2015 წლის 2-7 სექტემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში (Cluj-Napoca) ჩატარდა მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალი, რომელშიც 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტები – გურამ ლურსმანაშვილი და ივანე შოშიაშვილი. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე გურამ ლურსმანაშვილმა მონაწილეთა სახელით რუმინულ ენაზე მიმართა ქვეყნის პატრიარქს, წმიდა სინოდს, საზოგადოებას.
თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები ფესტვალის ფარგლებში შეხვდნენ უნეტარეს დანიელს, კლუჟის მიტროპოლიტ ანდრეის, წმინდა სინოდის სხვა წევრებს და ისაუბრეს ორ ეკლესიას შორის არსებულ ძმურ ურთიერთობაზე. რუმინელმა სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი უდიდესი მოკრძალება, პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს.
ახალგაზრდა მართლმადიდებლებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინტერაქტიულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებაში. ქართველი სტუდენტები დაესწრნენ არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუს მოხსენებას და ჩაერთნენ დისკუსიაში, სახელწოდებით ,,თანამედროვე ოჯახი და ქრისტიანული ფასეულობები“.
ფესტივალის დახურვამდე უნეტარესმა დანიელმა აღავლინა საზეიმო წირვა, დალოცა ფესტივალის მონაწილენი და გამოთქვა იმედი, რომ კვლავ შეხვდებოდა მათ.
0 Responses on სემინარიის სტუდენტები რუმინეთში, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალზე"