• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ბარბარობა

    ახალი სტილით 17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს, რომელიც ცხოვრობდა ურჯულო კეისარ მაქსიმიანეს დროს (IV ს.). წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში. მისი ოჯახის წევრები წარმართები იყვნენ. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ გადაწყვიტა იგი საზოგადოებისგან განცალკევებით აღეზარდა. ამ მიზნით, მან ქალიშვილს კოშკი აუგო და იქ გამოკეტა. მასთან შესვლის უფლება მხოლოდ წარმართ მასწავლებლებს ჰქონდათ, რომელნიც ცდილობდნენ ბარბარე კერპთაყვანისმცემლად აღეზარდათ. თუმცა, წმინდა ქალწული ხვდებოდა, რომ სამყაროს შემქმნელი არა მრავალი, არამედ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი უნდა ყოფილიყო. მომავალი წმინდანი არ ფიქრობდა არც ამ ქვეყნიურ დიდებასა და პატივზე და არც დაოჯახებაზე. დიოსკორეს ძალიან უნდოდა, რომ მისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ,,არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ამის შემდეგ, მამამ გადაწყვიტა ქალიშვილისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თავად მოინდომებდა გათხოვებას.
    ერთ დღეს ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო. მათგან შეიტყო ქრისტიანული მოძღვრების შესახებ და მალე მოინათლა კიდეც. ბარბარემ ქალწულების აღთქმა დადო და გამუდმებულ მარხვასა და ლოცვას მისცა თავი.
    დიოსკორეს ბრძანებით ბაღში ორსარკმლიან აბანოს აშენებდნენ. წმინდა ქალწულმა კი ხელოსნებს სამი სარკმელი გამოაკვეთინა, რითაც ყოვლადწმინდა სამებაზე მიუთითა. განრისხებულმა მამამ შვილი მმართველ მარკიანეს წინაშე წარადგინა. მან თავდაპირველად ტკბილი სიტყვით სცადა ქალწულის შემობრუნება კერპთაყავანისმცემლობისკენ, თუმცა წმინდა ბარბარესგან მტკიცე უარი მიიღო. ამის გამო მარკიანემ მისი გაშოლტვა ბრძანა. სასიკვდილოდ ნაცემი ქალწული უფალმა იმავე ღამეს სასწაულებრივად განკურნა. განრისხებულმა მმართველმა არაერთი სატანჯველი მოუვლინა წმიდა ბარბარეს, მაგრამ ამით ის კიდევ უფრო ძლიერდებოდა. წმინდა ბარბარეს შემხედვარე უამრავმა ადამიანმა იწამა ქრისტე (მათ შორის ჯალათებმაც). ბოლოს, მმართველ მარკიანეს ბრძანებით, წმინდანს საკუთარმა მამამ მოჰკვეთა თავი. მოწამეობრივი აღსასრულის წინ წმინდა ბარბარეს უფლისგან მოესმა: ,,მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

    შეგეწიოთ წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე!

    ტროპარი: ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
    კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

    ასევე, ამ დღესვეა ხსენება წმინდა იოანე დამასკელისა, რომელიც VII-VIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი არის ავტორი არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დოგმატური ტიპის სახელმძღვანელო: ,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“.

     

     

    იოანე დამასკელიioane damaskeli

    ღირსი იოანე დამასკელი 686 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში. მისი მამა  სერგიოს  მანსური ხალიფას კარის ხაზინადარი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა — ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოზმა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიოსმა დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობისგან გამოისყიდა. ყმაწვილებმა, განსაკუთრებით კი იოანემ, საკვირველი ნიჭი გამოავლინეს და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი. ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც მიიღო.

    ამ დროს ბიზანტიაში აღმოცენდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელმაც იმპერატორ ლეონ III ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება. იოანემ მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გაააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ  ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავისი პირფერობითა და ლიქნით სავსე წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იოანეს იმავე საღამოს დაუბრუნეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად (იხ. 28 ივნისის საკითხავი).

    მომხდარი სასწაული რომ შეიტყო, ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა, ხელისუფალს სთხოვა, წინ არ აღდგომოდა მის გადაწყვეტილებას და დაითანხმა კიდეც.

