» მოგესალმებით! ჩვენი სასწავლებლის რექტორის, მამა გიორგი ზვიადაძის არყოფნა, რა თქმა უნდა, კონფერენციას გარკვეულ ხარვეზს უქმნის. მაგრამ არსებითია ის, რომ ამ პიროვნების მოღვაწეობით სასულიერო აკადემიის დღევანდელი მდგომარეობა გამოარჩევს მას საქართველოში არსებულ სხვა უმაღლეს სასწავლებელთაგან. გამოარჩევს იმ სამეცნიერო ხარისხით, რაც აქ უკვე დამკვიდრდა და რაც დღევანდელი კონფერენციითაც დასტურდება. ამ მდგომარეობის შექმნას წლები დასჭირდა, თანდათანობით ჩამოყალიბდა აკადემიის ყოფითი სტრუქტურა, რაც ყველა პირობას უქმნის მოღვაწეობის ორ თანაშერწყმულ სახეს, ესაა საღვთისმეტყველო და სამეცნიერო მოღვაწეობა — არც ცალკე საღვთისმეტყველო, მეცნიერულ ცოდნას მოკლებული და ფანტაზიებში გადასული, და არც ოდენ მეცნიერული, სარწმუნოებისაგან დაცლილი, როგორც ადამიანის ამპარტავნების გამოვლინება, რადგან რწმენასთან დაპირისპირებული ცოდნა ვერ იქცევა ერის მაცხოვნებელი გზის მაჩვენებლად.
აკადემიის წარმატებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ერთი მათგანია ის, რომ აქ სასწავლო- სამეცნიერო პროცესი არაჩვეულებრივი ორგანიზებულობით არის მოწესრიგებული, ის დისციპლინა, რაც აქ სუფევს, სანატრელია ბევრი უმაღლესი სასწავლებლისათვის. მეორე ნიშანი: სწავლების მაღალი ხარისხი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას. აკადემიაში წესად დამკვიდრდა, რომ გამოსაშვებ გამოცდას ყველა კათედრის გამგე, ყველა პედაგოგი ესწრება. რათა ერთობლივად დავაკვირდეთ სასწავლო პროცესის შედეგს – ერთად გამოვავლინოთ წარმატებაც და ხარვეზიც, რომ ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად რეალური გზები დაისახოს. მესამე ნიშანი: დიპლომების დაცვის ახლებური წესის დამკვიდრება. თუ ადრე ოცამდე დიპლომის დაცვა ორი-სამი დღის განმავლობაში ხდებოდა და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, დღეს ვითარება სრულიად სხვაგვარია – თითოეული დიპლომის დაცვა ოთხ-ხუთ საათს გრძელდება. ამ სერიოზულ კითხვა-პასუხის პროცესში ვლინდება დიპლომანტის ყველა წახნაგი, ღირსებითიც და ნაკლოვანების მიმანიშნებელიც, ფაქტიურად, მთელი კომისიის წინაში ის სრულად წარმოჩინდება არა მხოლოდ როგორც კურსდამთავრებული, არამედ როგორც ზნეობრივი პიროვნება. ეს არის ნამდვილი გამოცდა, პიროვნების ბრძმედში გავლა, იმის სანახავად, თუ რა მივიღეთ აქ ხუთწლიანი სწავლის შედაგად; შეუძლია თუ არა მას საღვთისმეტყველო-სამეცნიერო მუშაობის გაგრძელება შემდგომში თავისი ზნეობრივი კუთხითაც და არა მხოლოდ ნიჭიერების კუთხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომების დაცვას ბევრი ეპისკოპოსი ესწებოდეს (მოგეხსენებათ, ეპისკოპოსი ბერძნულად “ზედამხედველს” ნიშნავს), ვინაიდან აქ ჩანს, თუ როგორი იქნება ჩვენი ეკლესიის მომავალი სახე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აკადემიაში დადგინდა წესი, რომლის მიხედვითაც ერთ პიროვნებას მხოლოდ ორი დიპლომანტის ხელმძღვანელობის უფლება აქვს. ამის მიზანია ის, რომ დიპლომის ხელმძღვანელობა იყოს არსებითი, ნამდვილი, და არ ატარებდეს ფორმალურ სახეს. ამჯერად მე შემიძლია ორი სიტყვით მოგახსენოთ ჩემი დიპლომანტების ნაშრომთა შესახებ, ორი წლევანდელი, ორიც წინა წლებში შრესრულებული ნამუშევარია. ერთი მათგანია ეკლესიის კურთხევის ძველი ქართული და ბერძნული წეს-განგებანი, ზედმიწევნით შედარებული ერთმანეთს და უაღრესად საგულისხმო დასკვნებია გამოტანილი. ის ახლა სრული სახით იბეჭდება აკადემიის ჟურნალში. ერთი მათგანი ამჟამად პარიზში უნდა იყოს დაცული, ესაა იოანე დამასკელის ანტიიაკობიტური შრომის არსენ იყალთოელისეული თარგმანი, პუბლიკაციაში წარმოდგენილია ბერძნულ-ქართული ტექსტები და ახალი ქართული თარგმანი თავისი საღვთისმეტყველო-ფილოლოგიური განმარტებებით. ერთმა დიპლომანტმა მოამზადა შატბერდის კრებულში დაცული იპოლიტე რომაელის აპოკალიფსის განმარტების უაღრესად რთული ტექსტი, შეისწავლა ის თეოლოგიურად და დაურთო ახალი ქართული თარგმანიც.
ცალკე უნდა აღინიშნოს სრულიად უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთმა დიპლომანტმა ორი სხვადასხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი დიპლომი დაწერა, რომელთაგან ერთის პუბლიკაცია ახლა მზადდება. აი, ასეთ დიპლომებს ეძლვა სანქცია დღევანდელ სასულიერო აკადემიაში. ცალკე უნდა გამოიყოს აკადემიაში განხორციელებული პუბლიკაციები. ყველა მათგანი სამი ნიშნით ხასიათდება: ძველი ქართული ტექსტისა და ძველი მთარგმნელისადმი უდიდესი პატივისცემა, ნაშრომის ორიგინალის ენაზე შესწავლა და მისი შედარება ძველ თარგმანთან და ბოლოს, ტექსტის თეოლოგიური ანალიზი და ტერმინოლოგიური ლექსიკონის დართვა.
აი, ასეთ შინაარსობრივ კონტექსტში ტარდება დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია. წარმოდგენილ თემათა მრავალფეროვნება არის სასულიერო აკაემიის წარმატების კიდევ ერთი დასტური. ყველას გილოცავთ, და მართალია, აკადემიის რექტორს ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგულისხმე, რომ შეიძლება, ამის სურვილი ჰქონოდა და მის ლოცვა-კურთხევას გადმოგცემთ. დიდი მადლობა.»
0 - комментарии к теме "ედიშერ ჭელიძის სიტყვა"