თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას საქართველოსა და უცხოეთის მრავალ სასწავლებელთან აქვს დამყარებული საქმიანი ურთიერთობანი, მათ შორის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სახით. ჩვენი სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები სწავლის გასაგრძელებლად იგზავნებიან სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრებში — საბერძნეთში, გერმანიაში, რუსეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში…
ათენის უნივერსიტეტში თორმეტი ქართველი ახალგაზრდა იღებს განათლებას. ზოგი მათგანი აქ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიიდან არის წარგზავნილი ჩვენი პატრიარის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მე-2-ის ლოცვა-კურთხევითა და მისივე სარეკომენდაციო წერილით. ეს ახალგაზრდები არიან: ნიკოლოზ ღონღაძე, დავით ნებიერიძე, ვანო შოშიაშვილი, დავით პაპიაშვილი. სხვები სხვადასხვა ეპიკოპოსთა კურთხევით გაემგზავრნენ საბერძნეთში, ესენი არიან: თორნიკე მამნიაშვილი, კახა უსუფაშვილი, ნინო საძაგლიშვილი, ზაქარია ნათენაძე, დავით ზაზაშვილი, იოსებ არჩვაძე, გურამ გიორგაძე, გურამ ლურსმანაშვილი.
ჩვენი სემინარიის კურსდამთავრებულები გურამ გიორგაძე, გურამ ლურსმანაშვილი, ვანო შოშიაშვილი და დავით პაპიაშვილი პირველ კურსზე არიან. დავით ზაზაშვილი, თორნიკე მამნიაშვილი და იოსებ არჩვაძე მეორე კურსზე სწავლობენ, ნიკოლოზ ღონღაძე და დავით ნებიერიძე ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსზე გადავიდნენ, ისინი სოციოლოგიური თეოლოგიის განხრით სწავლობენ (ნიკოლოზ ღონღაძეს დასრულებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, დავით ნებიერიძეს კი — სასულიერო სემინარია), ნინო საძაგლიშვილი რომელიც თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, უკვე მეოთხე კურსს ამთავრებს, მასთან ერთად სწავლობს ზაქარია ნათენაძეც.
საბერძნეთში ჩასვლისას სტუდენტები ვალდებულები არიან, გაიარონ ექვსთვიანი ენის კურსები. ამ კურსების დასრულებით ისინი შესაბამისი, ბე-მეორე კატეგორიის სერტიფიკატს იღებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ მათ უფლება, ჩაერთონ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.
ენის კურსებზე ყოფნისას სტუდენტები მხოლოდ ლინგვისტური კუთხით როდი ეცნობიან საბერძნეთს, ისინი დაჰყავთ ექსკურსიებზე მუზეუმებში, ქვეყნის სხვადასხვა მხარის დასათვალიერებლად. ახალგაზრდები ნახულობენ საბერძნეთის მრავალ ღირსშესანიშნაობას — ათენის ამფითეატრს, აკროპოლისს, დელფოს სამისნოს, არეოპაგს… ისინი ეწვივენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებრე ქალაქ ნავპლიოს. ნავპლიო იყო საბერძნეთის პირველი დედაქალაქი ქვეყნის თურქთაგან გათავისუფლების შემდეგ. აქ არის ბერძნების მიერ აღებული პირველი ციხე, 999 საფეხურით. დღეს ეს ადგილი ტურისტების მოხილვის ცნობილი ადგილია.
სასწავლო პროცესი კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩვენგან რამდენადმე განსხვავებულია. სასწავლო საგნების ნაწილი აქ არჩევითია, ნაწილი — სავალდებულო, სულ 57 საგანი უნდა იქნას გავლილი. სტუდენტები მხოლოდ ლექციებს ესწრებიან, სემინარები აქ არ ტარდება. რამდენიმე საგანში ინიშნება შუალედური გამოცდა. საზოგადოდ, ცოდნის შეფასება ათქულიანი სისტემით ხდება. ამას გარდა, სტუდენტები ამუშავებენ 20-25 გვერდიან სავალდებულო თემებს, სემესტრში, სავარაუდოდ, ორ საგანში უწევთ თემის დამუშავება. ყოველ სტუდენტს პროფესორისგან ინდივიდუალური თემა ეძლევა შესასრულებლად.
თითო სემესტრში სტუდენტები საშუალოდ რვა სავალდებულო საგანს გადიან. ყოველი საგნისთვის ერთი სახელმძღვანელო არის განკუთვნილი. ეს სახელმძღვანელოები ადვილად ხელმისაწვდომია, ამასთან — უფასოც. საჭირო წიგნის თობაზე სტუდენტები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დებენ ინტერნეტ-განაცხადს. ამის შემდეგ მათ მისდის ინდივიდუალური კოდი და მაღაზიები საჭირო წიგნს დროებითი მოხმარებისთვის მათ უსასყიდლოდ გადასცემენ. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, შესაბამისი საგნის სახელმძღვანელო მათი საკუთრება ხდება. ამ სახით სტუდენტებს მცირე, მაგრამ უაღრესად საინტერესო და საჭირო პირადი ბიბლიოთეკა უგროვდება.