    შინ დაბრუნებულმა უფლის რჩეულმა მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა, მაგრამ იღუმენს ძალიან გაუჭირდა მისთვის სულიერი წინამძღვრის მოძებნა: ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს გვარიშვილობითა და სიბრძნით განთქმული კაცი ბერისათვის შესაფერ მორჩილებას გამოიჩენდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხუცი, ღვთივგაბრძნობილი ბერი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს იდებდა იოანეზე ზრუნვას. მოძღვარმა სენაკში წაიყვანა წმიდანი და ასე დაარიგა: „ნუ ჰლაღობ შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათვის. და სწავლულობათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაჲთ უდარეს მათსა არს სასწავლო მონაზონთაჲ, არამედ ფრიადცა რაჲმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაჲ ამათი“. შემდეგ ბერმა ნეტარ მოწაფეს უბრძანა, მისი რჩევის გარეშე წერილიც არ მიეწერა არავისთვის და არასოდეს გაეხსენებინა და წარმოეთქვა ის, რაც საერო წიგნებში ჰქონდა ამოკითხული. იოანე უდრტვინველად დამორჩილდა კურთხევას. ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა გადაწყვიტა, სულიერი შვილი სიმდაბლეში გამოეცადა და დაავალა, მონასტერში დამზადებული კალათები დამასკოში წაეღო გასაყიდად. ბერმა ძმების ნახელავს ღირებულებაზე ბევრად აღმატებული ფასი დაადო, წმიდა იოანემ, დამასკოს საუკეთესო ოჯახის შვილმა, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გლახაკივით ჩამოძონძილმა დაიწყო ბერების ნახელავის გაყიდვა. გამვლელები წმიდანის საქონლის ფასს რომ გებულობდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ბოლოს ერთმა ყოფილმა მსახურმა იცნო და ისე, რომ არც გამოცნაურებია, ყველა კალათა შეისყიდა.

    გამოხდა ხანი. საბაწმიდის ლავრაში მცხოვრებ ერთ ბერს ძმა გარდაეცვალა და იოანეს სთხოვა, რაიმე შეექმნა მის სანუგეშოდ. წმიდანი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს მოყვასისადმი თანალმობამ სძლია და დაწერა თავისი ცნობილი ტროპრები შესვენებულსა ზედა. „ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად ჰშფოთებს ყოველი მიწითშობილი“, — ვკითხულობთ ერთ-ერთ მათგანში. სულიერი შვილის ურჩობამ მეტად განარისხა იოანეს მოძღვარი და იგი სენაკიდან გააძევა. ამაო იყო წმიდანის ცრემლიანი მუდარა და ვერც ძმების შუამდგომლობამ გაჭრა. მაშინ ერთ-ერთმა მოსაგრემ მოძღვარს სთხოვა, ეპიტიმიით განესწავლა შემცოდე და ამ უკანასკნელმაც იოანეს მონასტრის ყველა არაწმიდა ადგილის დასუფთავება დაავალა. უფლის რჩეულმა სიხარულით მიჰყო ხელი დავალებულ საქმეს, მისმა სულიერმა მამამ კი, ნეტარის ასეთი სიმდაბლე და მორჩილება რომ იხილა, სიხარულით ჩაიკრა იგი გულში და ცოდვაც შეუნდო.

    იმავე ღამეს მოძღვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, იოანესთვის მწერლობა არ აეკრძალა: „ამიერიდან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინის-მცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყვის ენით მისით“.

    როცა ღირსი მამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა შეიტყო, მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრებისკენ მოსწრაფე იოანე მალე დაუბრუნდა თავის სავანეს და აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლებს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა — 754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით — 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.

    იოანე დამასკელის სახელთან არის დაკავშირებული  საღვთისმსახურო პრაქტიკაში ჰიმნოგრაფიული კანონის დამკვიდრება. რვა ხმაზე გაწყობილი სამგალობლო სისტემის ,, რვა ხმათას“ შექმნა , რაც მთელ აღმოსავლურ ეკლესიაში დამკვიდრდა. იოანე დამსკელმა დაწერა საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონები და სტიქრონები , მას ეკუთვნის საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „ცოდნის წყაროს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: „სიბრძნისმეტყველება“ („ფილოსოფიური თავები“), „მწვალებლობათა აღწერა“ და „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“.

