• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ზურაბ ეკალაძე — მადლი და თავისუფლება

    საღვთისმეტყველო წერილები — მადლი და თავისუფლება

    ქრისტიანის ცხოვრება წარმოუდგენელია საეკლესიო საიდუმლოებათა გარეშე, რომელთა გამაერთიანებელ ძალასაც მადლი წარმოადგენს. ღვთის მადლის მოქმედებისა და ადამიანის თავისუფლების ურთიერთმიმართება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია როგორც ზოგადად ღვთისმეტყველებისთვის, ისე, კერძოდ, ანთროპოლოგიისათვის, რადგან ეს საკითხი უშუალო კავშირშია სოტერიოლოგიასთან ანუ ადამიანის ცხონების შესახებ სწავლებასთან. აქვე იმასაც დავსძენთ, რომ მადლისა და თავისუფლების პრობლემას სხვაგვარად განიხილავენ კათოლიკე და პროტესტანტი თეოლოგები და მათი მართლმადიდებლური მოძღვრებიდან გადახვევა ამ საკითხშიც ცნაურდება.

    რა მემკვიდრეობა დარჩა ადამიანს ადამის „სიმდიდრიდან“ ცოდვით დაცემის შემდგომ? გონება, დაცემამდე მჭვრეტელობის უნარის მქონე, დღეს დაბინდულია და მისი შესაძლებლობები მკვეთრადაა შემცირებული, ნება — ცოდვისაკენაა მიდრეკილი, მუდამ მერყეობაში მყოფია, სინდისი — სადღაც სულის სიღრმეშია ჩაკარგული, რწმენა — მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სიყვარული — ფერფლის და ნაცრის ქვეშ მყოფი ღადარია. სწორედ ამ „სუსტ წერტილებზე“ მოქმედებს ღმერთი თავისი მადლით. წმიდა მაკარი დიდი ამბობს: „ადამიანს ძალუძს შეეწინააღმდეგოს ცოდვას, მაგრამ ღვთის შეწევნის გარეშე ბოროტებას ვერ სძლევს.“ მას მადლი წარმოუდგენია ადამიანის განმანათლებელ და გამათბობელ სინათლედ და ცეცხლად. იგია ცეცხლი, რომელზეც მაცხოვარი ამბობს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და არა მნებავს რა აწვე აღეგზნას…“ (ლუკა 12.49). იოანე კიბისაღმწერელი მადლს არანივთიერ ცეცხლს უწოდებს, ხოლო ისააკ ასური — სულიწმიდის ცეცხლს, რომელიც გულზე მოქმედებს. მადლი საიდუმლოდ ჩნდება გულში „მბრწყინავი სხივის მსგავსად და ანათებს სულს“ (წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). გული მადლის სათავსოს წარმოადგენს. ქრისტიანის გულში მადლის ძალა ნათლისღებისას გადმოდის და იქ რჩება მუდმივ შინაგან ფაქტორად — განმწმენდ, მაკურნებელ,  მაჰარმონიზებელ, ანუ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად აპოკატსტასისა ( ე.ი. ოდესღაც დაკარგული ნეტარების კვლავაღდგინებისა). მადლი საფუძველია კათარზისის (განწმენდის) მისტიკური პროცესებისა, გაცისკროვნებისა, განათებისა, მჭვრეტელობისა და რელიგიური ინტუიციისა.

    მარკოზ მონაზონი ამბობს: „მადლი ნათლისღებით საიდუმლოდ გვეძლევა. იგი მცნებების აღსრულების ანალოგიურად მოქმედებს და არ წყვეტს საიდუმლოდ მოქმედებას.“ მის მოქმედებას ადამიანი გრძნობს ყოველი სათნოების აღსრულების დროს. მადლი — უხილავი ნათელი — ხან კაშკაშებს, ხან სუსტად ანათებს. დიადოქოს ფოტიკელი ამბობს, რომ მადლი ნათლისღების შემდგომ გონიერ გრძნობაში იფარება. მადლი ხდის ჭვრეტას ჭეშმარიტს (ისააკ ასური ).  სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი განარჩევს მადლის ორ ხარისხს — ნათლობით მიღებულ მადლსა და სრულყოფილ მადლს, როგორც სრულყოფილთა საბოძვარს.

