2018 წლის 12-16 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიციალურად გაიხსნა რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის, კანადის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები, თბილისის სასულიერო აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაიგეგმა სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.
საერთაშორისო კვირეულში თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიიდან მონაწილეობდნენ დოქტორანტი გიორგი გველესიანი და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ესართია. მონაწილეთათვის ტარდებოდა ”დილის კონფერენციები”, რომელიც, ძირითადად, ცალკეული ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს ეძღვნებოდა. კონფერენციებს მოსდევდა სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ-გასართობი ღონისძიება, ექსკურსიები… ერთ-ერთ ექსკურსიას წინამძღოლობას უწევდა გიორგი გველესიანი. მან დიდი სიყვარულითა და მინდომებით დაწვრილებით გააცნო სტუმრებს მცხეთა, აზიარა მის სიწმინდესა და სიხარულს!… სასულიერო აკადემიის წარგზავნილებმა სამხედრო საქმეშიც ისახელეს თავი, კერძოდ, გიორგი ესართიამ ავტომატური იარაღიდან წარმატებული სროლისათვის სერთიფიკატიც კი დაიმსახურა. დიდი მოწონება და სერთიფიკატი დაიმსახურა გიორგი გველესიანის მიერ კონფერენციაზე წაკითხულმა თემამ ”საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა საქართველოში”.
და რაც ყველაზე მთავარია, ქართველმა ახალგაზრდებმა მშვიდობისათვის, სიყვარულისთვის, თავიანთი ქვეყნისთვის გულწრფელად მოფიქრალი შესანიშნავი ადამიანები დაიმეგობრეს.
0 - комментарии к теме "საერთაშორისო კვირეული ეროვნული თავდაცვის აკადემიაში"