• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სტუმრები პერერვინის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიიდან

    თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველდღიური ცხოველი მუშაობაა გაჩაღებული — სწავლა, ლოცვებში მონაწილეობა, აქტიური სამეცნიერო საქმიანობა.აქ საჯარო ლექციების წასაკითხად მობრძანდებიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები — მეცნიერები თუ ხელოვნების მუშაკები. ყოველივე ამასთან, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მომლოცველთა მოხილვის ადგილადაც მოგვევლინა — ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ პერერვინის მართლმადიდებლური სემინარიის წარმომადგენლები.

    პერერვინის მართლმადიდებლური სემინარია მოსკოვში მდებარეობს.დაარსებულია 1775 წელს მოსკოვის მიტროპოლიტ პლატონ ლევშინის მიერ, სულიერებითა და მატერიალური შეძლებით სახელგანთქმულ ნიკოლო-პერერვინის მონასტერთან. ეს სემინარია დიდ საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა ერში, აქ ძირითად სასემინარო კურსთან ერთად დაარსებული იყო მოსამზადებელი განყოფილება, სადაც 10-15 წლის მოზარდებს ღებულობდნენ, ასწავლიდნენ წერა-კითხვას, უცხო ენებს, მართლმადიდებლური სარწმუნოების ანბანს. პერერვინის სემინარია ბოლშევიზმის ავბედით პერიოდში, 1918 წელს დაიხურა.

    დასრულდა სამოცდაათწლიანი კომუნისტური უდაბნო — სისხლიანი და საზარელი, დადგა გონზე მოსვლისა და ღმერთთან დაბრუნების ჟამი… 1996 წელს პერერვინის მონასტერთან გაიხსნა სამოძღვრო კურსები, გარკვეული ხნის შემდეგ ეს კურსები სასულიერო სასწავლებლად გადაკეთდა, ხოლო 2001 წლის 17 ივლისს დაწესებულებას ხუთწლიანი სწავლების კურსით, სასულიერო სემინარიის სტატუსი მიენიჭა. სემინარიის რექტორი გახდა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ვლადიმირ ჩუვიკინი.

    სწორედ რექტორის კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად მორწმუნეთა ჯგუფი. მომლოცველთა შორის იყვნენ პერერვინის სასულიერო სემინარიის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, მღვდელი ალექსანდრე ტოდიევი, სემინარიის კურსდამთავრებულები და სხვა მორწმუნენი. საქართველოში ყოფნის დღეებში მათ მეგზურობას უწევდა საქართველოს ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი ევროპაში, მამუკა ფუტკარაძე. სტუმრებმა თბილისის ტაძრების გარდა აღმოასვლეთ საქართველოს მრავალი წმინდა ადგილი მოიხილეს, იყვნენ დავით გარეჯის უდაბნოში, მცხეთაში, ასევე — ყაზბეგში. ბოლოს ეწვივენ ჩვენს აკადემიასაც, გაეცნენ ჩვენი სასწავლებლის სტრუქტურასა და საქმიანობას.
    ჩვენთვის სიურპრიზი იყო მათ მიერ ქართულ ენაზე შესანიშნავად შესრულებული საგალობლების მოსმენა. მეგობრული შეხვედრისას დაისახა მომავალი ერთობლივი საქმიანობის პერსპექტივებიც. შეხვედრის დასასრულს გადავიღეთ ერთობლივი სამახსოვრო ფოტო.

    Вторник Ноябрь 14th, 2017

    0 - комментарии к теме "სტუმრები პერერვინის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიიდან"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>