დღეს, ახალი სტილით 27 მაისს, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფნობის დღესასწაულს აღნიშნავს. სულთმოფენობა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, აღდგომიდან ორმოცდამეათე და ამაღლებიდან მეათე დღეს აღინიშნება. ის ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ღრმა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. საღვთო განგებულებით სულთმოფენობა ძველაღთქმისეულ ერგასობის დღესასწაულს დაემთხვა, რაც მოსეს მიერ ისრაელისათვის საღვთო სჯულის გადაცემასა და ამ გზით ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსებას უკავშირდება. ძველაღთქმისეულ ერგასობის დღეს უფლის მიერ მოციქულებზე სულიწმიდის მადლის მოფენით, ერთის მხრივ, აღსრულდა მაცხოვრის დანაპირები, რომ მოუვლენდა მათ ნუგეშინისმცემელს, რომელიც მათი მასწავლებელი და წინამძღოლი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა _ დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია.
სულთმოფენობასთან დაკავშირებით წიგნში “საქმე მოციქულთა” ვკითხულობთ: „აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!“ (საქმე 2; 1-4).
სინას მთაზე სჯულის მიღების მოსაგონებლად დაწესებული დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ებრაულები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. სწორედ ამით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ სულთმოფენობა ხალხმრავალ გარემოში აღსრულდა. ესეც საღვთო განგებულება იყო. სულიწმიდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა და ისინი ერგასობის დღესასწაულზე შეკრებილი სხადასხვაენოვანი იუდეველებისათვის (მიუხედავად იმისა ეთნკური ებრაელები იყვნენ თუ პროზელიტები) მათთვის გასაგებ და ნაცნობ ენაზე აამეტყველა. სულიწმიდის ცეცხლოვანი ენით გარდამოსვლას წმიდა მამათა განმარტებით დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ენა ღმრთის სიტყვის მთელ სამყაროში ქადაგებასა და განვრცობას მიანიშნებდა, ხოლო მისი ცეცხლოვანი სახით გამოჩენა კი _ იმას, რომ ღმრთის სიტყვით წარიხოცებოდა და დაიწვებოდა ყოველი ცოდვა და ბოროტება
ამ დღეს ყველა ეკლესიას განსაკუთრებულად რთავენ სხვადასხვა ყვავილებითა და მცენარეებით. ეს ტრადიციაც ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს და კვლავ ერგასობას უკავშირდება. სამყაროს შემოქმედი უფლისადმი მადლიერებას ძველი აღთქმის ისრაელი სჯულის მოცემის დღეს პირველი ნაყოფის შეწირვით გამოხატავდა, რაც ახალი აღთქმის ეკლესიაში ხსენებული ტრადიციის სახით დამკვიდრდა. ამ დღეს, ღრთისმსახურების დროს, მორწმუნეთა მიერ მომზადებული თაიგული და მის შუაგულში დანთებული სანთელი სიმბოლურად სამყაროსა და მასზე მოფენილ სულიწმიდის მადლს განასახიერებს.
სულთმოფენობის დღეს იკითხება სპეციალური ლოცვები მუხლთდრეკისათვის. გარდა ამისა, ამ დღიდან ყველა საღვთისმსახურო რიტუალი სულიწმიდის მოწვევის სპეციალური ლოცვის „მეუფეო ზეცათაო“-ს წარმოთქმით იწყება.
0 Responses on სულთმოფენობა"