სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში საიუბილეო თარიღი – დაარსებიდან 295, და აღდგენიდან 70 წელი აღინიშნა. აკადემიის რექტორის, არქიეპისკოპოს ამბროსის მოწვევით, პეტერბურგში ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია გაემგზავრა: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი შალვა კეკელია — თბილისის სასულიერო აკადემიის მოძღვარი, და ლალი ხუჭუა – რექტორის თანაშემწე საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხებში.
სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის მფარველად იოანე ღვთისმეტყველი ითვლება, ამიტომ ყოველი წლის 9 ოქტომბერი, წმინდანის ხსენების დღე, აკადემიაში საგანგებოდ აღინიშნება. საზეიმო წირვა სხვა იერარქებთან ერთად აღასრულეს სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანოფიმ და აკადემიის რექტორმა, არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ. უნდა ითქვას, რომ მოწვეულ სტუმართა შორის ქართული დელეგაცია განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა – საზეიმო წირვაში მონაწილეობისას მამა გიორგი ზვიადაძე ქართულ ენაზე აღავლენდა ლოცვებს.
წირვის შემდეგ ჩატარდა საზეიმო აქტი, ღონისძიებას უძღვებოდა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი. დარბაზში მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ რუსეთისა და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების სასულიერო სასწავლებელთა წარმომადგენლები, სხვა სასულიერონი და საერო ოფიციალური პირები. დასაწყისში უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახული იყო სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის აღორძინების ისტორია 1946 წლიდან. სიტყვებით გამოვიდნენ აკადემიის რექტორი, პეტერგოფის არქიეპისკოპოსი ამბროსი, სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანოფიმ წაიკითხა მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს მილოცვა. სხვა სტუმართა შორის მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მან, ასევე, წაიკითხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვა, და საზეიმოდ გადასცა საქართველოდან ჩამოტანილი საჩუქრები: აკადემიის რექტორს -ფოკანის პანაგია წმინდა გიორგის გამოსახულებით, და აკადემიას — ფერწერული ტილო, ზაურ გომელაურის “სამოთხის ჩიტები.” ზეიმი დასრულდა საეკლესიო საგალობელთა კონცერტით, სადაც მონაწილეობდა სამი გუნდი: ვაჟთა, ქალთა და შერეული.
ამის შემდეგ ჩვენი დელეგაცია შეხვდა პეტერბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ქართული დიასპორა აქ შესტაკოვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წიაღში იკრიბება. ეკლესიაში ორი მოძღვარი მსახურობს: მამა რომანოზი და მამა პავლე. დიასპორას ხელმძღვანელობას უწევს ბ-ნი ბადრი კაკაბაძე.
მამა გიორგი ზვიადაძემ და მამა შალვამ ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ბაგრატიონების სასაფლაოზე, პანაშვიდი გადაიხადეს.
0 - комментарии к теме "ქართული დელგაცია სანქტ-პეტერბურგში"