• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე

    ახალი სტილით 17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს, რომელიც ცხოვრობდა ურჯულო კეისარ მაქსიმიანეს დროს (IV ს.). წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში. მისი ოჯახის წევრები წარმართები იყვნენ. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ გადაწყვიტა იგი საზოგადოებისგან განცალკევებით აღეზარდა. ამ მიზნით, მან ქალიშვილს კოშკი აუგო და იქ გამოკეტა. მასთან შესვლის უფლება მხოლოდ წარმართ მასწავლებლებს ჰქონდათ, რომელნიც ცდილობდნენ ბარბარე კერპთაყვანისმცემლად აღეზარდათ. თუმცა, წმინდა ქალწული ხვდებოდა, რომ სამყაროს შემქმნელი არა მრავალი, არამედ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი უნდა ყოფილიყო. მომავალი წმინდანი არ ფიქრობდა არც ამ ქვეყნიურ დიდებასა და პატივზე და არც დაოჯახებაზე. დიოსკორეს ძალიან უნდოდა, რომ მისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ,,არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ამის შემდეგ, მამამ გადაწყვიტა ქალიშვილისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თავად მოინდომებდა გათხოვებას.
    ერთ დღეს ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო. მათგან შეიტყო ქრისტიანული მოძღვრების შესახებ და მალე მოინათლა კიდეც. ბარბარემ ქალწულების აღთქმა დადო და გამუდმებულ მარხვასა და ლოცვას მისცა თავი.
    დიოსკორეს ბრძანებით ბაღში ორსარკმლიან აბანოს აშენებდნენ. წმინდა ქალწულმა კი ხელოსნებს სამი სარკმელი გამოაკვეთინა, რითაც ყოვლადწმინდა სამებაზე მიუთითა. განრისხებულმა მამამ შვილი მმართველ მარკიანეს წინაშე წარადგინა. მან თავდაპირველად ტკბილი სიტყვით სცადა ქალწულის შემობრუნება კერპთაყავანისმცემლობისკენ, თუმცა წმინდა ბარბარესგან მტკიცე უარი მიიღო. ამის გამო მარკიანემ მისი გაშოლტვა ბრძანა. სასიკვდილოდ ნაცემი ქალწული უფალმა იმავე ღამეს სასწაულებრივად განკურნა. განრისხებულმა მმართველმა არაერთი სატანჯველი მოუვლინა წმიდა ბარბარეს, მაგრამ ამით ის კიდევ უფრო ძლიერდებოდა. წმინდა ბარბარეს შემხედვარე უამრავმა ადამიანმა იწამა ქრისტე (მათ შორის ჯალათებმაც). ბოლოს, მმართველ მარკიანეს ბრძანებით, წმინდანს საკუთარმა მამამ მოჰკვეთა თავი. მოწამეობრივი აღსასრულის წინ წმინდა ბარბარეს უფლისგან მოესმა: ,,მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

    შეგეწიოთ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე!

    ტროპარი: ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
    კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

    Суббота Декабрь 16th, 2017

    0 - комментарии к теме "წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>