• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს

    ახალი სტილით 17 დეკემბერს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებაა დადგენილი. წმინდა ბარბარე მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა, ბითვინიის ბერძნულ ქალაქ ნიკომიდიაში, დღეს ეს ქალაქი იზმითის სახელით არის ცნობილი თანამედროვე თურქეთში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ბარბარე წარჩინებული წარმართი მთავრის, დიოსკორეს ქალიშვილი იყო. მამას მაღალ კოშკში ჰყავდა ჩაკეტილი გოგონა, რითაც არიდებდა მას ყოველგვარ მსოფლიო ამაოებასა და მწუხარებას. უფლის ნებამ კი ბარბარე სხვაგვარი ღვაწლისთვის გამოირჩია — მან ჭეშმარიტი ღმერთი იწამა. უარი თქვა მამის მიერ არჩეულ საქმროზე, რითაც გაანაწყენა მშობელი. შემდეგ მამის არყოფნისას თავის მდიდრულ აბაზანაში საგანგებოდ გააკეთებინა სამი სარკმელი, როგორც სიმბოლო წმინდა სამებისა. როდესაც მამა მოგზაურობიდან დაბრუნდა, ქალიშვილი გამოუტყდა მას, რომ ქრისტიანი იყო. განრისხებულმა დიოსკორემ ხმალი იშიშვლა, მაგრამ ბარბარე სასწაულით გაუჩინარდა კოშკის კედელში და მთის ხეობაში ამოჰყო თავი, სადაც ორი მწყემსი აძოვებდა ცხვარს. ერთმა მათგანმა დააბეზღა ბარბარე დიოსკორესთან, რომელიც გავეშებული დაეძებდა ბარბარეს დასასჯელად. ჰაგიოგრაფი მოგვითხრობს, რომ ეს მწყემსი ქვად ქცეულა, მისი ფარა კი – კალიებად. შეპყრობილი ბარბარე პროვინციის პრეფექტ მარტინიანუსთან წაათრიეს. იქ ქალწული სასტიკად აწამეს, ბარბარე კი მტკიცედ ადგა თავის რწმენას. ღამით კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა: საპყრობილე ნათლით აივსო და გოგონა სრულიად განიკურნა. ასე გრძელდებოდა დიდხანს – ყოველ დილას ბარბარეს ჭრილობები უკვალოდ ქრებოდა. ხოლო მის დასაწვავად ანთებული ჩირაღდნები მასთან მიახლოვებისას ქრებოდნენ. საბოლოოდ მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. თავად მამამ აღასრულა ეს განაჩენი. წმინდანის სხეული მიწას მიაბარა ქრისტიანმა ვალენტინუსმა, და მისი საფლავი მრავალი სასწაულის წყაროდ იქცა. დიოსკორე კი სასტიკად დაისაჯა, შინისკენ მიმავალს მეხი დაეცა და დაიფერფლა.

    წმინდა დიდმოწამე ბარბარეს არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში სცემენ თაყვანს, არამედ მას განადიდებენ კათოლიკებიც, ანგლიკანებიც. საქართველოში გამორჩეულად უყვართ წმინდა ბარბარე, როგორც ბავშვების, ოჯახების მფარველი წმინდანი. ამ დღეს ტრადიციულად, ჩვენთან ლობიანებს აცხობენ.

    ყველას გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს! დაე, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს მეოხება არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებსა და შვილებს!

    ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო, და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთA და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ-გვეყავ ჩვენ, ცოდვილთა!

    კონდაკი: ბარბარესა წმინდასა პატივს-ვსემდეთ, რამეთუ მტრისა საბრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან, შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

    Суббота Декабрь 17th, 2016

    0 - комментарии к теме "გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>