ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში

დღეს, 25 მარტს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმით აღნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენის წლისთავს. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი გადაიხადა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. ღვთისმსახურებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, აკადემიის თანამშრომელი მოძღვრები და სიონის საკათედრო ტაძრის სხვა სასულიერო პირები.

საზეიმო პარაკლისს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი, ბატონი ნოდარ ხადური, იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, განათლების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ლადო პაპავა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი სერგო ვარდოსანიძე, თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები უცხოეთიდან.

მისმა უწმინდესობამ საზეიმო ლოცვის აღვლენის წინ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, მრევლს მოუთხრო მისი მოპოვების, დაკარგვისა და აღდგენის ისტორია.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვა

არსებობს ისეთი მოვლენები, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მთელი ჩვენი ისტორიის მსვლელობაზე. ასეთი მოვლენების რიგს მიეკუთვნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადება. საქართველოს ეკლესიამ დამოუკიდებლობა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს მოიპოვა. მაშინ ანტიოქიის ეკლესიის კრებამ მიანიჭა თავისუფლება და ავტოკეფალია საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს. ანტიოქიის პატრიარქის, პეტრეს, ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიის პირველი კათოლიკოსი გახდა პეტრე.
ავტოკეფალია შეიქნა ის საფუძველი, რომელზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, მას დაეფუძნა საქართველოს მთელი ისტორია, განაპირობა საქართველოს მომავალი. თუმცა, საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვება უცბად არ მომხდარა. მაგალითად, მირონის კურთხევის უფლება ჩვენმა ეკლესიამ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ მოიპოვა. ხოლო ეკლესიის მეთაურს პატრიარქის წოდება XI ს-ის დასაწყისში მიენიჭა, საქართველოს ეკლესიის პირველი კათოლოკოს-პატრიარქი გახდა მელქისედეკ I. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გაგრძელდა 1801 წ-მდე. ამ წელს შეწყდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო ანტონ II, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ს ძმა. მან კიდევ ათი წელი გაუძლო სასტიკ ზეწოლას და 1811 წ-ს იგი გაიწვიეს პეტერბურგში, თითქოს და, პატივი მიაგეს, რადგან შეიყვანეს რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრთა რიგში. სინამდვილეში კი ეს იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების აქტი. ანტონ II ცრემლით დაემშვიდობა სვეტიცხოველს, ის ხვდებოდა, რომ ვეღარასდროს ეღირსებოდა სამშობლოში დაბრუნებას. შემდგომში იგი გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც კიდევ თექვსმეტი წელი დაჰყო და აქვე გარდაიცვალა კიდეც.
როდესაც მე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, წერილობით ვთხოვე ნიჟნი ნოვგოროდის, მაშინდელი ქალაქ გორკის, მთავარეპისკოპოსს, გაეგო,თუ რა მდგომარეობაში იყო ანტონ II-ის საფლავი. პასუხად მომივიდა, რომ აღარც საფლავი არსებობდა და აღარც ტაძარი, რადგან კომუნისტებს აეფეთქებინათ ის. მაგრამ ჩვენი ვალია, მაინც ვეძიოთ ანტონ II-ის საფლავი, შესაძლებელია, ტაძრის განადგურებამდე ის სადმე გადაასვენეს. ასე რომ, ეს მკვლევარების სამომავლო სამუშაოა.
ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიას ცხრამეტი ეგზარქოსი მართავდა, მათგან მხოლოდ პირველი, ვარლამ ერისთავი იყო ეროვნებით ქართველი. თუმცა ავტოკეფალიის აღდგენის სურვილი არასდროს შეწყვეტილა. 1917 წელს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა: კირიონმა (საძაგლიშვილი), ლეონიდემ (ოქროპირიძე), კალისტრატემ (ცინცაძე) და ამბროსიმ (ხელაია) ჩაატარეს კრება და აღადგინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს იყო დღევანდელ დღეს, 25 მარტს. საოცარია, რომ, უფლის განგებით, ოთხივე მათგანს მოუხდა საქართველოს ეკლესიის მეთაურის, პატრიარქობის უმძიმესი ტვირთის ზიდვა. დღეს ჩვენ ვასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და ვიხსენებთ ამ თავდადებულ ადამიანებს, რომელთაც დიდი ღვაწლი გასწიეს ავტოკეფალიის აღსადგენად.
მაგრამ წინ კიდევ მრავალი სირთულე იყო: თითქმის არც ერთმა ეკლესიამ არ ცნო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. ასე გაგრძელდა 1990 წლამდე. 25 წლის წინ ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვმართავდით მსოფლიო პატრიარქთან. მსოფლიო პატრიარქი თვლის, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიას გააჩნია. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მსოფლიო პატრიარქს ახლად კი არ უნდა მიენიჭებინა დამოუკიდებლობა ქართული ეკლესიისათვის, არამედ – ეცნო ძველი დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ჩვენ რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა კონსტანტინოპოლშიც, საქართველოშიც. ბოლოს ჩამოვიდა დელეგაცია თბილისში, მაშინაც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მე გამოვაცხადე, რომ თუ ძველად მინიჭებული ავტოკეფალია არ იქნებოდა აღიარებული, ჩვენ დამოუკიდებლობის სხვაგვარი ცნობა არ გვინდოდა. ფაქტიურად, ასე ჩაიშალა ეს ხანგრძლივი მოპაპარაკების პროცესი. მსოფლიო პატრიარქის დელეგაცია უკვე მოსკოვში მიემზავრებოდა, თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ მათ ტელეფონით დარეკეს და მიიღეს ჩვენი წინადადება.გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს გადმოგვცემდნენ სათანადო სიგელს. ჩვენ გავემგზავრეთ კონსტანტინოპოლში და მივიღეთ ეს სიგელი. აი, ასეთი რთული წინააღმდეგობები გადალახა ჩვენმა ეკლესიამ დამოუკიდებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს და შევთხოვთ, უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა განამტკიცოს ეკელსია და ერთ ჩვენი მშვიდობით! დიდება და მადლობა უფალს, დიდება იმ ადამიანებს, რომლებიც იღვწოდნენ და თავი დასდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.

Friday March 25th, 2016

0 Responses on ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>