საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ახალი სტილით) აღნიშნავს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
დავითი, მეფე გიორგი მე-2-ის ძე, დაიბადა 1073 წ-ს სატახტო ქალაქ ქუთაისში. თექვსმეტი წლის იყო დავითი, როდესაც, მეფობის გვირგვინის სიმძიმე იწვნია, და იმ დღიდან მოკიდებული ოცდათექვსმეტი წლის მანძილზე სიბრძნით განაგებდა ქვეყანას.
დავითის გამეფების ჟამს სავალალო მდგომარეობაში იყო საქართველოში, აქ თურქ-სელჩუკები დათარეშობდნენ, მოსახლეობა მიუვალ მთებსა და ტყეებში გახიზნულიყო, ქართველი მეფის ხელისუფლება, პრაქტიკულად, ლიხს აქეთ არ ვრცელდებოდა. დავითი ენერგიულად შეუდგა საქმეს, უპირველეს ყოვლისა მან გაქცეული მოსახლეობა დააბრუნა ბარში. შემდეგ, 1104 წ-ს მოიწვია ცნობილი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რათა განეწმინდა ეკლესია უღირს პირთაგან და განემტკიცებინა მართლმადიდებლობა. კრებაზე წარმოთქმული სიტყვები ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და ჩვენს მარადიულ დევიზად იქცა: ,,არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო, მართლმადიდებლობავ.”
,,სულიერი ლაშქრის” სიწმინდეს ხორციელი ლაშქრის სიძლიერე უნდა მოჰყოლოდა _ მეფემ ,,განამრავლა სპანი,” ჯარს წვრთნიდა და გამარჯვების რწმენას უნერგავდა. მეფემ, ამასთან, ლაშქრის სწრაფი მოძრაობის უზრუნველსაყოფად ააგო ხიდები მდინარეებზე და ,,საწყინოდ სავალნი გზები ქვა-ფენილ ყვნა.” საქართველოს გაერთიანებისათვის მზადება მეფემ შინაური მტრების ალაგმვითა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებით დაიწყო. ღვთის წყალობას მინდობილი ქართველთა ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. თავად მეფე აძლევდა ბრძოლაში სიმამაცის მაგალითს ლაშქარს. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხეზე ამხედრებულს დაუსრულებია ბრძოლა. ამის შემდეგ თურქეთის სულთანმა მუჰამედმა ასი ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. დავითი მცირე მხედრობით ეკვეთა მტერს და ,,შეწევნითა ღმრთისაჲთა იძლია ბანაკი თურქთა.”
ქართველებს კვლავ არაერთი დიდი თუ მცირე ბრძოლა გადახდათ, მაგრამ ბრწყინვალე გამარჯვებების მიუხედავად მეფე მიხვდა, რომ საჭირო იყო მუდმივმოქმედი არმიის შექმნა. ამ მიზნით დავით აღმაშენებელმა ორმოცი ათასი ყივჩაღი ჩამოასახლა საქართველოში.
ქართველთა გამარჯვებებით შეშფოთებული მთელი მაჰმადიანური სამყარო გაერთიანდა და 1121 წლის აგვისტოში 300 000-იანი ლაშქარი გულად ამირა ელღაზის სარდლობით საქართველოში შემოვიდა, დაიკავეს მანგლისი და დიდგორი. დავითს 60 000 მეომარი ჰყავდა, მან ისე განალაგა მეომრები, რომ უთანასწორო ბრძოლაში უვნებლად დაეცვა ისინი.12 აგვისტოს დიდგორის ველზე გაიმართა ბრძოლა. დავითი პირველი ეკვეთა მტერს, ,,ხელი მაღლისაჲ შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულთა. რამეთუ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი აღიარებდეს და მოუთხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა.”
დიდგორთან გამარჯვებამ მტერი წელში გაწყვიტა. ამას მოჰყვა მომდევნო წელს თბილისის გათავისუფლება ოთხასწლოვანი ტყვეობიდან, და შემდეგ დმანისის შემოერთება, რითაც დასრულდა საქართველოს გამთლიანება.შემდგომ წლებში დავითმა გაათავისუფლა ანისი და შირვნი, და საქართველოს საზღვრები გადაიჭიმა ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე.”
დავით აღმაშენებელი დიდი მწიგნობარიც იყო. ფრიად განსწავლულ მეფეს ლაშქრობაშიც თან დაჰქონდა წიგნები. თავადაც წერდა, მის კალამს ეკუთვნის “გალობანი სინანულისანი” _ ღრმა სულიერებით აღბეჭდილი საგალობელი. მეფე დიდ ყურადღებას უთმობდა განათლებას, ახალგაზრდებს სასწავლებლად უცხოეთის საუკეთესო სკოლებში აგზავნიდა. 1106 წ-ს კი ქუთაისში დააარსა გელათის აკადემია, რომელიც, მისივე სიტყვით, უნდა ქცეულიყო ,,მეორედ იერუსალიმად და სხუად ათინად.”
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 52 წლისა, 1089 წ-ს. უდიდესი ღვაწლის გამო ქრისტიანობის წინაშე მეფე დავითს ისტორიამ “აღმაშენებლისა” და “მესიის მახვილის” ეპითეტი დაუმკვიდრა.
0 Responses on წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე"