თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განახლდა საჯარო ლექციების ციკლი. მოწვეული თუ ადგილობრივი სპეციალისტები აქ პერიოდულად კითხულობენ მოხსენებებს სხავადასხვა საკითხის შესახებ. 7 ნოემბერს სტუდენტთა და პედაგოგთა აუდიტორიის წინაშე წარდგა ქალბატონი ლია ქაროსანიძე თემით: “ქართულ საეკლესიო ტერმინთა კვლევის საკითხები.”
ქალბატონი ლია ქაროსანიძე არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მან 1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და ამავე წელს მუშაობა დაიწყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში, შემდეგ გადავიდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ისტორიულ-ტერმინოლოგიური ლექსიკონების ლაბორატორიაში.
ქალბატონი ლია ქაროსანიძე ავტორია მონოგრაფიისა “დიონისოს თრაკიელის “გრამატიკის ხელოვნება და ძველი ქართული გრამატიკული აზროვნება.” გამოსაცემად მზადდება მისი მეორე მონოგრაფია – “ძველი ქართული გრამატიკული ტერმინების ისტორია და ბერძნული თეორიები ენის შესახებ.” იგი ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობას, არის სარედაქციო ჯგუფის წევრი კრებულისა “მასალები საეკლესიო ტერმინთა ლექსიკონისათვის.”ძველი ბერძნულიდან თარგმნა დიონისე თრაკიელის “გრამატიკის ხელოვნება,” ხოლო ლათინურიდან – დონატიუსის “მცირე ხელოვნება.”
მომხსენებელმა განიხილა სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ხელმძღვანელობით ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. ქართულ საეკლესიო ტერმინთა შესწავლა გადაუდებელი საქმეა, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიასაც ის ხანგრძლივი გზა აქვს გამოვლილი, რაც თავად ქართულმა ეკლესიამ განვლო. ქართულმა საეკლესიო ტერმინოლოგიამ მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი ისტორია შემოგვინახა. სხვადასხვა ქვეყნისა თუ დროის ტრადიციები არა მარტო ტერმინშია ასახული, არამედ ამ ტერმინებით აღნიშნულ ნივთსა თუ ცნებაში და, ზოგადად, საღვთო ლიტერატურაშიც. ქართულ საკლესიო ტერმინთა დასაბამის, პირველწყაროს ძიება გულისხმობს საკითხის გარკვევას, ქრისტიანული ღვთისმსახურების რომელ პერიოდსა და რომელ რეგიონს უკავშირდება ამა თუ იმ ტერმინის წარმომავლობა: პალესტინურს, სირიულს, ბიზანტიურ ბერძნულსა თუ რუსულს. სწორედ ამისი მაგალითია ტერმინების: “ანაფორასა” და “კუნკულ-ბარტყულის” ისტორია, რომელთა შესახებ მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა.
მოხსენებამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, აზრი გამოთქვეს სასულიერო აკადემიის დეკანმა, მღვდელმა ლონგინოზ სუარიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯული შოშიაშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მედეა ღლონტმა. ქალბატონმა ლია ქაროსანიძემ სტუდენტებსა და პედაგოგებს შესთავაზა თანამშრომლობა ამ უაღრესად რთული და საინტერესო თემის კვლევაში.
0 - комментарии к теме "ლია ქაროსანიძის საჯარო ლექცია"