    მაგრამ ცოდვა პიროვნული ნებელობიდან გამომდინარე ნათლისღების შემდგომაც ცოცხლობს ადამიანში, გულის, სულის ბნელ სიღრმეებში. მართალია, წყაროდან წმინდა წყალი გადმოედინება (მადლი), მაგრამ ჭურჭელი ჯერ კიდევ არაა სრულად განწმედილი. მადლს ძალუძს ცოდვასთან შეხება ისე, რომ თავად არ შეიბილწოს, მისი ამოცანა ისაა, რომ სულის ყველა მხარე მოიცვას და ცოდვის ძირიც გაახმოს, თავისუფალი ნებიდან რომ ამოზრდილა. როდესაც სულზე ცოდვა ბატონობს, მდგომარეობა იცვლება, მაგრამ მადლი არც მაშინ ტოვებს სულს. იოანე ოქროპირი უფრო კონკრეტულად საუბრობს სულსა და გონებაზე მადლის მოქმედების შესახებ: „მადლის მიერ იწყებს გონება მოქმედებას, მაგრამ ამ დროს საჭიროა ადამიანის ნების დასტური, რომელსაც ელოდება უფალი, რადგან ნების თავისუფლება ხელშეუხებელი საკურთხეველია ჩვენის სულისა“.

    გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ მადლის მოქმედებით „განსჯა ნელ-ნელა ღებულობს კურნებას, ჩნდება ცოდნა და რწმენის პირველი ყლორტები“. ამას შემდგომ მოსდევს მადლის უშუალო შეხება სულთან. ამ დროს ადამიანს შინაგანი ხმა ესმის, „რადგან სულიწმიდის მადლი მის გონებას სიწმინდის ღვთაების საცხოვრისად გარდაქმნის“ (კირილე იერუსალიმელი).

    ახლა უშუალოდ მადლისა და თავისუფლების საკითხს შევეხოთ, რომელსაც აუარებელი ლიტერატურა ეძღვნება. მართლმადიდებლური სწავლებით, ადამიანის ცხონება იწყება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე იგი თვითონ გადადგამს ნაბიჯს ამ გზაზე (წმიდა იოანე ოქროპირი). მადლი არ მოქმედებს ცალკე,  ადამიანის მონაწილეობის გარეშე,  და მას რამდენიმე საფეხური გააჩნია. იგი მოქმედებას გონებიდან იწყებს, შემდეგ მოიცავს გულს და ბოლოს ეხება ნებას და სწორედ იქ ხდება მისი „კონცენტრაცია“, რაც ნების თანდათანობითი გადახრით გამოიხატება ერთ,  ან მეორე მხარეს. უკანასკნელი მომენტი ყველაზე მთავარია, რომლის დადგომასაც სულიწმიდის მადლი ელოდება,  რათა უფრო სრულად გამოავლინოს თავისი მოქმედება. მადლი ყველა ადამიანზე მოქმედებს, მაგრამ ყველგან ვერ პოულობს სათანადო ნიადაგს,  სადაც პოულობს,  იქ იგი „გამომრჩევლად იქცევა,“ რაც ადამიანის ქრისტესადმი ლტოლვაში გამოიხატება.

    ადამიანში ნათლისღებით ყველაფერი არ იცვლება. მისი ბუნების  არსებითი ცვლილება არ ხდება, სულის ძალების გარდაქმნა არ ხდება პიროვნული ნებელობის შესაბამისად. თვით ბოროტებაც მთლიანად არ ისპობა, ხდება მხოლოდ „ბოროტების უწყვეტობის“ გადაჭრა, განკვეთა, ადამიანი წყდება მასთან შეზრდილ ბოროტებას. მაგრამ რჩება ის ჩვევები, მიდრეკილებანი, რომელნიც ნებაში არიან ჩაბუდებულნი, ანუ იმ სფეროში რომელიც ხელშეუხებელია თვით ღვთისათვისაც კი  (წმიდა იოანე ოქროპირი). ამიტომაცაა, რომ ნათლისღება არ აღმოფხვრის მავნე ჩვევებს — ცოდვის ნარჩენებს. „ცოდვებს სპობს ემბაზი, ხოლო ჩვევა თვითონ გამოასწორე“, ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. ირინეოს ლიონელი წერს: „ნათელი მადლისა არ გვიმონებს ძალდატანებით“.

    მადლი და თავისუფლება ერთიანად და განუყრელად მოქმედებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე,  თუკი რაიმე სხვა ცოდვამ არ განაშორა ისინი ერთმანეთს.

    მარკოზ მოღვაწე: „ყოველგვარი კეთილი საქმე, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი ძალებით ვაკეთებთ, განგვაშორებს ცუდ საქმეებს, მაგრამ მადლის გარეშე განწმენდა შეუძლებელია, იგი აღვიძებს სინდისს,“ რაც საწინდარია სინანულისა და ადამიანის ცხონებისა.


    ზურაბ ეკალაძე

    Воскресенье Март 12th, 2017

    0 - комментарии к теме "ზურაბ ეკალაძე - მადლი და თავისუფლება"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>