7 დეკემბერი, ვფიქრობ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, ისე შევა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში. ეს დღე იქცა საოცარი სულიერი კავშირის დამყარების დღედ ჩვენსა და ჩვენი გარდაცვლილი პედაგოგებისა და სტუდენტების სულებს შორის, სინერგიად, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს ჩვენი პატრიარქი, როდესაც გვაძლევს კურთხევას, ხშირად გავიხსენოთ ჩვენი წინაპრები და უფალს შევავედროთ ისინი. ის განწყობა, რაც ამ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სუფევდა, ჩემთვის, პირადად, იყო აბსოლუტური განცდა ჩვენი და ამქვეყნიდან გასული ძვირფასი ადამიანების ერთიანობისა, მათი ჩვენთან ყოფნისა… ყოველთვის მძიმეა წასულებზე საუბარი, მაგრამ 7 დეკემბერს ჩატარებულმა დიდმა პანაშვიდმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამ შეიძლება ყველაზე ქმედითად უწამლოს ადამიანის ამქვეყნიდან გასვლის ტკივილს… ინიციატორი ამ დღისა, ისევე როგორც ბევრი სხვა სასიკეთო სიახლისა აკადემიისა და სემინარიის კედლებში, არის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რისთვისაც მე მას მადლობას ვუხდი.
ყველა წასული იმსახურებს დარჩენილებისაგან გახსენებასა და ლოცვას მათი სულებისათვის, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს პანაშვიდი ჩატარდა, განსაკუთრებით არიან ამისი ღირსნი: მათ სრულად გაითავისეს და შეასრულეს ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სურვილი, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოვლმხრივ ღირსეული სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები აღზრდილიყვნენ – ამ სასწავლებელში უნდა მომხდარიყო რწმენისა და ცოდნის გაერთიანება, გამთლიანება, სამღვდელოებისა და სამოქალაქო პირების, მეცნიერების თანამშრომლობა და ერთიანი ძალისხმევით ძალიან მაღალი მიზნის მიღწევა. ვინც დღეს კარგად იცნობს სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, ალბათ, დამეთანხმება, რომ უკვე გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით.
ჩვენ ჩამოვთვალეთ ის ადამიანები, რომელთა სულის საოხადაც ჩატარდა სიონის საკათედრო ტაძარში დიდი პანაშვიდი. მინდა, ზოგიერთი მათგანი, რის საშუალებასაც გადაცემის ფორმატი გვაძლევს, სახელდებით გავიხსენო…
ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე – ეს უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც დღეს მთაწმიდაზე განისვენებს, – ჩვენი კოლეგა იყო წლების მანძილზე. ყოველი შეხვედრა მასთან იყო იმის უტყუარი გარანტია, რომ რაიმე ახალსა და მნიშვნელოვანს შემატებდი შენს ცოდნას, მოისმენდი ბაჩანა ბრეგვაძის უაღრესად საინტერესო შეფასებასა და კომენტარს…
ბატონი რეზო სირაძე, რომელიც ჩემთვის, შინაგანი განცდის დონეზე, უახლოესი ადამიანი იყო – მართალია, ჩვენ სხვადასხვა თაობას ვეკუთვნოდით – ის ჩემი პედაგოგი იყო უნივერსიტეტში, მაგრამ იმდენად ვაფასებდი მის პიროვნულ თვისებებს და იმას, თუ როგორი სიღრმით, ემოციებითა და უშუალობით გვაცნობდა ჩვენს წარსულსა და ამ წარსულის დიდებულ სახეებს, რომ ეს წლები იკარგებოდა და მის მეგობრად ვგრძნობდი თავს.ბატონი რეზოს ბუნებასთან ძალიან ახლოს იყო სფერო, რომლის კვლევასაც მთელი სიცოცხლე უძღვნა. შეიძლება ამიტომაც დაემსგავსა მისი აღსასრული ჩვენი წამებული წინაპრების მიერ განვლილ გზას…
