მცხეთობა – სვეტიცხოვლობა

                                                        დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და
სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა

ქართლის მეფე ადერკის გამეფებიდან ოცდამეათე წელს მცხეთელ ებრაელებს ანა მღვდელთმთავრის საგანგებო უწყება მოუვიდათ: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“.დღეს, ახალი სტილით 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია საუფლო კვართისა და ბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სრულიად საქართველოსთვის, ისე ზოგადად საქრისტიანოსთვის, ვინაიდან ამ დღეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ერი, ღმრთის განგებულებით, მაცხოვრის უკერველი კვართის წილხვდომილობის ღირსყოფას ზეიმობს. ხსენებული მოვლენის შესახებ დეტალურ აღწერილობას ვხვდებით საერო, საისტორიო, თუ საეკლესიო ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში.

ქართლიდან სინედრიონის საბჭოზე ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი იქნენ წარგზავნილნი. ელიოზის დედამ, რომელიც ლევიტელთა სამღვდელო ტომის წარმომადგენელი იყო, წასვლის წინ  შვილს სთხოვა, მონაწილეობა არ მიეღო მესიის სისხლის დათხევაში, რადგან მისი თქმით „ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, როდესაც მაცხოვარი გოლგოთის მთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის მიერ მაცხოვრის მიმსჭვალვის ხმები, „იკრჩხიალა“ და განცდილი ტკივილებით მყის აღესრულა.

როგორც წმ.იოანე ღმრთისმეტყველი სახარებაში გვამცნობს, მხედრებს ქრისტეს ზეით გამოქსოვილი კვართი, არ დაუნაწევრებიათ, არამედ, წმ.დავით მეფსალმუნის წინასწარმეტყველებისამებრ, მასზე წილი ყარეს: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფს.XXI). ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, კვართის განუყოფლობა კათოლიკე ეკლესიის ერთიანობის დაურღვეველობისა და მთლიანობის სიმბოლოა.

ღვთის განგებულებით და წყალობით კვართი იერუსალიმში ჩასულ მცხეთელ ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომელთაც იგი ქართლში წამოაბრძნეს. მცხეთაში მოსულ ელიოზს წინ მისი და, სიდონია შემოეგება, მაცხოვრის კვართი გულში ჩაიკრა და მოისმინა რა ძმისაგან იესო ქრისტეს ჯვარცმის საზარელი ამბავი,  სული განუტევა. მაცხოვრის კვართის ჩამობრძანების ამბავი მთელს ქართლში სწრაფად გავრცელდა. ადერკი მეფეს სურდა თავად შეემოსა იგი, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან  სიდონიას გაციებულ მკლავებს კვართი ვერავინ მოაშორა. ელიოზის და, სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. იმ ადგილას მალე კვიპაროსის ხე ამოვიდა. ოთხი საუკუნის შემდეგ, სასწაულებრივად მოქცეული წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, ხსენებული ხე ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს.  მოჭრილი ხიდან მირონის კეთილსურნელება იფრქვეოდა. ერთ-ერთი სვეტი, რომელიც სახილველად საკვირველი იყო, იქამდე ვერ აღუმართავთ, სანამ წმიდა ნინომ ლოცვა-ვედრება არ აღავლინა. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდმა სასწაულებრივად აღმართა სვეტი იმ ადგილას,  სადაც მაცხოვრის კვართი იყო დაკრძალული სიდონიასთან ერთად. ქართველთა მეორედ განმანათლებლისა და სულიერი დედის, წმიდა ნინოს ლოცვითა და მოციქულთა სწორის, მეფე მირიანის ხელშეწყობითა და ბრძანებით „სვეტიცხოვლის“ დიდებული და მადლმოსილი ტაძარიც სწორედ ამ სასწაულებრივ ადგილას აშენდა.

 

 

 

13/10/18

0 Responses on მცხეთობა - სვეტიცხოვლობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>