• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    გილოცავთ მირქმის დღესასწაულს!

    ახალი სტილით 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, და კანონით დადგენილი განწმენდის ვადის დასრულებისას, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი და მართალი იოსები ბეთლემიდან იერუსალიმში წავიდნენ. მოსეს სჯულისამებრ, მშობლებს ღვთისათვის უნდა შეეწირათ თავიანთი პირმშო, ხოლო მსხვერპლშეწირვისთვის მადლობის ნიშნად ორი მტრედის ხუნდი მიჰგვარეს ტაძრად.
    მირქმა არის ღმერთთან შეხვედრა კაცობრიობისა მართალი სვიმეონის სახით. სვიმეონ ღმრთისმიმრქმელი ღვთისმოსავი ადამიანი იყო, გადმოცემით, ბიბლიის ებრაულიდან ბერძნულ ენაზე სამოცდათორმეტ მთარგმნელთაგან ერთი. როდესაც ის ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა და წაიკითხა სიტყვები:L”აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ,” ეგონა, შეცდომა იყო და გადაწყვიტა, “დედაკაცი” დაეწერა “ქალწულის” ნაცვლად. მაშინ ღვთის ანგელოზმა გაუჩერა ხელი და აღუთქვა, არ იგემებდა სიკვდილის გემოს, ვიდრემდის არ იხილავდა ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს.
    დიდხანს, გადმოცემით, სამასი წელი, ელოდა მართალი სვიმეონი მესიის ხილვას. და აი, ამ დღეს სულიწმინდის ჩაგონებით ტაძარში წავიდა. როდესაც მარიამმა და იოსებმა ყრმა იესო მოიყვანეს, სვიმეონმა გულში ჩაიკრა ჩვილი და წარმოთქავა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი.” ხოლო დედა ღმრთისმშობელს უწინასწარმეტყველა: “და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი.”
    ყრმა იესოს მაშინ მიეგება ანა წინასწარმეტყველიც, ფანუელის ასული ასერის ტომიდან, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელიც ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მოელოდა მეუფეს ისრაელისა.
    ამის შემდეგ მალევე განეშორნენ სოფელს სვიმეონი და ანა, გარდაიცვალნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრული ძველი სჯულისა, ნათესავით ჰურიანი, მაგრამ მადლით ქრისტიანენი, ნეტარნი, რამეთუ თვალთა მათთა იხილეს და ხელთა მათთა იტვირთეს ყრმა იესო.
    მირქმა საუფლო დღესასწაულთა რიგს განეკუთვნება. მაგრამ ლიტურგიკული შინაარსით ის ღმრთისმშობლის დღესასწაულებთან დგას ახლოს. მირქმის სადღესასწაულო ხატზეც ქრისტესა და ღმრთისმშობლის გამოსახულებები მნიშვნელობით თანაბარნი არიან.
    ყველას გილოცავთ ამ საოცარ დღესასწაულს, როდესაც გული ერთდროულად გვევსება სიხარულითა და დარდით. სიხარული განკაცებული მაცხოვრის ხილვას მოაქვს, მწუხარება კი — იმ სამომავლო სატანჯველს, ღვთაებრივმა ყრმამ რომ უნდა დაითმინოს, რაც ლახვარივით განკვეთს დედა ღმრთისმშობლის გულს. და მაინც, აღვიმსთოთ დღეს შიშითა და კრძალვით უფლისა მიმართ და სიხარულით მივეგებოთ ძეს ღმრთისა სიტყვებით: “გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა მას და სასურველს, და ვიხილო, რომელსა-იგი წინაითვე ვუხილავ!”

    ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი. იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

    კონდაკი: საშო რაი ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწრვე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩვენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კათმოყვარე.

    Вторник Февраль 14th, 2017

    0 - комментарии к теме "გილოცავთ მირქმის დღესასწაულს!"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>