• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

    ა.წ. 24 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიის 30-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სასულიერო განათლებას საქართველოში, მის ტრადიციებსა და თანამედროვეობას. კონფერენციის დაწყებამდე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, სამეცნიერო საბჭოს წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ,   ბატონმა გიორგი ტყემალაძემ, რომელმაც ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. მან მადლობა გადაუხადა აკადემიის რექტორს — პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და აკადემიის პერსონალს იმ დიდი შრომისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კედლებში.

    თბილისის სასულიერო აკადემიას საიუბილეო თარიღი მიულოცა განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ — ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. მან მაღალი შეფასება მისცა სასულიერო აკადემიაში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებს, რამაც განაპირობა სასწავლებლის ასეთი  წინსვლა.

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა საგანგებოდ გაამახვილა  ყურადღება სასულიერო აკადემიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ ამ 30 წლის მანძილზე ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ სასულიერო აკადემია  გადაქცეულიყო პირველხარისხოვან, უმაღლესი პროფესიული დონის სასწავლო დაწესებულებად. მან მადლობა გადაუხადა აკადემიის რექტორს — პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს  უდიდესი ძალისხმევისათვის, რამაც სასულიერო აკადემია აქცია მეთაურ უმაღლეს სასწავლებლად. ბატონმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, რომ, თუ დღეს  ჩვენ ამ დარგში წარმატება გვაქვს, ეს  მამა გიორგის  უშუალო დამსახურებაა.

    საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ  რთული და ძნელი იყო განვლილი ოცდაათი წელი, მაგრამ აკადემიისა და სემინარიის დამაარსებლის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბევრი რამ გაკეთდა აკადემიის წინსვლისათვის. მან ისაუბრა იმაზეც, თუ რაოდენ დიდი ღვაწლი გასწია სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სასულიერო აკადემიის განვითარების საქმეში, რომ მამა გიორგის ძალისხმევით მოხერხდა აკადემიის ავტორიზაცია, სამსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლა, შეიქმნა სადისერტაციო საბჭო და განხორციელდა საქართველოს ისტორიში პირველი დაცვა თეოლოგიის მიმართულებაში. პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია ის დაწესებულებაა, რომელსაც ვერ შეცვლის ვერც ერთი სხვა სასწავლებელი. ამის დადასტურებად მან მიიჩნია თბილისის საკრებულოში გამოფენილი წიგნები, მომზადებული სასულიერო აკადემიის გამომცემლობის მიერ.

    თბილისის სასულიერო აკადემიას საიუბილეო თარიღი მიულოცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ზაზა აბაშიძემ. მან ისაუბრა აკადემიის დაარსებაზე, მის ყველა რექტორზე. განსაკურებით გაამახვილა ყურადღება იმ დიდ წარმატებებზე, რომელსაც ბოლო წლებში  მიაღწია აკადემიამ, რაც, უდავოდ, მისი ამჟამინდელი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დამსახურებაა. ბატონმა ზაზა აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საქმიან თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ჩვენი მაგისტრანტების სადიპლომო ნაშრომების მაღალი დონე.

    თბილისის სასულიერო აკადემიას საიუბილეო თარიღი მიულოცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, რომელმაც ისაუბრა აკადემიის დიდ წარმატებებზე,   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ, რომელთაც ისაუბრეს აკადემიის უდიდეს მნიშვნელოაზე ჩვენი ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში და შემდგომი წარმატებები უსურვეს მას.

    ქ. თბილისის საკრებულოში გამართულ საიუბილეო კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი მაია რაფავა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე „სასულიერო განათლება საქართველოში — ტრადიციები“. მოხსენებებით წარდგნენ პროფესორი სერგო ვარდოსანიძე („სასულიერო განათლება საქართველოში — თანამედროვეობა“), პროფესორი ლელა ხაჩიძე („ჴმიანი გალობა, როგორც სასულიერო გალობის ნაწილი“), პროფესორი მერაბ ბუჩუკური („ხატწერა-რესტავრაცია — სასულიერო განათლების ერთ-ერთი დარგი“), პროფესორი გვანცა კოპლატაძე („თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების პირველი დღეები“).

    სხდომა შეაჯამა აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მიმართა  დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ შეუძლებელი იქნებოდა ყველა ამ წარმატების მიღწევა სრულიად სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის, მისი ავტორიტეტის, ძალისხმევისა და თანადგომის გარეშე. სასულიერო აკადემია და სემინარია პატრიარქის განსაკუთრებული მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ არის, ამდენად, როცა საუბარია აკადემიის წინსვლასა და წარმატებაზე, ამაში გადამწყვეტია ღვთის შემწეობა და პატრიარქის დამსახურება. ბატონმა რექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა გამომსვლელს და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის. მან  მადლობა გადაუხადა ბატონ სერგო ვარდოსანიძესა და ბატონ ზაზა აბაშიძეს თანამშრომლობისა და დახმარებისათვის.

    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, მადლობა  გადაუხადა სასულიერო აკადემიის ყველა ყოფილ რექტორსა და თანამშრომელს, სასულიერო აკადემიის პრორექტორებს, სამეციერო საბჭოს,   სასწავლებლის სულიერ მოძღვრებს, დეკანებს, კათედრის გამგეებს, პროფესორ-მასწავლებელთა მთელ კოლექტივს, ყველა თანამშრომელს, რომელთა მხრებზე გადადის მთელი შრომა და რომელებსაც უკავშირდება სასწავლებლის ყველა წარმატება.

     

    Среда Октябрь 24th, 2018

    0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>