• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ზურაბ ჭუმბურიძე — ღვაწლი პატრიარქისა

    საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებული და სრულიად გამორჩეულია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ღვაწლი.

    მთელი მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია ღვთისადმი, ერისადმი სამსახურისა და თავდადებისა, მისი ცხოვრების გზისათვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ გავიაზროთ, რა შეძლო მან ამ გზის დასაწყისიდან დღემდე.

    კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები უაღრესად მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანები ყოფილან. თავიანთი ახალშობილი შვილი მათ ქრისტეს შობის დღეს მოუნათლავთ ვლადიკავკაზის ქართულ ტაძარში და მისთვის ერეკლე მეფის პატივსაცემად ირაკლი დაურქმევიათ. მონაზონს, დედა ზოილეს, თავისი ნათლული ხშირად დაჰყავდა თურმე სამთავროს მონასტერში, სადაც ყმაწვილ ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის — კალისტრატე ცინცაძისაგან. თავისთავად ცხადია, ასეთი გარემოცვა, მთელი მისი ოჯახისა და ოჯახთან დაახლოებული ადამიანების მაღალი სულიერება განსაზღვრავდა მის მომავალს. თავად პატრიარქი აღნიშნავს: არ მახსოვს ჩემი თავი რწმენისა და სიყვარულის გარეშეო და იმასაც იხსენებს, როგორ კიცხავდნენ და სჯიდნენ მას სკოლაში ამ რწმენისა და ღვთის სიყვარულის გამო.

    კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მორწმუნე ადამიანებისათვის უაღრესად მძიმე ვითარება იყო შექმნილი. ეკლესიის მესვეურებს სდევნიდნენ და ყოველმხრივ ავიწროებდნენ. «ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზეო», — იგონებს მისი უწმიდესობა.

    როდესაც მან ღვთისმსახურება დაიწყო, მისი ერთი პირველთაგანი საზრუნავი იყო მრევლი და სასწავლებლებში სასულიერო განათლების დამკვიდრება. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის დაარსებულ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და მქონდა ურთიერთობა მართლაც ღვთით მოვლენილ ადამიანთან.

    კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის 4 ათეული წელი საქართველოს ეკლესიაში უმნიშვნელოვანესი ძვრების ხანაა. აი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთავრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს ასრულდა მრავალი მორწმუნე ქართველის ოცნება: უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მას მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია;  მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიათა რიცხვი; აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი — წმიდა სამების სახელობის საქათედრო ტაძარი; გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება; დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. მოხდა ახალი წმიდანების კანონიზირება.

    უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი საეკლესიო მოღვაწის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დაბადების 150 წლის იუბილეზე ბრძანა: «ღვაწლი და ჯვარი პატრიარქისა ძალიან მძიმეა, მაგრამ უფალი, რომელიც აძლევს ამ ჯვარს, ეხმარება მას მის ტარებაში. 32-დან 52 წლამდე 20 წელია და მე ვფიქრობ, რომ კალისტრატეს გარდა, ვერავინ გაუძლებდა ამ სიმძიმეს».

    მჯერა, იმავეს იტყვის შთამომავლობა ჩვენს მძიმე დროში თავად ილია მეორის მოღვაწეობაზე.


    ზურაბ ჭუმბურიძე

    Воскресенье Март 12th, 2017

    0 - комментарии к теме "ზურაბ ჭუმბურიძე - ღვაწლი პატრიარქისა"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>