• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    შალვა ნუცუბიძე და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელები

    შოთა რუსთაველი, ჰომეროსთან და დანტესთან ერთად, კაცობრიობის უდიდეს ლიტერატურულ გენიას წარმოადგენს. იუნესკოს 36-ე გენერალური კინფერენციის გადაწყვეტილებით, 2016 წელს სწორედ რუსთაველის სახელი ეწოდა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება უკვდავი “ვეფხისტყაოსნის” შექმნიდან 850 წელი. ქვეყნის ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება გამოეხმაურა ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით: ახალი გამოცემები, ექსპოზიციები, კონფერენციები, სამეცნიერო კვლევები. ასევე, თბილისის სასულიერო აკადემიაშიც წაკითხული იქნა საჯარო ლექცია “შალვა ნუცუბიძე და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელები.”

    მომხსენებელი, ქალბატონი თამარ ნუცუბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასულიერო აკადემიის პროფესორი, შალვა ნუცუბიძის ქალიშვილია. მან აუდიტორიას წარუდგინა მეტად საინტერესო საარქივო მასალების ფოტოექსპოზიცია, რომელიც ასახავს შალვა ნუცუბიძის ურთიერთობას პოემის სხვადასხვა მთარგმნელთან.

    “ვეფხისტყაოსნის” თარგმნის მცდელობები მე-19 საუკუნიდან იწყება. დღეისათვის პოემა ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, ეს თარგმანები მრავალგვარია – ნაწყვეტები ტექსტიდან, მთლიანი, პროზაული თუ გალექსილი. უნდა ითქვას, რომ ამ ვერსიათა შორის განცალკევებით დგას მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი თარგმანი, ის ყველაზე სრულყოფილად გადმოსცემს რუსთველისეულ სიბრძნეს, რომელიც “ორგზისვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა.”

    “ვეფხისტყაოსნის” რუსულ ენაზე გადმოტანის მოკლე ისტორია ასეთია: 1802 წელს ევგნი ბოლოხვიტინოვმა გამოაქვეყნა პირველი სტროფის სიტყვასიტყვითი თარგმანი. 1845 წელს პოეტმა იპოლიტე ბარტდინსკიმ პეტერბურგში, ჟურნალ “ილლუსტრაციაში” (# 6,7) გამოსცა პოემის 142 სტროფი თეთრი ლექსის სახით, სათაური იყო: Тариель – Барсова Кожа. პოემა რუსAმთარგნელს გააცნო პეტერბურგში მყოფმა ქართველმა პოეტმა გრიგოლ დადიანმა, ხოლო მუშაობისას მას დავით ჩუბინაშვილის პწკარედით უსარგებლია. ეს იყო რუსთაველის პოემის ერთ-ერთი პირველი თარგმანი. პოემის რუსულად გადმოტანის კიდევ რამდენიმე მცდელობა იყო, მათ შორის აღსანიშნავია ი. ევლახოვის, ა. აბაშიძის პროზაული თარგმანი. აქვე უნდა ვახსენოთ მე-19 ს-ის საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში თვალსაჩინო ფიგურა იონა მეუნარგია, ვისი ლიტერატურული ინტერესებიც მრავალ სფეროს მოიცავდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის “ვეფხისტყაოსნის” გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. მასვე ეკუთვნის პოემის მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი, რომელიც ორჯერ, 1888 და 1890 წწ-ში გამოიცა, და, სხვათა შორის, “ვეფხისტყაოსნის” პირველი სრული ფრანგულენოვანი თარგმანიც, რაც ამჟამად დაკარგულია. შემდეგ ნიკო მარმა თარგმნა რუსულად პროლოგი და ეპილოგი. რუსულ ენაზე დღეს ჩვენ პოემის ხუთი სრული თარგმანი მოგვეპოვება, ესენია ბალმონტის, პეტრენკოს, ცაგარელის, ნუცუბიძისა და ზაბოლოცკის. ამ მშვენიერ თარგმანებში, ვითარცა მნათობი ვარსკვლავთა შორის, შეუდარებელი ოსტატობით გამოირჩევა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ნაღვაწი. ეს თარგმანი პოეტური ღირსებით უორდროპისეულ ვერსიასაც აღემატება, რომელშიც პროსოდიული და პოეტური მხარე დაკარგულია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იდეალურ შემთხვევაში “ვეფხისტყაოსანზე” ორი მთარგმნელი უნდა მუშაობდეს – ენის მცოდნე ქართველი და ქართულის მცოდნე უცხოენოვანი სპეციალისტი, რათა მოხერხდეს პოემის დაფარული სიბრძნისა და გარეგნული ბრწყინვალების სრულყოფილად გადმოცემა. შალვა ნუცუბიძის შემთხვევაში ჩვენ გამონაკლისთან გვაქვს საქმე – დიდ ფილოსოფოსზე უკეთ ვერავინ ჩასწვდებოდა რუსთველის ტექსტის ჰერმენევტიკას, ხოლო მისმა თავანკარა რუსულმა თვით რუსი ლიტერატორებიც განაცვიფრა. ალექსეი ტოლსტოის უთქვამს, არ მეგონა, თუ რუსულ ენას ესოდენ დიდი შესაძლებლობები ჰქონდაო.

