დღეს, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წელს ხელმოწერილი მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა ქართველმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ლეონიდე ოქროპირიძის მეთაურობით დაიწყო.
1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.
1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის _ საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
0 - комментарии к теме "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე"