• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ბზობა

    დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას, იგივე ბაიაობას ზეიმობს, რაც მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას უკავშირდება. იგი ათორმეტ მოძრავ დღესასწაულთაგან რიგით პირველია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ამ მოვლენის შესახებ იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ზეთისხილის მთას, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მისთვის ისეთი ვირი მიეყვანათ, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა მოძღვრის ბრძანება შეასრულეს და მიჰგვარეს ვირი. მასზე საკუთარი ტანსაცმელი დაფინეს, რათა მაცხოვარი დამჯდარიყო.

    იოანე მოციქული მოგვითხრობს: „ხვალისაგან ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“ ეს ყველაფერი იმისათვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო ის, რის შესახებაც  წინასწარმეტყველი ზაქარია ბრძანებდა და რასაც მოციქულები მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ჩასწვდნენ: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდა ასული იერუსალიმისაი. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა“. (ზაქ. IX _ 8)

    იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალ მაცხოვარს ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა ქრისტეს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9). იმ დროისათვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა სახელოვან ადამიანთა შესახვედრად ამგვარი დახვედრის მოწყობა, 117-ე ფსალმუნის სიტყვებით მაცხოვრის შეგებებაც მათთვის საიმედო, წარჩინებული პიროვნების მიმართ ერის აღტაცებას წარმოაჩენდა.

    საგულისხმოა, რომ მაცხოვარმა მისი უსაზღვრო სიმდაბლის გამო ვირით (რომელიც ძველი აღთქმის ეკლესიისა და გარკვეულწილად მშვიდობის სიმბოლოდაც ითვლებოდა) ისურვა იერუსალიმში სამეუფეო მსვლელობით შესვლა და არა ცხენით (რომელიც ომისა და ბრძოლის საშუალება და სიმბოლო იყო). ვირი, რომელზეც მაცხოვარი იჯდა იუდეველ ერსაც განასახიერებდა, რომელიც ქედით დიდხანს ზიდავდა სჯულის უღელს და რომელსაც ეს უკანასკნელი, ქრისტეს ტკბილი უღელით უნდა შეეცვალა. გაუხედნავი კვიცი კი, რომელიც ვირს თან მიჰყვებოდა, წარმართთა სახე გახლდათ, რომელნიც ჯერ კიდევ არ იყვნენ საღვთო სჯულზე მოქცეულნი.

    აღნიშნული დღესასწაულის შემკობა დღესაც ბზისა და პალმის რტოებით ხდება.  ეს დიდი ხნის ტრადიციაა და პირველსავე საუკუნეებში იღებს სათავეს. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

    ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

    კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისაო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

    Воскресенье Апрель 1st, 2018

    0 - комментарии к теме "ბზობა"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>