    მეტად საინტერესოა შალვა ნუცუბიძის თავსგადახდენილი ისტორიაც. როდესაც დიდი ფილოსოფოსი ავადსახსენებელ 1937 წელს დააპატიმრეს სხვა მრავალ მოღვაწეთა მსგავსად, სრულიად შემთხვევით გადაურჩა დახვრტას. მიზეზი იყო ის, რომ მას “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა დაევალა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, თავად შოთა რუსთაველმა გადაარჩინა ჩვენი დიდი მოღვაწე უდროოდ სიკვდილს. ამ დროისათვის მეცნიერს პოემის დიდი ნაწილი უკვე ნათარგმნი ჰქონდა და მან წლიწადნახევარი მოითხოვა სამუშაოს დასასრულებლად. იოსებ სტალინი თავად ადევნებდა თვალს “ვეფხისტყაოსნის” რუსულად თარგმნას, და საბოლოო შედეგით მეტად კმაყოფილი დარჩენილა. ტექსტის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ნუცუბიძისა და სტალინის შეხვედრა.

    შალვა ნუცუბიძის თარგმანს გარდა თავისთავადი ღირებულებისა, კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია, ის იქცა დედნად მრავალი სხვაენოვანი თარგმანისათვის. მომხსენებელმა წარმოადგინა ის თარგმანები, რომლებიც ნუცუბიძის რუსული თარგმანის გავლენით ან ნუცუბიძის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა. მთარგმნელები, რომლებმაც პოემა ნუცუბიძის რუსული თარგმანის გაცნობის შედეგად თარგმნეს არიან: რუმინელი პოეტი ვიქტორ კერნბახი, რომელიც 1957 წელს თბილისში ყოფნისას შეხვდა ნუცუბიძეს და მადლობის გამომხატველი გულითადი წარწერით აჩუქა თავისი თარგმანი; ასევე პოლონელი პოეტი და Mმთარგმნელი იგორ სიკირიცკი ნუცუბიძისადმი მირთმეული წიგნის წარწერაში დიდ მადლობას მოახსენებს შ. ნუცუბიძეს, რომლის თარგმანმა სურვილი აღუძრა, გასცნობოდა საქართველოს და პოლონურად ეთარგმნა რუსთველის ქმნილება (1967).

    1963 წელს ნუცუბიძეს ბინაზე ეწვია რუსთაველის პოემის იაპონურ ენაზე მთარგმნელი იპეი ფუკურო მეუღლესთან ერთად. ეკრანზე ვიხილეთ ამ შეხვედრის ამსახველი ლამაზი ფერადი ფოტოები. თავისი თარგმანი ფუკურომაც დიდი მადლობითა და ღრმა პატივისცემით გამსჭვალული წარწერით აჩუქა ნუცუბიძეს.

    საინტერესო იყო, აგრეთვე, ნუცუბიძის რედაქტორობითა და კონსულტაციებით შესრულებული სხვა თარგმანების ისტორიაც. სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა სერგი წულაძემ შალვა ნუცუბიძის კონსულტაციით თარგმნა ფრანგულად “ვეფხისტყაოსანი”. დღეს ეს ტექსტი ფრანგულენოვან თარგმანებს შორის საუკეთესოდ არის მიჩნეული, და წლევანდელი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეს თარგმანი გამოიცა უორდროპის ნაშრომთან ერთად. შალვა ნუცუბიძის ხელი ატყვია, ასევე, მარია პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე შესრულებულ თარგმანს; და აგრეთვე — ავსტრიელი პოეტის, ჰუგო ჰუპერტის თარგმანს გერმანულ ენაზე. ჰუპერტი 1979 წელს გამოცემულ მოგონებათა წიგნში იხსენებს მისთვის დაუვიწყარ შეხვედრებს შ. ნუცუბიძესთან. აღსანიშნავია, რომ ჰუპერტისა და წულაძის თარგმანებმა ავსტრიასა და საფრანგეთში უმაღლესი ლიტერატურული პრემიები დაიმსახურეს.

     

    ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე:  https://www.facebook.com/pg/tsas.edu.ge/photos/?tab=album&album_id=709945275839783

    Суббота Декабрь 10th, 2016

    0 - комментарии к теме "შალვა ნუცუბიძე და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელები"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>