2016 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა. დღის წესრიგში იყო:
1.სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები;
ა) სასწავლო საგანთა შესაბამისი სახელმძღვანელოების პრობლემა (კათედრათა გამგეები);
ბ) დავალიანების მქონე სტუდენტთა საკითხები (ფაკულტეტების დეკანები);
2. 2016-17 სასწავლო წელს დოქტორანტთა ჩარიცხვის საითხები;
3. სხვადასხვა (მიდინარე საკითხები).
ამავე დღეს, 3 სთ-ზე ჩატარდა გაფართოებული პედსაბჭოს სხდომა.
სხდომა გახსნა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, რუსთველი მიტროპლიტის, იოანე გამრეკელის უდიდესი დამსახურების შესახებ საქართველოს ეკლესიის, თბილისის სასულიერო აკადემიის წინაშე. მეუფე იოანე 70 წლის გახდა და ამ თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა სამეცნიერო კონფერენციისა და სხვა საგანგებო ღონისძიებათა ჩატარება აკადემიაში.
ბატონმა რექტორმა, ასევე, გვამცნო სასიხარული ამბავი: ჩვენი პატრიარქის თხოვნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურად დაინტერესდა სასულიერო აკადემიის ახალი შენობის გამართვის საქმით, დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა, რაც, უდავოდ, მალე გამოიღებს კეთილ ნაყოფს.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ ისაუბრა სასწავლებლის არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სტუდენტთა ცოდნის ეფქტურად ამაღლების აუცილებლობაზე. საქართველოს საპატრიარქოს აქვს უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, და ამასთან, სტუდენტები აქ უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილნი. სამწუხაროდ, ამ რესურსს სათანადო გამოყენება არა აქვს.
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ თავის სიტყვაში რამოდენიმე საკითხი გამოჰყო: 1. სამეცნიერო მუშაობის მიმართულებით ყველა კათედრამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს წლიურ თემებს; 2. მეტი ყურადღება დაეთმოს, ასევე, სტუდენტებთან დამატებით მუშაობას. მათი სამეცნიერო შრომის შედეგები კარგია, რაც ჩნდება სტუდენტთა კონფერენციებზე, და ეს ტემპი არ უნდა შენელდეს. 3. დებულების მიხდვით, სადიპლომო ნაშრომების მიმდინარეობის შესახებ ხელმძღვანელის მიერ სემესტრის ბოლოს უნდა იქნას ანგარიში წარმოდგენილი. 4. მისაღებია ბატონი რექტორის შეთავაზება, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს მოეთხოვოთ, ფაკულტეტის საბჭოზე წარმოადგინონ გარკვეული რეკომენდაცია. ასევე, დანართის სახით ისინი წარმოადგენენ ბაკალავრიატში სწავლისას მიღებულ შეფასებას, ქულათა სართო ჯამი მაღალი უნდა იყოს. ეს დააბრკოლებს შემთხვევითი ხალხის მოსვლას სასწავლებელში.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მრავალი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება გაჩნდა, მაგრამ ყველა მათგანი თბილისის სასულიერო აკადემიის წიაღიდან მომდინარეობს. თავის დროზე, ჩვენი უწმინდესი იძულებული იყო, აკადემიაში ლექტორებად ისეთი ადამიანებიც მოეწვია, პირჯვრის გადაწერაც რომ არ ეხეხებოდათ. დღეს ვითარება შიცვლილია, ახალგაზრდობა სხვა კომპეტენციით, სხვა დამოკიდებულებებით მოდის, ისინი მრავალ საკითხში ბევრად უფრო გარკვეულები არიან. ჩვენი აკადემიის ვალდებულებაა, ამ გაზრდილ მოთხოვნებს ასეთივე კომპეტენტური პასუხი გასცეს. ამის დასტურად, ისტორიის კათედრა ვალდებულებას იღებს, მოაწყოს მაღალი დონის სამეცნიერო კონფერენცია. პრობლემატურია სხვადასხვა საერო სასწავლებელში თეოლოგის დოქტორთა მომზადების საკითხი. ისინი სათანადო სულიერი ბაზისის გარეშე იღებენ ამ მაღალ ხარისხს. უსათუოდ საჭიროა, აკადემიის რექტორატმა მიმართოს განათლების სამინისტროს აკრედიტაციის განყოფილებას ამ საკთხის შესასწავლად და სათანადოდ გადასაწყვეტად. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი თბილისის სასულიერო აკადემიის პირმშოა, ამიტომ ეს უნივერსიტეტი ყოველთვის მხარში ედგება სასულიერო აკადემიას, მისი შესანიშნავად მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლია აკადემიას თავის ღონისძიებათა ჩასატარებლად.
ქალბატონმა მაია რაფავამ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბრძანა, რომ უკვე შესანიშნავ ტრადიციად დამკვიდრდა აკადემიის სტუდენტთა მიერ სადიპლომო ნაშრომის სახით ხელნაწერთა გამოცემა. სამწუხაროდ, ახლანდელ სასწავლო გეგმაში აღარ არის ტექსტოლოგიის საგანი. ბუნებრივია, რომ სპეციალური მომზადების გარეშე სტუდენტები ვეღარ შეძლებენ ხელნაწერებზე მუშაობას და მათ გამოცემას სათანადო სამეცნიერო აპარატით. საჭიროა, ამ საკითხს აკადემიის მესვეურთა ყურადღება მიექცეს.
შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის რექტორმა. მამა გიორგიმ უპირველესად გაითვალისწინა ქალბატონ მაია რაფავას შენიშვნა და აკადემიის დეკანს, მღვდელ ლონგინოზ სუარიშვილს დაავალა, I კურსის სასწავლო საგანთა სიაში შეიტანოს ტექსტოლოგია. მან ბრძანა: თბილისის სასულიერო აკადემია ეკლესიის წიაღში შექმნილი სასწავლებელია, შესაბამისად, ეს სასწავლო დაწესებულება მოითხოვს მაღალ სულიერ მდგომარეობას – სიკეთეს, ადამიანურ სითბოსა და ეკლესიურობას. აქ ყველა პედაგოგი მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება, მათ უნდა აღზარდონ მომავალი სამეცნიერო-თეოლოგიური და სასულიერო კადრები. ვინ იქნება ხვალ ეპისოპოსი, მღვდელი, დიაკვანი, როგორი იქნება ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი სახე, და შესაბამისად, მთელი ერის სულიერი მდგომარეობა, — ეს ყველაფერი სწორედ აქ, ახლა, ამ კედლებში წყდება. აქ ყველა თანაშრომელი კურთხევისა და პატივიცსემის ქვეშ იმყოფება. აკადემიის წიაღში კვლავაც გაიმართება სხვადასხვა რანგის შეხვედრები, ლექციებზე დასწრების უფლება ენიჭება ყველა პედაგოგ-თანამშრომელს, ეს გაზრდის ლექტორთა მუშაობის გამჭვირვალობას და, ამასთან, მოწესრიგებულობას სტუდენტთა და პედაგოგთა მხრიდან, იმავდროულად, ეს შესანიშნავი საშუალებაა დეკანატებისა და კათედრების აქტიური თანამშრომლობისათვის. მამა გიორგიმ შეგვახსენა, რომ მომავალი 2017 წელი არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ერისათვის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ამავე წელს სრულდება ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელი. მან იმედი გამოთქვა, რომ თბლისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღირსეულად შეხვდება და სათანადოდ აღნიშნავს ამ თარიღებს.
0 - комментарии к теме "სამეცნიერო საბჭოსა და გაფართოებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა თბილისის სასულიერო აკადემიაში"