თითოეულმა სტუდენტმა ცალკე თემა დაამუშავა ამერიკის შესახებ, მათი გამოსვლები უხვად იყო ილუსტრირებული შესაბამისი ფოტომასალით. წარმოდგენილი თემატიკა შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
1. ამერიკის აღმოჩენა, მისი ისტორია, გეოგრაფია, სახელმწიფოებრივი მოწყობა.
2. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, ინდიელთა პრობლემა. თემის შესაბამისად, სტუდენტმა ისაუბრა ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანზე «უკანასკნელი მოჰიკანი.»
3. მონობის ისტორია ამერიკაში, და თემის შესაბამისად: ჰარიეტ ბიჩერ სტოუს «ბიძია თომას ქოხი.»
4. ამერიკული თეატრი, მხატვრული პროზა და პოეზია. მომხსენებელმა წარმოადგინა ესე ედგარ ალან პოს შესახებ, ისაუბრა მის ლექსებსა და პოემებზე, განსაკუთრებით გამოჰყო «ყორანი,» «ანაბელ ლი,» «სიზმარი სიზმარში » და ამ ნაწარმოებთა ქართული თარგმანებიდან ნაწყვეტები წაუკითხა აუდიტორიას.
5. მარკ ტვენის შემოქმედება, მისი «ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი,» როგორც დასაწყისი ამერიკული რომანისა.
6.ამერიკის მუსიკა — ჯაზი, როკ-ენ-როლი, ბლუზი, რეგეი, ქანთრი… დიდი შემსრულებლები — ელა ჯეინ ფიცჯერალდი, ლუი არმსტრონგი, ელვის პრესლი, ბობ მარლი. კომპოზიტორები — დიუკ ელინგტონი, და რასაკვირველია, ჯორჯ გერშვინი, ამერიკული კლასიკური მუსიკის მამა.
7. ამერიკის კინოხელოვნება და ჰოლივუდი. ჩარლი ჩაპლინი და ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია.
8.ამერიკის განათლების სისტემა, ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტები. სტუდენტმა აღნიშნა, რომ ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, განათლება მიიღონ ამერიკის სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.
8. ქართველები ამერიკაში და მათი წვლილი ამ ქვეყნის წინაშე. გამომსვლელმა მსმენელებს გააცნო ალექსანდრე ქართველიშვილი — ამერიკის ავიაციის მამად წოდებული, ჯორჯ ბალანჩინი — ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი, გიორგი მაჩაბელი — ცნობილი მეწარმე, სუნამოების ხაზის შემქმნელი, ალექსი მდივანი და ჯორჯ კოპი (კობახიძე), გამომგონებელი და ცნობილი მეწარმე.
ეს უკანასკნელი თემა მისი სიახლის მიზეზით განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მსმენელთათვის.
მოწოდებული მასალა წამყვანის კომენტარებითა და ხუმრობებით ერთ მთლიანობად შეიკრა. ამასთან ღონისძიება იყო ხალისით სავსე, რამაც კიდევ მეტი მიმზიდველობა შემატა სტუდენტთა ნამუშევარს.
დასასრულს იყო რამოდენიმე შეკითხვა, სტუდენტებს შეუქეს სწავლაში სიბეჯითე და უსურვეს შემდგომი წარმატებები. ცალკე აღინიშნა ქალბატონ თამარ ნუცუბიძის დიდი ამაგი სტუდენტებზე.
თავის მხრივ, ქალბატონმა თამარმა შეაქო ახალგაზრდები და მადლობა გადაუხადა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატს, რომ მისცა საშუალება დაინტერესებულ ახალგაზრდებს «ზედმეტი» საათებით — მთელი ორი სემესტრით — ესარგებლათ ინგლისურ ენაში.
ეს მშვენიერი და სახალისო წარმოდგენა მცირე ტრაპეზით დასრულდა, სტუდენტები «ამერიკული ლანჩით» გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
0 - комментарии к теме "ლექცია ამერიკის კულტურის ისტორიის შესახებ"