თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყოველთვიური გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია” 1999 წელს სასწავლებლის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაარსდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის რჩევით, 2003 წლიდან გაზეთის სახელწოდება შეიცვალა, ეწოდა „კლიტე დავითისი” და ყოველ ნომერს ეპიგრაფად წაემძღვარა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან შემდეგი სიტყვები: „და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყვის წმიდა და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დახშული იგი”. გაზეთი ცდილობს, გაამართლოს თავისი სახელწოდება: „კლიტე დავითისი” ხომ ზეციური იერუსალიმის, ცის სასუფევლის გასაღებია, რომლის ერთადერთი მფლობელი მაცხოვარია.
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთს თავისი წვლილი შეაქვს სტუდენტთა განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაში. გაზეთის ინტერესის სფეროში შედის ძველი ქართული სასულიერო მწერლობის უკლებლივ ყველა დარგი. გაზეთის მიზანია, არაფერი გამორჩეს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი ცხოვრებიდან და შეძლებისდაგვარად ასახოს მიმდინარე მოვლენები.
„კლიტე დავითისი” ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს წინაპართა ნამოღვაწარის წარმოჩენაში.
გაზეთი სისტემატურად აწვდის მკითხველს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას მიაღწიეს სტუდენტებმა სასწავლებლის კედლებში. ყოველი მათგანის გამორჩეული საქმე აისახება მის ფურცლებზე.
დაბოლოს, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რითიც სასწავლებლის გაზეთი განსაკუთრებული და გამორჩეულია: მასში აისახება დიდი საეკლესიო მამების დანატოვარი. ეს ყველა ნომრის აუცილებელი ნაწილია. საეკლესიო სწავლების ღრმა წვდომისა და გათავისებისათვის ბევრის მომცემია მათი ნაშრომებიდან ამონარიდები, ზოგჯერ კი - მთელი ქადაგებები.
მოადგილეები: ასმათ ჯიქია, დეკანოზი იოანე ბარკალაია.
სარედაქციო კოლეგია: დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ედიშერ ჭელიძე, სერგო ვარდოსანიძე, ნინო მელიქიშვილი, ლეილა გეგუჩაძე, ირაკლი ორჟონია, ლელა ხაჩიძე, შორაენა ფარქოსაძე,გრივერ ფარულავა, თამთა ფარულავა, თამთა გრიგალაშვილი, ზურაბ ეკალაძე, გიორგი სიხარულიძე.