2018 წლის 18 დეკემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების ელდემ ეხვაიას სამაგისტრო ნაშრომის: „წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის როლი ხატმებრძოლეობის ერესის საქმეში“ და ვახტანგ ყოლბაიას სამაგისტრო ნაშრომის: ,,წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული მოღვაწეობის ისტორია“. ორივე თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რეცენზენტი: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე.
დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები.
მაგისტრანტ ელდემ ეხვაიას ნაშრომში წარმოდგენილი იყო წმინდა ნიკიფორეს დაცვითი სიტყვის (მსოფლიო ეკლესიისადმი ხატების გამო ახალი უთანხმოების შესახებ) და მისი ისტორიული ნაშრომის ,,მოკლე ისტორია“ და პოლემიკური ხასიათის ტრაქტატის ,,apologeticus atque antirrhetici“ თეოლოგიური ანალიზი.
მაგისტრანტ ვახტანგ ყოლბაიას ნაშრომში განხილული იყო ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული შინაარსის ტრაქტატის უმთავრესი პოსტულატები და არგუმენტები.
თემების ხელმძღვანელმა პროფესორმა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ ისაუბრა ნაშრომებში განხილული საკითხების აქტუალურობაზე თეოლოგიის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტებმა გულდასმით დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინეს. რეცენზენტმა, ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ გამოთქვა ნაშრომებისადმი კეთილგანწყობით რამდენიმე არსებითი შენიშვნა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა ორივე მაგისტრანტს დაუსვეს შეკითხვები.
დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომები ნამდვილად მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და კარგ შეფასებას იმსახურებს.
სამაგისტრო ნაშრომების ავტორებმა მადლობა გადაუხადეს პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე, თემის ხელმძღვანელს, პროფესორ, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს პროფესორ რუსუდან წიქვაძეს ნაშრომების გულდასმით წაკითხვისა და სასარგებლო რჩევებისთვის.
0 - комментарии к теме "სამაგისტროს დაცვა"