ბატონი ზურაბ სარჯველაძე – მისი გახსენებისას, ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ სხვასაც თვალწინ წარმოუდგება ადამიანი, რომლისთვისაც არსებობა მისი საქმის – ძველი ქართული სამწერლობო ძეგლების კვლევის გარეშე, წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ მიზეზით დააჩქარა მან თავისი აღსასრული და ჯანმრთელობის დაზოგვას არჩია ბოლომდე დახარჯულიყო თავის საყვარელ საქმეში…
ბატონი გურამ ბედოშვილი – ადამიანი, რომელიც სიკეთეს ასხივებდა და თუ არა მისნაირი პიროვნებები, ვინ უნდა უზრდიდეს ქვეყანას იმ სასულიერო პირებს, რომელთა ზნეობასა და მორალზე არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი…
ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წავიდა ჩვენგან – ღრმა განათლებასა და ერუდიციასთან ერთად, გაოცებას იწვევდა მისი ორატორული ნიჭი, ის, თუ როგორ შეეძლო მას მოეთხრო და გაეცოცხლებინა მსმენელის თვალწინ ჩვენი ისტორია…
არ შემიძლია არ ვახსენო ქალბატონები – გულნაზ კიკნაძე, ციალა ქურციკიძე და ლამარა ქაჯაია. ეს ადამიანები ძალიან მომზადებულები მოვიდნენ თავის დროზე სასულიერო აკადემიაში – მათ ხელნაწერთა ინსტიტუტის დიდი სკოლა ჰქონდათ გავლილი ბატონი ილია აბულაძისა და ქალბატონი ელენე მეტრეველის გვერდით. სამივემ დატოვა კვალი სასულიერო აკადემიაში: ლამარა ქაჯაია – ხანმეტი ტექსტების მკვლევარი – ისეთი ცოდნითა და ემოციით მოუთხრობდა სტუდენტებს სასულიერო მწერლობის უძველესი, ხანმეტი ძეგლების შესახებ, რომ შეუძლებელი იყო მათში ეროვნული სიამაყის დიდი გრძნობა არ გაეღვივებინა. გულნაზ კიკნაძის მიერ მომზადებულმა უმნიშვნელოვანესმა ძეგლმა – წმ. გრიგოლ ნოსელის “ქება ქებათას” განმარტებამ, რომელიც ქართულ ენაზე წმ. გიორგი მთაწმიდელმა გადმოიღო და, ფაქტიურად, მთელი წმიდა წერილის განმარტებაა, სწორედ სასულიერო აკადემიის გამომცემლობის მეშვეობით იხილა დღის შუქი. ქ-ნი ციალა ქურციკიძის ღრმა ცოდნა ძველი ქართული ენისა ძალიან დააკლდა სასწავლებელს…
დაბოლოს, თქვენთან სტუმრობა მინდა გამოვიყენო ჩემთვის კიდევ ერთი უახლოესი ადამიანის გასახსენებლად –ეს არის მანანა მაისურაძე, რომელმაც ძალიან მცირე დრო დაჰყო სასულიერო აკადემიაში: ჩვენს სასწავლებელში ის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის უმძიმესმა ტკივილმა და ამ ტკივილის ოდნავ მაინც შემსუბუქების სურვილმა და იმედმა მოიყვანა.
ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წლების მანძილზე. დღევანდელი კოლექტივი პედაგოგებისა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ უკვე გაკვალული გზიდან არ გადაუხვიოს სასწავლებელმა და ის ატმოსფერო, რაც აკადემია-სემინარიაშია – რწმენის უზენაესობა, ცოდნის დაუფლების მძაფრი სურვილი, პატივისცემა მაღალი სულიერი ღირებულებებისა – კიდევ უფრო გაღრმავდეს.
იმედია, არ მიწყენენ ჩვენგან წასული ძვირფასი ადამიანები, რომ ყველა სახელდებით ვერ გავიხსენე დღეს – ამისთვის ჩვენ კიდევ ბევრი 7 დეკემბერი გვექნება.
განსაკუთრებით მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა და ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა… სამწუხაროდ, ასეთთა რიცხვიც არ არის მცირე აკადემიაში – რამდენიმე მათგანი უკვე სასულიერო პირი იყო, მაგისტრატურაში სწავლობდა, გამოირჩეოდა თავისი მონაცემებით. ჩვენ ვლოცულობთ მათი სულებისათვის.
0 Responses on დიდი პანაშვიდი "