    იოანე დაამსკელი ჰინოგრფიული  მემკვიდრეობა ქართულად ითარგმნა IX-Xსაუკუნეებში საბა განწმენდილის ლავრაში მოღვაწე ქართველი მელოდოს- მთრგმენლების ,,, მეხელების“ მიერ და ეს თარგმანები შესულია უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში იადგარებში.

    წმ. იოანე დამასკელის შრომა: „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლია, რომლის ღირსებანი მრავალი კუთხით შეიძლება წარმოჩნდეს.

    1. აღნიშნული შრომა, დაწერილი VIII ს-ში, საუკეთესო წესით აჯამებს წინარე შვიდი საუკუნის მართლმადიდებელ მოძღვართა საღვთისმეტყველო სწავლებებს.
    2. შრომაში საეკლესიო ღვთისმეტყველება გადმოცემულია სისტემურად, თანმიმდევრული განხილვის მეთოდით, რაც მას უეჭველ სკოლარულ ფუნქციას აკისრებს.
    3. რთული დოგმატური საკითხები მოწოდებულია უაღრესად მოწესრიგებული, დაზუსტებული ტერმინებით, სრულად დეფინიცირებული გამონათქვამებით, რაც აუქმებს ორაზროვნების შესაძლებლობას.
    4. შრომას ახასიათებს არაარსებითისა და არსებითის გამიჯვნის განსაკუთრებული თვისება. სახეზეა მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო წყაროს ლაკონური თავმოყრა უდანაკარგოდ და უმტკიცესი დასკვნების ჩამოყალიბება, რაც აღნიშნულ ძეგლს ანიჭებს ერთდროულად უაღრეს კომპაქტურობასაც და შთამბეჭდავ მონუმენტურობასაც. ამდენად, იგი მონუმენტური მთლიანობის ნიმუშია.
    5. მოძღვრების ყოველი ნაწილი განმარტებულია სრული შინაგანი დარწმუნებულობით. თვით მოძღვრება (თუნდაც ყველაზე რთული სილოგიზმები) აღქმულია არა როგორც აბსტრაქცია, განყენებული თეორია, არამედ როგორც ოდენ ცხოველმყოფელობითი სიწმინდე, მადლის ვლენა. ამიტომ, ეს ნაშრომი არა თეორიული, არამედ სულიერი ძეგლია.
    6. ხსენებული შრომა წარმოადგენს წმ. იოანე დამასკელის ტრილოგიის მესამე ნაწილს. თვით ტრილოგიას ეწოდება „ცოდნის წყარო“. საგულისხმოა აქცენტირება სწორედ „ცოდნაზე“, რადგან აღნიშნული ტრილოგიის საღვთო მიზანდასახულობაა არა ბრმა, გაუაზრებელი რწმენის, არამედ გააზრებული, შემეცნებული, გაცნობიერებული ანუ ჭეშმარიტ ცოდნად ქცეული რწმენის შთანერგვა ჩვენში, რაც არის კიდეც მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამიტომაა, რომ „ცოდნის წყაროს“ არსებითი ნაწილი სწორედ „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემად“ არის წოდებული. ეს ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლობა იგივე საღვთო ცოდნაა, იგივე საღვთო ცოდნის წყაროა.
    7. სამეტყველო ენა ნაშრომისა არის ნათელი, სადა, აზრგამჭვირვალე, ადვილსაწვდომი. იგი განკუთვნილია ყველა მორწმუნისათვის. შესაბამისად, ეს ძეგლი საყოველთაო კატეხიზმოა, ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იმ კატეხიზმოთა შორის, რასაც კი საეკლესიო ისტორია იცნობს.

    იოანე დამასკელი აღმოსავლური ეკლესიის დოგმატური ღვთიმეტყველების  სახელმძღვანელოს ავტორად ითვლება და მის ნააზრევს ეფუძნება შემდგომი ეპოქების ღვთისმეტყველთა შრომები.

    იკონოგრაფიაში იოანე დამასკელს  თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელშიც მისი მოკვეთილი მარჯვენა იყო გახვეული და რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად.

     

    Понедельник Декабрь 17th, 2018

    0 - комментарии к теме "ბარბარობა"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>