• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    პროფესორი ხვთისო ზარიძე — “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება” – რას და როგორ ასახავს იგი.

    როგორც ცნობილია, “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება” გიორგი მთაწმინდელმა დაწერა იმისათვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ათონის ივერთა მონასტერი ქართულია. რასაკვირველია, ეს ასეცაა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ გვაინტერესებს თხზულების დასასრული, ე.წ. მოსახსენებელი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბოლო თავები არის დანართი. ტექსტის შესწავლისას თავდაპირველად ივანე ჯავახიშვილმა გამოჰყო 24-ე და 25-ე თავები, იგი აღნიშნავს, რომ გიორგი მთაწმინდელის მუშაობის მიმართულება გარდაქმნა იმ ვითარებამ, რაც მას ათონზე დახვდაო. იმავე მოსაზრებას იზიარებს კ. კეკელიძე.
    ტექსტის პირველსავე თავში ნათლადაა ნაჩვენები, თუ რას წარმოადგენდა ქართული კულტურისათვის ეს ტაძარი, რა კეთდებოდა აქ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვლებიან თორნიკე, იოანე, ექვთიმე და მონასტერში ვითარება შეიცვლება, როგორც გიორგი მთაწმინდელი აღნიშნავს, “სიგრილე და სულმოკლეობა” დაისადგურებს აქ. ასე რომ ეს ძეგლი დაცემის ფონზეა დაწერილი. ვგებულობთ, როგორ მიიცვალა ექვთიმე და როგორ დაანგრიეს მონასტერი მესამე თაობის ქართველებმა. პირველი, რაც ვარაზ-ვაჩემ გააკეთა, იყო ის, რომ მან ექვთიმეს მიერ შემოღებული წესდება უარყო, შეიძულა ქართველები და შეამცირა ისინი. როგორც ჩანს, მას სჭირდებოდა ბერძნულ სამყაროსთან დაახლოება, ის მიღებული იყო სასახლის წარჩინებულთა შორის. ბერძნებმა სამჯერ ზედიზედ გაძარცვეს ქართული მონასტრები. მოსახსენებლის ავტორი დეტალურად აღარ მოგვითხრობა ამ ამბებს.
    1034 წ-ს ტახტზე ავიდა მიხეილ IV პაფლაგონელი, მან სხვაგვარი ურთიერთობა დაამყარა ქართველებთან, ისმენდა მათ სიტყვასა და საჩივრებს. ათონის ივერთა მონასტერს ოქრო-ბეჭდებით შემზადებული დოკუმენტები გააჩნდა. იმპერატორმა დაუდასტურა ქართველებს, რომ მონასტერი მათი იყო და დაუბრუნა ბერძნებისაგან მიტაცებული ყველა მონასტერი და 8 000 ჰა მიწა. ამასთან, ბერძნებს დაავალა, ქართველებისთვის აენაზღაურებინათ ის თანხაც, რასაც წართმეული მამულები მოუტანდა მათ ჩამორთმევის პერიოდში. მაგრამ 1041 წ-ს გარდაიცვალა მიხეილ პაფლაგონელი და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ V-მ. მას ბერძნებმა მაშინვე მოსთხოვეს მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა გაუქმება. თუ აქამდე ქართველები ჩიოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და ბერძნებმა დაიწყეს ჩივილი. განსხვავება ის იყო, რომ ბერძნებს არ გააჩნდათ საბუთები. და ამ მოსახსენებელში სწორედ იმაზეა პასუხი გაცემული, რაც საბუთად მოჰყავდათ ბერძნებს, კარძოდ, ქართველებს აბრალებდნენ მწვალებლობას.
    ეს თხრობა გახლავთ ტექსტის დრამატული დასასრული, ეს მოსახსენებელი არ არის დანართი. როგორც ვიცით, ათონის ივერთა მონასტრისათვის ასაშენებელი თანხები თორნიკე ერისთავის ხელმძღვანელობით ქართველთა მიერ აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხების ჯილდოდ იქნა მოპოვებული. ეს იყო დიდძალი თანხა, თორნიკემ უხვი ძღვენი მიართვა მეფეებს, კარიასს – ათონის მთის მონასტერთა საბჭოს — და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ 12 კენდინარი დარჩენილა, რაც მონასტერში დარჩა. ეს მეტად დიდი ციფრია, ერთი კენდინარი 100 ლიტრს უდროდა, მაშასადამე, მონასტერს 1 200 ლიტრი ოქრო ერგო. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ აძლევდა მოსვენებას ბერძნებს და ახლა ისევე შეუდგნენ ქართველთა დარბევას, როგორც ადრე სკლიაროსის მომხრეები დაარბიეს ქართველებმა დედოფლის დავალებით.
    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ. რომ ეს ძეგლი ორგანიზებულად არის შეკრული, თითოეულ დეტალს თავისი ორგანული ფუნქცია გააჩნია მთელ ტექსტში.

    Четверг Апрель 21st, 2016

    0 - комментарии к теме "პროფესორი ხვთისო ზარიძე - “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება” – რას და როგორ ასახავს იგი."

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>