ანდრიაობა – წმიდა ანდრია მოციქული საქართველოში

დღეს, ახალი სტილით 12 მაისს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავს. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, წმიდა მოციქული უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მისი პირველი მისიონერული მოგზაურობის პერიოდში ჩამობრძანდა (I ს.) და ქრისტეს სარწმუნოება იქადაგა.

წმიდა ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და გალილეის ტბაში თევზაობით იქცევდა თავს. გადმოცემის თანახმად, იგი თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო, შემდეგ კი – იესოსი. რადგან ის ქრისტეს მოწაფეთა შორის პირველი იყო, ამიტომ მოიხსენიებენ მას ანდრია პირველწოდებულად. ანდრია მოციქულის საქართველოში შემობრძანებისა და აქ ეკლესიის დაარსების შესახებ ამგვარ ცნობას გვაწვდის ქართლის ცხოვრება: „მოვიდა … ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არაწმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადაცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღესცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნივე ყოვლითკერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელსცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა”. წმიდა ანდრია მოციქულმა უფლის ერთგულებით მრავალ ქვეყანაში იქადაგა ქრისტიანობა. თავისი სამოციქულო მოღვაწეობა მან საბერძნეთში დაასრულა, სადაც წარმართი მთავრის ბრძანებით ჯვარზე თოკებით გააკრეს. ორი დღე ჯვრიდან ქადაგებდა მოციქული ქრისტეს სახარებას და ბოლოს ჯვარზევე აღესრულა მოწამეობრივად.

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

Friday May 11th, 2018

0 Responses on ანდრიაობა - წმიდა ანდრია მოციქული საქართველოში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>