ჩვენი ახალგაზრდები ათენში სწავლის პერიოდში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ეს პანსიონი საბერძნეთის ეკლესიის კუთვნილებაა. ის უნივერსიტეტისგან შორს, ქალაქის მეორე ბოლოში მდებარეობს. აქ ახალგაზრდების განკარგულებაში არის შესანიშნავად მოწყობილი, კომფორტული ოთახები, ინდივიდუალური სველი წეტრილებით. თითო ოთახში ერთი ან ორი სტუდენტი ცხოვრობს. საცხოვრებელში სამჯერადი კვება არის დაწესებული, და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოა. უფრო მეტიც, სტუდენტები საბერძნეთის ეკლესიისგან ან საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურ სტიპენდიასაც იღებენ, 300 ევროს ოდენობით.
ამ პანსიონში ცხოვრება სხვა მხრივაც არის მიმზიდველი — აქ ხშირად მოდიან სტუმრები სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან: ანტიოქიიდან, ალექსანდრიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან…იმართება შეხვედრები, ლექციები, ეწყობა კონფერენციები. სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან არის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი, მე-8 საუკუნის ნაგებობა. აქაც შესანიშნავი ღოისძიებები იმართება.
რა თქმა უნდა, თავად ათენის უნივერსიტეტში ტარდება მრავალი საინტერესო შეხვედრა, კონფერენცია. ბოლოს დიდი ზეიმით აღინიშნა ათენის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 180 წელი. ამ თარიღის აღსანიშნავად ჩატარდა ხუთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია,რომელშიც ამ უნივერსიტეტისა და სხვა ქვეყნების პროფესორები იღებდნენ მონაწილეობას.
სამეცნიერო მუშაობაში ჩართულობასთნ ერთად უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვა აქტივობებსაც სთვაზობს, ეს არის ექსკურსიები, დასწრება კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე, შეხვედრები. მაგალითად, უნივერსიტეტის ეგიდით მათ დაათვალიერეს საბერძნეთის პარლამენტის შენობა, იმყოფებოდნენ წმ.ფილოთეას მუზეუმში. წმ. ფილოთეა მე-16 საუკუნის წმინდანია, თურქთაგან მოკლული. მისი წმინდა ნაწილები ათენის ძველ საკათედრო ტაძარში არის დასვენებული.
ქართველი ახალგაზრდები წარჩინებული სწავლით გამოირჩევიან, ისინი თითქმის ყველა საგანში უმაღლეს შეფასებას იღებენ. ამას წინათ დავით ნებიერიძემ გვასახელა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუდენტები სხვადასხვა საგანში სავალდებულო სამეცნიერო ნაშრომებს წერენ. დავით ნებიერიძემ დოგმატიკის საგანში დაამუშავა თემა «ღვთისმშობლის უცოდველობა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში.» ნაშრომში განხილულია მამათა სწავლება წმ. მარიამის შესახებ, რას გადმოგვცემდნენ ისინი ღვთისმშობლის შესახებ ქრისტიანობის დასაწყისიდან შუა საუკუნეებამდე. ათონელი წმინდა მამების სწავლებით, ღვთისმშობელი ისევე უცოდველია, როგორც ქრისტე. მართლმადიდებლური გადმოცემა ღვთისმშობლის უცოდველობაზე შედარებულია კათოლიკურ სწავლებასთან. დოგმატიკის პროფესორმა, ავიდოსის ეპისკოპოსმა კირილე კატერელისმა, ნაშრომი უმაღლესი, 10 ქულით შეაფასა. ამასთან, დავითი გამოცდიდანაც გაათავისუფლა. ამგვარი რამ ათენის უნივერსიტეტის პრაქტიკაში არ არსებობს. ქართველი სტუდენტის წარმატებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საუნივერსიტეტო წრეებში.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი აკადემიისა და სემინარიის კედლებში აღზრდილი ახალგაზრდების წინსვლა. ვულოცავთ მათ წარმატებებს და ვუსურვებთ, კეთილად გამოიყენონ უცხოეთში სწავლის წლები, რათა მათ ტვინსა და გულში გამოკვანძულმა ცხოვრების კვირტმა ძაღლყურძენა კი არა, მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანი მოისხას, და არასდროს ჩასწყდომოდეთ სინათლესა და სიბნელეს შორის გადებული ბეწვის ხიდი.
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები ათენში"