მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდგომ ღვთისმგმობი იუდეველები და რომის იმპერიის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ ხსოვნა ყველაფერისა, რაც იესო ქრისტეს უკავშირდებოდა, მათ შორის იმ ადგილებისაც, სადაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა და დიდებით აღდგა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იმპერატორ ადრიანეს (117-138) ბრძანებით, გოლგოთის მთა და ქრისტეს საფლავის ადგილი მიწით დაფარეს, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას, ტაძარი და იუპიტერის კერპი აღმართეს.
IV საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ბრძოლის წინ ცაზე სასწაულებრივად გამოსახული ჯვრის ხილვისა და უფლისმიერ უწყებული ჯვრის ძალით გამარჯვების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, მოეძებნა ის ჯვარი, რომელზეც კაცობრიობის მხსნელი ეცვა. მან ამ მიზნით იერუსალიმში თავისი კეთილშობილი დედა, დედოფალი ელენე გაგზავნა, რომელსაც პატრიარქ მაკართან წერილიც გაატანა, სადაც სთხოვდა, რომ ხელი შეეწყო ამ წმინდა საქმისთვის. ნეტარი ელენე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა, ამაოდ. ბოლოს ერთი მხცოვანი იუდეველის – იუდას მეშვეობით გაცხადდა დაფარული. იუდამ დედოფალს სავარაუდო ადგილი მიუთითა. აღნიშნული ადგილი გათხარეს. სწორედ ამ ადგილას აღმოჩნდა მაცხოვრის საფლავი, სამი ჯვარი, დაფა სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი. იმის დასადგენად, თუ რომელი მათგანი იყო უფლის ცხოველსმყოფელი ძელი, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. შეკრებილთა თვალწინ მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის სახილველად იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ ჯვართან მიახლება და მისი ნახვა შეუძლებელი გახდა. ხალხმა პატრიარქ მაკარს სთხოვა, ჯვარი ყველასთვის დასანახად ჰაერში აემაღლებინა. მღვდელმთავარი ასეც მოიქცა, ხალხმა კი ხადილით წარმოთქვა: „უფალო, შეგვიწყალენ“. მათ კრძალვით თაყვანი სცეს ამ დიდ სიწმინდეს. ამ მოვლენის დროს მრავალი სნეული განიკურნა, მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა კი ქრისტე ღმერთი ირწმუნეს და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსიც გახდა და იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას მოწამებრივად აღესრულა (ხს. 28 ოქტომბერს).
წმიდა ელენე დედოფლის სურვილით მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ადგილებში ტაძრები ააგეს. აშენდა ოთხმოცზე მეტი ეკლესია. იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობაც, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათი წლის განმავლობაში შენდებოდა და 335 წლის 13 სექტემბერს იკურთხა. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.
ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა: 14 წლიანი ტყვეობის შემდეგ ამ დიდი სიწმინდის სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნება. როგორც ცნობილია, იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ, ბიზანტიელთა მხედრობა დაამარცხა, იერუსალიმი დაარბია, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი გაიტანა და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. წმინდა ჯვარი 14 წელი სპარსეთში იმყოფებოდა. ეს დიდი სიწმინდე მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) ხოსრო დაამარცხა და მის ძესთან საზავო ხელშეკრულება დადო. ცხოველსმყოფელი ძელი იერუსალიმში დიდი ზეიმით შეაბრძანეს. სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული იმპერატორი ჰერაკლე სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ გაუძღვა. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც გოლგოთაზე ამსვლელებს უნდა აევლოთ, მეფე მოულოდნელად შედგა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. წმ. ზაქარიამ მეფეს აუხსნა, რომ მას წინ უფლის ანგელოზი ეღობებოდა. მისი თქმით, კაცობრიობის გამოსყიდვის მიზნით განკაცებულმა უფალმა გოლგოთაზე სვლისას ეს წმინდა ჯვარი სიმდაბლით ატარა, შესაბამისად ჰმართებდა მეფესაც. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ჰერაკლემ გვირგვინი მოიხსნა, მან სამეფო მანტიაც გაიხადა და უბრალო ტანსაცმლით მოსილმა დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.
ტროპარი: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქუეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა“!
კონდაკი: „რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა, და ძლევა მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლადძლიერი.“
0 Responses on ჯვართამაღლება"