქვა. საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ წაიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, უკანასკნელი დარიგებები მისცა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. ამის შემდეგ იგი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლდა, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

გაოცებული მოციქულები ცად აღმავალ მოძღვარს შეჰყურებდნენ, რა დროსაც   მათ ორი თეთრად მოსილი კაცი ეჩვენა და უთხრა: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. I_თ, 11), მაცხოვრის მიერ აღთქმული სულიწმიდისა და ანგელოზთა დაპირებისამებრ ქრისტეს მომლოდინე მოწაფეები გალილეაში დაბრუნდნენ და მუდმივ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ.

აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა განუზომელია კაცობრიობისათვის. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა. ადამიანი შეუერთდა უხორცოთა დასს და მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. ქრისტეს კაცობრივი ბუნებით ამაღლების გამო ადამიანთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით მათზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება.

ამაღლების შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობდა ძველი აღთქმის ეპოქაში. დავით მეფსალმუნე ბრძნებს: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. XLIV, 5).

ამაღლების მოვლენა დაგვირგვინებაა იმ საღვთო, წინასაუკუნო განგებულებისა, რომელიც ზეციდან დაცემული ადამიანის კვლავ პირველ სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს. კაცობრივი ბუნებით ყველა გამოხსნილია, თუმცა პიროვნულ ამაღლებას ყოველი ადამიანი უფლის შეწევნითა და საკუთარი დაუღალავი ღვაწლით მიაღწევს. მაცხოვარმა ქვეყნად სამოღვაწეოდ დარჩენილ მის მორწმუნეთ სანუგეშო სიტყვები დაუტოვა ანდერძად და მარადის მათ გვერდით ყოფნა აღუთქვა: „და აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ ამინ!“ (მათე XXVIIIთ ,20).

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა  შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

16/05/18

0 Responses on ამაღლება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>