წელს, ახალი სტილით 25 მარტს, შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის სასულიერო აკადემიაში 24 მარტს ჩატარდა კონფერენცია. სხდომა გახსნა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მოკლედ ისაუბრა ავტოკეფალიის აღდგენის უდიდეს მნიშვნელობაზე ჩვენი ეკლესიის, მთელი ერის ცხოვრებაში.
კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ბატონებმა: ელდარ ბუბულაშვილმა – სასულიერო აკადემიის დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელმა და სერგო ვარდოსანიძემ – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ. ბ-ნმა ელდარ ბუბულაშვილმა მოგვითხრო ჩვენი წინაპრების დიდ წადილსა და ძალისხმევაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად ერთმანეთის მხარდამხარ იღწვოდნენ სასულიერო და საერო პირები. და ამ საქმისათვის მათი რთული და ხანგრძლივი შრომა დაგვირგვინდა 1917 წლის 12 (ახალი სზტილით 25) მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამოცხადებით.
ბ-ნი სერგო ვარდოსანიძის მოხსენება ეხებოდა ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიას, კერძოდ, ბრძოლას ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის. უნდა ითქვას, რომ არანაკლებ რთული იყო ამ აღიარების მოპოვება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მსოფლიო პატრიარქის მხრიდან. ამ საქმეში იკვეთება ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის განსაკუთრებული როლი. ეს საქმე საბოლოოდ, წარმატებით სწორედ მისი ავტორიტეტისა და ძალისხმევის წყალობით დაგვირგვინდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რუსთავის მიტროპოლიტი იოანე, საქართველოს საპატრიარქოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მეუფე იონემ ისაუბრა ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ეკლესიისათვის, ისაუბრა ჩვენი პატრიარქის უდიდეს და მრავალმხრივ ღვაწლზე, განსაკუთრებით გამოჰყო უწმინდესის გაბედულება და შეუპოვრობა. უწმინდესი ყოველთვის იმაღლებდა ხმას უსამართლობის წაინააღმდეგ მაშინ, როცა სხვები დუმდნენ (“უფალსა ვესავ, არა მეშინოდეს, რაი მიყოს მე კაცმან”).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიაში ბ-ნი რექტორის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.
ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/pg/tsas.edu.ge/photos/?tab=album&album_id=760367880797522
0 Responses on საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია"