• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი

    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრთა მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
    უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისადმი

    თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

    თავს უფლებას მივცემთ, რომ ჩვენი მოლოცვა თქვენი აღსაყდრების 37-ე წლისთავთან დაკავშირებით, იმ დამოკიდებულების გამოხატვით დავიწყოთ, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს თქვენდამი: ეს არის უღრმესი მოწიწება, პატივისცემა, სიყვარული და დაფასება იმისა, რაც თქვენ პატრიარქობის ოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე აღასრულეთ.
    უწმიდესო და უნეტარესო! თქვენ გვიადვილებთ თქვენთან მოსასვლელ გზას: ჭეშმარიტად დიდი უეჭველად გულისხმობს ღრმა ადამიანურობას, ღვთივმომადლებულ სიკეთეს, მიმტევებლობას… ყველაზე მძიმე გასაჭირის დროს ერს თქვენი იმედი ჰქონდა და აქვს. მომსწრენი ვართ იმისა,თუ როგორ ცდილობდით და ცდილობთ ამ გასაჭირში მის შველას.
    დიდი საქმეების კეთებას, ერთი შეხედვით, მარტივად ახერხებთ. ეს მხოლოდ ჭეშმარიტ შემოქმედს ძალუძს: ყველაფერი, რაც საქართველოში თქვენი თაოსნობით შეიქმნა, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.
    ნება მოგვეცით, რამდენიმე სიტყვით იმასაც შევეხოთ, რაც ჩვენთვის, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთათვის, უმნიშვნელოვანესია, კერძოდ, იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ეს უპირველესი საღვთისმეტყველო კერა იმყოფება. ის, თუ რისი მიცემა შეუძლია ამ სასწავლებელს სტუდენტებისათვის, განაპირობებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. ეს არის სულიერება, ზნეობა, ცოდნა. სწორედ თქვენ განუსაზღვრეთ თქვენ მიერვე დაარსებულ აკადემიასა და სემინარიას სამომავლო გზა, როდესაც მისი არსებობის პირველსავე დღეს ასეთი სიტყვებით მიმართეთ მთელ საქართველოს:
    ”თბილისის სასულიერო აკადემია უნდა იქცეს დამაკავშირებელ ხიდად თანამედროვე მეცნიერებასა და ღვთისმეტყველებას შორის … ამ საუკუნეში ბევრი ცდილობდა, რწმენა და მეცნიერება გაეთიშა და დაეპირისპირებინა ერთმანეთისათვის. განა შეიძლება, მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს? ისინი ხომ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავენ: ერთი – ფიზიკურს, მეორე – სულიერს, … ისინი ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისაგან ნაკურთხია. იგი ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ამ მეტად რთულ დროს სწორი მიმართულება და გამოყენება მივცეთ ადამიანის გონების ნაყოფს, უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას. აკადემიაში უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო მომავალი განათლებული სასულიერო პირების მომზადება, არამედ ეს სასწავლებელი უნდა იქცეს კვლევის ცენტრად, რომელთანაც დაკავშირებული იქნებიან როგორც ჩვენი სასულიერო პირები, ისე მეცნიერები, კავშირი გვექნება როგორც ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე მართლმადიდებლურ და, საერთოდ, ქრისტიანულ უმაღლეს ცენტრებთან”.
    თქვენო უწმიდესობავ! ძალიან მაღალი მიზანი დაუსახეთ აკადემიასა და სემინარიას არსებობის პირველი დღიდანვე: ის წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის საღვთისმეტყველო სასწავლებლის ჭეშმარიტ მემკვიდრედ უნდა ქცეულიყო. გავიდა ორ ათეულ წელზე მეტი და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემია, რომლის რექტორიც ბრძანდებოდით წლების მანძილზე, არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ძლიერ საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კერად იქცა.
    თქვენი მაღალი ავტორიტეტისა და აკადემია-სემინარიის სწორად წარმართული წარმატებული საქმიანობის წყალობით დღეს სასწავლებელში სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს. მაგისტრატურა და დოქტორანტურა არის იმის წინაპირობა, რომ ათიოდე წლის შემდეგ ქვეყანას ბევრი ღრმა თეოლოგიური განათლების სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი ეყოლება და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა აკადემიასა და სემინარიაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე განხორციელდება.
