თბილისის სასულიერო აკადემიას
გულითადად ვულოცავთ ქართული მართლმადიდებლური სასულიერო განათლების მთავარ კერას – თბილისის სასულიერო აკადემიას დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. სამი ათეული წელია ქვეყნის უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი დიდი წარმატებით ემსახურება ერში რწმენით გასხივოსნებული ცოდნის დამკვიდრებას, ჩვენი საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ გაძლიერებას. განუზომელია იუბილარი სასწავლებლის – გელათისა და იყალთოს აკადემიების ღირსეული მემკვიდრის – წვლილი ქართველი ხალხის ცხოვრებაში მშობლიური ეკლესიის მიერ თანდათანობით და მტკიცედ თავისი კუთვნილი ადგილის აღდგენაში, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების უმნიშვნელოვანეს საქმეში, რომლის სულისჩამდგმელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აკადემიის დამფუძნებელი და მისი პირველი რექტორი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება.
აკადემიის მოღვაწეობის შედეგია, რომ საქართველოს ჰყავს თეოლოგების საყოველთაოდ აღიარებული სკოლა. აღსანიშნავია, რომ აკადემია, რომელიც ჩვენში მღვდელმსახურებისა და თეოლოგების მომზადებისთვის ცოდნის ძირითადი ტაძარია, ამავე დროს ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. მისი თაოსნობითა და აქტიური მონაწილეობით ხორციელდება უაღრესად საყურადღებო კვლევები ჰუმანიტარული მეცნიერების სხვადასხვა დარგში, იმართება მეტად ნაყოფიერი სამეცნიერო ფორუმები მიძღვნილი თეოლოგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების, ქართველოლოგიის, კავკასიოლოგიის, ქრისტიანული ხელოვნებისა და სხვა მიმართულებების აქტუალური პრობლემების შესწავლისადმი. სწორედ ამ ცენტრის დამსახურებაა რომ დღეს საქართველოში გვაქვს არაერთი სოლიდური საღვთისმეტყველო პერიოდული გამოცემა, კრებული და ფუნდამენტური ხასიათის პუბლიკაციები თუ მრავალრიცხოვანი მრევლისთვის განკუთვნილი სასულიერო ლიტერატურა. სასიამოვნოა იმის ხაზგასმა, რომ აკადემია-სემინარიის მრავალმხრივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას დიდი შრომითა და რუდუნებით წარმართავს პროტოპრესვიტერი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ზვიადაძე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულწრფელად უერთდება ქართული საზოგადოებრიობის ერთსულოვან განწყობას, კიდევ ერთხელ მხურვალედ ულოცავს თბილისის სასულიერო აკადემიას სახელოვან იუბილეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ერისა და ქვეყნის სამსახურში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის პრეზიდენტი
აკადემიკოსი გ. კვესიტაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
აკადემიკოსი რ. მეტრეველი
0 Responses on საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მილოცვა თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით"