• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    მართალი ლაზარეს აღდგინება

    მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე შვიდეულის შაბათს, ბზობის დღესასწაულის წინა დღეს, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას ზეიმობს. მართალი ლაზარეს სიკვდილი და იესოს მიერ 4 დღის შემდეგ მისი სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგომა უშუალოდ წინ უძღვის მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებულ მოვლენებს და საეკლესიო სწავლებით ქრისტე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების ცოდვის საკვრელისაგან განხსნისა და სიკვდილის ტყვეობისგან გათავისუფლების წინასწარი უყება და სახე-სიმბოლოა.

    სახელი „ლაზარე“ ებრაული წარმოშობისაა და ქართულად ითრგმნება როგორც „ღმერთის წყალობა“. მართალი ლაზარე თავის დებთან, მართასა და მარიამთან ერთად იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში ცხოვრობდა. კაცთა მაცხოვარსა და მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს ძალიან უყვარდა ლაზარე და მისი ოჯახი და მისი მიწიერი ცხოვრების დროს ხშირად სტუმრობდა მათ. ლაზარეც და მისი დებიც მაცხოვრის ერთგული მოწაფეები იყვნენ. მეტიც, ლაზარეს, თავის „მეგობრად“ სახელდებს იესო ქრისტე: „ლაზარე მეგობარმან ჩემმან დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.“ (ინ. XI_11).

    ეს ამბავი წმიდა წერილში იოანეს სახარების XI თავშია მოთხრობილი. ბეთანიაში საღვთო დიდების გამოჩენისათვის მიბრძანებული მაცხოვარი ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს მიმართავს — „ლაზარე, გამოვედ გარე“, რასაც ამ უკანასკნელის მყისიერი აღდგომა მოჰყვება. მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე, რის გამოც შურით აღძრულმა იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა განიზრახეს, თუმცა ამაოდ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა.

    ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.“

    კონდაკი: „ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხი დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.“

    აღსანიშნავია, რომ 1985 წლიდან, ამავე დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს იხსენიებს, რომელშიც მითითებულია, რომ სახარებაში ქართველ ერს ლაზარე ჰქვია: „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა… და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!“

     

    Суббота Март 31st, 2018

    0 - комментарии к теме "მართალი ლაზარეს აღდგინება"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>