არსებობენ წმინდანები, რომელთა ცხოვრება განსაკუთრებით მრავლისმთქმელია, რომელთა ღვაწლი და ტანჯვა ჩვენი სულების ყველაზე უღრმეს სიმებს ეხება. ასეთთა შორის ბრწყინავს წმინდა გიორგის სახელი, ვითარცა სპეკალი წმინდანთა ხომლში. მთელი საქრისტიანო იცნობს წმინდა გიორგის. მოგზაურნი მისი სახელით მიდიოდნენ შორეულ გზებზე, მისი სახელით ეშვებოდნენ მეომერნი ხელჩართულ ომში, მის სახელს ახსენებდნენ ერთგულების მტკიცე დასტურად, მისი სახელით ლოცავენ მშობლები შვილებს..
საქართველოს მეფეთა გერბზე ლახვით ურჩხულის გამგმირავი წმინდა გიორგია გამოსახული. ისტორიას იდუმალი ციკლურობა ახასიათებს — საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგის სახელს ატარებდა, თითქოსდა ნიშნად იმისა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნის ბედი წმინდა გიორგის გადაებარა.
ნოემბრის თვეში წმინდა გიორგის დღესასწაული მისი ბორბალზე წამების ხსოვნას ეძღვნება. ეს ერთადერთი საეკლესიო დღესასწაულია, როდესაც წმინდა მოწამის მთელი ცხოვრებიდან ერთი მოწამეობრივი გმირობა არის გამორჩეული და განდიდებული. მხოლოდ ქართული ეკლესია ზეიმობს ამ დღეს. ეს დღესასწაული ძვალსა და რბილში გაუჯდა ქათველ ხალხს, რომლის ისტორიაც, წმინდა გიორგის ღვაწლის მსგავსად ერთი დიდი მარტიროლოგიაა – წამებათა და განსაცდეთა ფოლიანტი… ნოემბერსაც, ხომ, ძველად გიორგობისთვე ეწოდებოდა.
ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულება არის სიმბოლო ქრისტიანის გამარჯვებისა ცოდვის ურჩხულსა და ადამიანური გულის ვნებებზე, სიკეთისა და ნათლის გამარჯვებისა ბოროტებასა და სულიერ ბნელზე.
დაე, წმინდა გიორგი იყოს უძლეველი წინამბრძოლი ჩვენი ქვეყნისა! ყველას გილოცავთ გიორგობისდღეს!
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთისმსახურებისა, გიორგი, და სათნოებისა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა.
0 - комментарии к теме "გილოცავთ გიორგობას"