    უკვე დღევანდელ დღეს აკადემიაში მოქმედ 12 კათედრაზე ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. უკანასკნელ წლებში განხორციელდა ახალი აღთქმისა და ბევრი ლიტურგიკული ძეგლის სრულყოფილი აკადემიური გამოცემა; შეიქმნა ქრისტიანული ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერთა ძლიერი კერა – ეს ხომ ის სფეროა, რომლის გარეშეც ძნელია საღვთისმეტყველო საკითხების სიღრმისეული წვდომა. ჩვენს ფილოლოგიურ მეცნიერებაში სიახლეა დიდი ბიზანტიელი მამების ნაშრომების ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, ასევე, თანამედროვე ქართულზე ძველი ქართული თარგმანების გადმოღება, გამოცემული ტექსტებისათვის ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნაზე დაფუძნებული კომენტარების დართვა… კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას იმ სამუშაოზე, რომელიც დღეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგების მიერ ხორციელდება.
    სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა იმ კვლევითი ინსტიტუტების რიგში ჩადგა, რომლებიც ძველი ქართული სასულიერო მწერლობის თვალსაჩინო ნიმუშების აკადემიურ გამოცემებს ამზადებენ. ის, რომ ეს გამოცემები თვით აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ იქმნება, ბევრის მეტყველია – თავიანთი კვალიფიკაციით ისინი ამ სფეროში მომუშავე წამყვან სპეციალისტებს არ ჩამოუვარდებიან. გამომცემლობა კოორდინირებას უწევს რამდენიმე სამეცნიერო-საღვთისმეტყველო პერიოდული კრებულის მომზადებას და გამოცემას, რომლებშიც ქვეყნდება როგორც სასწავლებლის პედაგოგების, ასევე მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ნაშრომები, აგრეთვე, ზრუნავს იმაზე, რომ ყველა იმ საგანში, რომელიც ისწავლება აკადემიასა და სემინარიაში, არსებობდეს სრულყოფილი სახელმძღვანელო.
    აკადემიასა და სემინარიაში 1999 წელს დაარსებულ გაზეთს 2003 წლიდან, თქვენი რჩევით, თქვენო უწმიდესობავ, სახელი შეეცვალა და „კლიტე დავითისი“ ეწოდა. გაზეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ღირსი იყოს თავისი სახელწოდებისა: „კლიტე დავითისი” ხომ ზეციური იერუსალიმის, ცის სასუფევლის გასაღებია, რომლის ერთადერთი მფლობელი მაცხოვარია. გაზეთის მიზანია, წვლილი შეიტანოს სტუდენტთა ზნეობრივ სრულყოფასა და განათლებაში. მისი ინტერესის სფეროში შედის ძველი ქართული სასულიერო მწერლობის უკლებლივ ყველა დარგი და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა მიღწევების წარმოჩენა; პატივს მიაგებს უკვე წმიდანად შერაცხილი ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნას; აქვეყნებს საეკლესიო მამების დანატოვარს. მკითხველი გაზეთიდან იმასაც ეცნობა, თუ რას მიაღწიეს სტუდენტებმა სასწავლებლის კედლებში.
    სასწავლებელში სისტემატურად ეწყობა როგორც ქვეყნის მასშტაბის, ასევე საერთაშორისო კონფერენციები. კონფერენციების სტუმრები ხშირად არიან სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და უმაღლესი სასულიერო სასწავლებლების წარმომადგენლები. ამ სასწავლებლებთან თბილისის სასულიერო აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს – ჩვენი სტუდენტები ჩართულნი არიან გაცვლით სასწავლო პროგრამებში, ხოლო კურსდამთავრებულები კვალიფიკაციას იმაღლებენ მსოფლიოს წამყვან მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში.
    სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები უანგაროდ შრომობენ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებზე, ეცნობიან და ეჩვევიან სამონასტრო ცხოვრებას.
    თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ბრძანდებით ამ ყველაფრის შემოქმედი, თქვენ გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა სასწავლებელს ამ სწორი და რთული გზით სიარული.
    გილოცავთ აღსაყდრების 37-ე წლისთავს! ამ მოკლე მილოცვაში ვერ მოვათავსეთ იმის მცირე ნაწილიც კი, რისი თქმაც გვსურდა და რისი თქმის საშუალებასაც თქვენი პიროვნებით აძლევთ გარშემომყოფთ.

    შეუცვლელ ადამიანებს უფალი ხანგრძლივ სიცოცხლეს ანიჭებს. საქართველო თქვენთვის ლოცულობს!

    Воскресенье Ноябрь 8th, 2015

    0 - комментарии к теме "მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>