დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2018 წლის 27 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერისა და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე შედგა დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის  მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა. დაცვას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოს თავჯდომარე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, სასწავლებლის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი და ამავე ფაკულტეტის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე, არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერისა და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი, დეკნოზი იოსებ ვანიძე, მისი მოადგილე, დიაკონი გიორგი ვაშალომიძე და ამავე ფაკულტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად ტყემალაძე.

წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღანელები იყვნენ ხატწერისა და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური და ამავე კათედრის გამგის თანაშემწე ზაზა სუმბაძე. მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო ნაშრომისათვის განისაზღვრა ორი მიმართულება: ეს მიმართულებები წარმოადგენდნენ ერთი თემატიკის შემადგენელ ნაწილებს. 1) დაზგური ხატწერის მომზადება, რომლის საფუძვლადაც აღებულ იქნა ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მე-17 საუკუნის მოხატულობაში გამოსახული ასურელი მამების იკონოგრაფიული სახეები (იკონოგრაფიული სახეების შერჩევა მოხდა სტუდენტთა რაოდენობიდან გამომდინარე). კერძოდ, ნინო ძეგველაშვილმა აიღო წმიდა იოანე ზედაზნელი; თამთა თოიძემ – შიო მღვიმელი, გოგა გოგატიშილმა – ზენონ იყალთოელი; გვანცა გულბათაშვილმა – პიროს ბრეთელი; გიგა ლაზარეშვილმა – თათე მამებელი (თადეოზ სტეფანწმინდელი); ნინო სტურუამ – ანტონ მარტყოფელი; ნათია გაბისონიამ – მიქაელ ულუმბოელი; მღვდელმა სპირიდონ მუმლაძემ  – სტეფანე ხირსელი.  საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელებმა  სტუდენტებს დაუსახეს შემდეგი ამოცანა: გვიანდელი მონუმენტური ხატწერის ნიმუშების მიხედვით, XII-XIII საუკუნეების სტილისა და ფორმის დაცვით, შეიქმნას დაზგური ხატწერის ნიმუში. სტუდენტების ნამუშევრებში დაცული იყო დღემდე ჩვენთვის ცნობილი ხატწერის შესრულების ტექნოლოგია (ხის დაფა, ლევკასი-გრუნტი, პიგმენტები, შემაკავშირებელი ლაქი). 2) თემის მეორე ნაწილისთვის საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელისა და სტუდენტების მიერ შეირჩა ,,ვატობედის“ მონასტერში დაცული დაზგური ხატწერის მე-12 საუკუნის ნიმუში: მაცხოვრის ჯვარცმა და გარდამოხსნა. აღნიშნული თემის შესასრულებლად დაისახა ამოცანა: დაზგური ხატწერიდან შეიქმნას მონუმენტური ხატწერის შესაბამისი კომპოზიციები. კომპოზიციები შესრულებულ იქნა სპეციალურ მსუბუქ ზედაპირზე, რომელიც შეილესა შუა საუკუნეებში მიღებული კირისა და ქვიშის ხსნარის ორი ფენით. აღნიშნულ ზედაპირზე წინასწარ მომზადებული კალკა-რეკონსტრუქციის მეშვეობით გადატანილ იქნა გრაფიკული  ნახატი კომპოზიციებისთვის. სამუშაო პროცესში ესკიზები ფერში შესრულდა ქაღალდზე  და მხოლოდ ფრაგმენტები – კედელზე შელესილ გრუნტზე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ფრესკული კომპოზიციებისათვის მომზადებულ სიბრტყეზე ჩვენს ლაბორატორიაში დამზადებული პიგმენტებისა და კვერცხის ემულსიის საშუალებით მოიხატა აღნიშნული სცენები. დასრულებულ კომპოზიციაზე მხატვრობა მექანიკურად დაზიანდა. ამ დაზიანებაზე სტუდენტებმა ჩაატარეს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები: პრიმალის სამპროცენტიან ხსნარისა და იაპონური ქაღალდის მეშვეობით გამაგრდა საღებავის დაშლილი ფენები, ავთენტური მასალით შეივსო ბზარები, ქიმები და ნაკლული ადგილები. მხატვრული ტონირება გაუკეთდა მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციას. დასკვნის სახით დავძენთ, რომ სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებში მიღებული ორი მეთოდი: ჯვარცმის კომპოზიცია-მხატვრული ტონირებით, ხოლო გარდამოხსნა – ტონირების გარეშე.

წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომების დაცვაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ალევერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. მან აღნიშნა, რომ საბაკალავრო ნაშრომები იმსახურებენ უმაღლეს შეფასებას, სარესტავრაციო სასწავლო პროგრამა დახვეწილი და შედეგზე ორიენტირებულია, რისი ნათელი დასტურიცაა წარმოდგენილი ნამუშევრები. მიტროპოლიტის განცხადებით, სარესტავრაციო მიმართულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებად აღიარა ეკლესია-მონასტრები, მასში დაცული სიწმინდეები, ხატები, ფრესკები და ასე შემდეგ, რაც ნათლად არის  წარმოჩენილი საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესისას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში.

28/06/18

0 Responses on დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>