8 თებერვალი ქართველი ხალხისთვის კიდევ ერთი მიზეზით არის უმნიშვნელოვანესი თარიღი – ეს არის ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი და სულიერი მშობელი დღეს საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლო და სამეცნიერო დააწესებულებისა. ამ თვალსაზრისით ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე ყველა სხვა უნივერსიტეტისა თუ აკადემიის ზეიმის დღედაც მოიაზრება.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა საზეიმო ლოცვა. პარაკლისი გადაიხადეს სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირმა) – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელმა) – წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ), პროტოპრესვიტერმა გიორგიმ (ზვიადაძემ) – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, და სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურებმა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები და უცხოელი სტუმრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
მეუფე შიო მიესალმა საზოგადოებას და ბრძანა: „დღეს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს დიდი მეუფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ერის ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განათლების კერების დაფუძნება, მათ შორის, გელათის აკადემიის. შემთხვევითი არაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა უნივერსიტეტის დაარსება გადაწყვიტეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. პირველი უნივერსიტეტი ეფუძნება სწორედ იმ ღირებულებებს, რასაც იზიარებდა აღმაშენებელი.” მეუფე შიომ გაიხსენა უწმინდესის სიტყვები, რომ ურწმუნო ადამიანის ხელში ცოდნა საშიშ იარაღად იქცევა. ამიტომ განათლება ზნეობრივ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამგვარი, მაღალი მორალური პრინციპების მატარებელნი იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი. ამ მადლიან, რწმენისა და ცოდნის ერთობის გზას ადგა ჩვენი უნივერსიტეტი, ათეისტური რეჟიმის პირობებში სწორედ მან, თბილისის უნივერსიტეტმა იტვირთა ერის სულიერი მოძღვრობის ფუნქცია.
ქადაგების დასასრულს მეუფე შიომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, საჩუქრად ღმრთისმშობლის ხატი გადასცა.
0 Responses on საზეიმო პარაკლისი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში"