9 ნოემბერს ჩვენს დედაქალაქს ეწვია მომლოცველთა ცხრაკაციანი ჯგუფი ქალაქ პენზის სასულიერო სემინარიიდან: დეკანოზი ვადიმ ერშოვი – პენზის სასულიერო სემინარიის პრორექტორი, მღვდელი მაქსიმ კუზნეცოვი და სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები. მათი მიზანია, მოილოცონ თბილისის და მცხეთის წმინდა ადგილები, და ამასთან, გააფორმონ ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან.
11 ნოემბერს დელეგაცია მობრძანდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. ოფიციალურ შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, სწავლული მდივანი, პროფესორი ლეილა გეგუჩაძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ნატროშვილი, აკადემიის სულიერი მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, აკადემიის გაზეთის რედაქტორი გივი შეყილაძე, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი, არქიტექტურის, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, აკადემიის კათედრებისა და სხვა სამსახურების ხელმძღვანელები.
მისალმების შემდეგ აკადემიის პრორექტორმა ბესარიონ ცინცაძემ სტუმრებს წარუდგინა მასპინძლები და მოკლედ გააცნო ჩვენი აკადემიისა და სემინარიის ისტორია. სასულიერო განათლების ფესვები საქართველოს შორეულ წარსულში იკარგება, ჩვენი დღევანდელი აკადემია სწორედ იმ უძველეს პრინციპს ეფუძნება, რითაც თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ გელათის აკადემიის მესვეურები: “ახალი იერუსალიმი, მეორე ათინა,” რაც გულისხმობს სულიერებისა და ცოდნის ჰარმონიულ ერთობას. დღეს თბილისის სასულიერო აკადემიას გააჩნია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და დოქტორანტურის მიმართულებები. ამასთან, ჩვენი სასწავლებელი ღიაა სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების სასწავლებლებთან ურთიერთობისათვის, ეს ხელს უწყობს სამეცნიერო მუშაობის განვითარებას. ჩვენი სტუდენტები იგზავნებიან პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში, ათენში. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მზად არის, ორმხრივი, სასარგებლო ურთიერთობა დაამყაროს პენზის სასულიერო სემინარიასთან.
პენზის სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ვადიმ ერშოვმა მოკლედ მოგვითხრო პენზის სასულიერო სემინარიის ისტორიის შესახებ, სასწავლებელი დაარასებულია 1800 წელს. მრავალი მისი კურსდამთავრებული საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწე გახდა, მათ შორისაა, მაგალითად, კომპოზიტორი არხანგელსკი, ვისი საგალობლებიც დღემდე ჟღერს საღმრთო მსახურებისას, ცნობილი მისიონერი და მქადაგებელი ილმინსკი, რომელიც ქადაგებდა ქრისტიანობას თათართა და სხვა ხალხებს შორის, ცნობილია წმინდა წერილის მისეული თარგმანი თათრულ ენაზე, გამოჩენილი ისტორიკოსი კლუჩევსკი და მრავალი სხვა. მე-20 ს-ის 30-იან წლებში სემინარია დახურეს. მაგრამ 2000 წელს ხელახლა გაიხსნა ჯერ სასწავლებლის სახელწოდებით, შემდგომში – კვლავ სემინარიისა. სამწუხაროდ, სემინარიულ განათლებას სახელმწიფო არ ცნობდა, ამიტომ უწმინდესმა რუსეთის პატრიარქმა სასულიერო სასწავლებლებს მისცა აკრედიტაციის მიღების ლოცვა-კურთხევა, და ჩვენი სასწავლებელი გახდა პირველი სემინარია ქვეყანაში, რომელმაც მიიღო აკრედიტაცია და ამგვარად ჩაერთო რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო სპექტრში. ეს იყო 3 წლის წინ, ახლა ვემზადებით მაგისტრატურის მისაღებად.
გვინდა გამოვთქვათ ჩვენი სიხარული, რომ ვიმყოფებით უძველეს ქრისტიანულ მიწაზე, ეს არის კავკასიის ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, გუშინ მოვილოცეთ მცხეთა, მივეახლეთ მრავალ სიწმინდეს, ვხედავთ, თუ რაოდენ დიდია მოსახლეობის სარწმუნოება აქ. ჩვენ, რასაკვირველია, ბევრი რამ ვიცით საქართველოს შესახებ, ჯერ კიდევ სკოლიდან, მაგრამ კიდევ მეტის გაგება გვწყურია. ამიტომაც იდება ეს ხელშეკრულება. არსებობს ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა სასწავლო დაწესებულებებს შორის, მაგალითად, რუსეთში არის ე.წ. Рождественские Чтения (საშობაო საკითხავები), რომელიც ტარდება მოსკოვში, მაგრამ მანამდე თითოეულ ეპარქიაში წინასწარ ეწყობა საშობაოდ მოხსენებების კითხვა. ჩვენ ნოემბრის ბოლოს გავმართავთ ამ ღონისძიებას. 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ (ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას) უამრავი ტანჯვა მოუტანა ხალხებს, სრულდება ამ ბნელი თარიღის 100 წლისთავი, და ჩვენი მოხსენებების თემაც იქნება “1917- 2017 – ისტორიის გაკვეთილები.” გასულმა მე-20 საუკუნემ მრავალი მოწამე შვა, მაგრამ ტრაგიზმთან ერთად ეს მოვლენა ეკლესიის გაფართოებასაც ნიშნავს, ეკლესია, ხომ, სწორედ მოწამეთა სისხლზე დგას. აი, ჩვენ შეგვძრა ასი ათასი მოწამის ამბის გაგებამ, ამიტომ კიდევ უფრო მჭიდრო სიახლოვე გვსურს თქვენთან, და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ჩვენთან ურთიერთობა.
ქალბატონმა ლეილა გეგუჩაძემ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სახელით სტუმრებს შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი აკადემიის პროფესორთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მარტის ბოლოს.
მამა ბესარიონმა ჩვენი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სახელით პენზის დელეგაციას საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ხატი, ხოლო თითოეულ სტუმარს გადაეცა წიგნი Житие Святой Равноапостольской Нины. ამ კრებულის შემდგენელ-რედაქტორია მაკა ჩხაიძე, რუსული ტექსტის რედაქტორი – ლალი ხუჭუა, გამოცემულია 2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით.
პროტოპრესვიტერმა ვადიმმა მადლობა გადაიხადა ძვირფასი საჩუქრებისათვის, და თავის მხრივ, თბილისის სასულიერო აკადემიას გადასცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, ასევე – წიგნები პენზის ეპარქიის შესახებ, ხოლო თითოეული დამსწრე პირი დასაჩუქრდა წმინდა ინოკენტის ხატით. წმინდა ინოკენტი მე-19 საუკუნის მოღვაწეა, მიტროპოლიტ ფილარეტ დროზდოვის მეგობარი და თანამებრძოლი, განსაკუთრებით ის ერესების წინააღმდეგ ილაშქრებდა, მისი წმინდა ნაწილები დასვენებულია პენზის სასულიერო სემინარიის ტაძარში.
შეხვედრის დასასრულს დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და დეკანოზმა ვადიმ ერშოვმა ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და პენზის სასულიერო სემინარიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
0 Responses on შეხვედრა პენზის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებთან"