კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორ, პროფესორ ვლადიმერ ბურეგას ლექცია

თბილისის სასულიერო აკადემიას კიევის სასულიერო აკადემიასთან გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება,რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში ჩართულობასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღთან დაკავშირებით, თბილისს ეწვია კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორი,პროფესორი ვლადიმერ ბურეგა.
ვლადიმერ ბურეგა უკრაინაში, ქ. სუმიში დაიბადა1971 წ-ს. მან 1996 წ-ს წარჩინებით დაამთავრა სუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი,ხოლო 2000 წ-ს მოსკოვის სასულიერო აკადემია. აქვე დაიცვა დისერტაცია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვევლად. 2004-2008 წლებში ასწავლიდა მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების ისტორიის კურსებს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 2008 წლის სექტემბრიდან კიევის სასულიერო აკადემიაში ასწავლის სლავური ეკლესიების ისტორიას, დასავლური აღმსარებლობების ისტორიას და შედარებით ღვთისმეტყველებას. 2010 წლიდან დანიშნულია კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორად სამეცნიერო დარგში. არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატიც.
24 მარტს ვლადიმერ ბურეგა შეხვდა სასულიერო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. იგი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სტუმარმა რექტორს გადასცა აკადემიის შრომების საიუბილეო გამოცემა, რომელიც ეძღვნება კიევის სასულიერო აკადემიის დაარსების 400 წლისთავს. ამ კრებულში, როგორც სტუმარმა აღნიშნა, შესულია მამა გიორგის მისასალმებელი სიტყვაც,რომელიც მან კიევში სტუმრობისას წარმოთქვა.
ვლადიმერ ბურეგამ წაიკითხა საჯარო ლექცია მღვდელმთავარ პეტრე მოგილას მოღვაწეობის შესახებ. ლექცია მეტად საინტერესო იყო,მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები. დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუმარს დამსწრე საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ფერწერული ტილო გადასცა.

 

ვლადიმერ ბურეგას მიერ წაკითხული ლექცია

მღვდელმთავარი პეტრე მოგილა და მისი გავლენა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე

მღვდელმთავარი პეტრე მოგილა დაიბადა 1596 წ-ს სიმეონ მოგილას, რუმინეთისა და ვლახეთის მთავრის ოჯახში. ოჯახი მართლმადიდებლურ ტრადიციებს მისდევდა, სიმეონ მოგილამ და მისმა ძმამ ლვოვში მართლმადიდებელ ძმათათვის ააგეს ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და ძმობას მატერიალურადაც შეეწეოდნენ. 1607 წ-ს მოლდავეთის ტახტისათვის მებრძოლი სიმეონი მოწამლეს და დაობლებული ოჯახი დასავლეთ უკრაინაში გადავიდა. პეტრე მოგილამ განათლება ლვოვის ძმათა სკოლაში მიიღო, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის შემდეგ სწავლობდა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში ან პოლონეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში.
ახალგაზრდა არისტოკრატმა სამხედრო კარიერას მოჰკიდა ხელი, მაგრამ მალე ბერად აღიკვეცა კიევ-პეჩორის ლავრაში და 1627 წ-ს ის უკვე ლავრის არქიანდრიტად აირჩიეს. აი, ამ დროიდან იწყება მისი მსახურება უკრაინის დედაქალაში. როგორც ჩანს, მომავალ მღვდელმთავარს უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა მასშტაბური საეკლესიო რეფორმების გეგმა, რომლის უმთავრეს ნაწილსაც წარმოადგენდა პრინციპული ცვლილებები განათლების სფეროში. მან ლვოვის ძმათა სკოლიდან პედაგოგებად მოიწვია განსწავლული ბერები: ისაია კოზლოვსკი და სილვესტრ კოსოვი. სკოლა, რომელსაც “გიმნაზუმი” ეწოდა, გაიხსნა 1631 წ-ის შემოდგომაზე ზედა ლავრაში, სამების მონასტრის ტერიტორიაზე, ისაია დაინიშნა რექტორად, ხოლო სილვესტრი – პრეფექტად. სკოლაში პირველსავე წელს ასზე მეტი მოწაფე ჩაირიცხა.
არქიმანდრიტ პეტრესა და მისი თანამებრძოლების მიზანი იყო, სასწავლებლის დონე ევროპულისას გატოლებოდა. ამ მიზნით განსაკუთრებული ძალისხმევა დაეთმო ლათინური და, ასევე, პოლონური ენების შესაწავლას. ამასთან, სკოლის დამფუძნებლები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლურ კეთილმოწესეობას.
ახალი სკოლის გახსნას კიევში დიდი მღელვარება მოჰყვა – ლავრის ახალგაზრდა წინამძღვარს დაუპირისპირდნენ ნათლისღების მონასტრის ძმები. მათ არქიმანდრიტ პეტრეს ბრალი დასდეს, რომ დაარღვია 1631 წ-ს გარდაცვლილი მიტროპოლიტ იობის ანდერძი – მიტროპოლიტი იობი პირდაპირ კრძალავდა კიევში რაიმე ახალი სკოლის გახსნას. ამასთან, კიეველებს აღიზიანებდათ ლავრის სკოლის ლათინური ხასიათი. ძმობის წევრებს მხარი დაუჭირეს კაზაკებმაც, ისინი მოსაკლავად დასდევდნენ გიმნაზიის მასწავლებლებს. შემდგომში სილვესტრ კოსოვი იგონებდა, რომ ყოველ აღსარებასა და ზიარებას ისე ვიღებდით, როგორც უკანასკნელს, არ ვიცოდით, კიდევ გვაცოცხლებდნენ თუ არაო..
მაშინ არქიმანდრიტმა პეტრემ ასეთი ნაბიჯი გადადგა: 1631 წ-ის 30 დეკემბერს კიევის საძმოსთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ეს ორი სკოლა გაერთიანდა, ოღონდ ამ გაერთიანებული სკოლის მესვეური თავად უნდა ყოფილიყო. სკოლა ლავრაში აღარ რჩებოდა, არამედ ძმობის მონასტერში განთავსდებოდა. რექტორი გახდა ისაია კოზლოვსკი. სკოლის გაერთიანება დაამტკიცეს კიევის მიტროპოლიტმა ისაია კოპინსკიმ და გეტმანმა ივანე პეტრაჟიცკიმ. ამ დროიდან გაერთიანებულ სკოლას ეწოდა კიევის კოლეგია.
1632 წ-ის 3 ნოემბერს ვარშავის სეიმზე მართლმადიდებელმა დეპუტატებმა პეტრე მოგილა აირჩიეს კიევის, გალიციისა და მთელი რუსეთის მიტროპოლიტად. 1633 წ-ის 14 მარტს ეს არჩევა დაამტკცა პოლონეთის ახალმა მეფემ ვლადისლავ IV-მ. პეტრე მოგილამ მიტროპოლიტად დამტკიცების სიგელი კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირილე ლუკარისისაგან მიიღო აპრილის დასაწყისში და უკვე თვის ბოლოს ლვოვის მიძინების ტაძარში შესრულდა მისი საეპისკოპოსო ქიროტონია. ახალი მიტროპოლიტი კიევში ივლისის დასაწყსში ჩამოვიდა, თუმცა კიევის მიტროპოლიტის კათედრა ამ დროს ისაია კოპინსკის ეჭირა, რომლის ძალაუფლებას პოლონეთის მთავრობა არ ცნობდა. ისაია გადააყენეს და 1635 წლამდე ის კიევის ზლატოვერხის მონასტრში ცხოვრობდა, შემდეგ – პოლესიეში. მიტროპოლიტი ისაია 1640 წ-ს ნეჟინში აღესრულა, მას არასდროს უღიარებია პეტრე მოგილას მიტროპოლიტობის კანონიერება.
კიევის მიტროპოლიტად გახდომის შემდეგ პეტრე მოგილამ კიდევ უფრო მასშტაბურად გააგრძელა რეფორმების გატარება განათლების სფეროში. კიევის კოლეგიაში სასწავლო კურსი გაფართოვდა, სასწავლო საგნებს შეემატა: არითმეტიკა, გეომეტრა, მუსიკა, პოეზია, ასტრონომია, დიალექტიკა. ლათინური ენა მოიაზრებოდა, როგორც ევროპული მეცნიერების სფეროში შემავალი გზა მართლმადიდებლი სტუდენტებისათვის. მიტროპოლიტი პეტრე იწყებს ახალი სკოლების გახსნას, რომლებიც ამ მთავარ სკოლას დაექვემდებარებოდა, ასე აღმოცენდნენ სკოლები გოშჩიში, ვინიცასა და კრემენცეში. პეტრეს სწადდა, კიევის კოლეგია სრულყოფილ სასწავლო დაწესებულებად, ანუ აკადემიად ექცია. ამისათვის საჭირო იყო, პოლონეთის ხელისუფლებისაგან მიეღო უმაღლესი სასწავლო კლასის – საღვთისმეტყველო კლასის გახსნის ნებართვა. მაგრამ მისი ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. 1635 წ-ს მეფის 18 მარტის ბრძანებით, Kკოლეგიას აეკრძალა დიალექტიკასა და ლოგიკაზე მაღლა მდგომი მეცნიერების სწავლება. ამრიგად, კიევის სკოლაში უმაღლესად ითვლებოდა ფილოსოფიის კურსი. ეს აკრძალვა შორსმიმავალ შედეგებზე იყო გათვლილი: კიევის კოლეგიის კურსდამთავრებულები იძულებულნი ხდებოდნენ, საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად ევროპის კათოლიკურ სასწავლებლებში წასულიყვნენ. ასე რომ, პოლონეთ-ლიტვის მართლმადიდებელ სტუდენტებს ღვთისმეტყველების შესწავლა მხოლოდ მისი კათოლიკური ვარიანტით შეეძლოთ, და ეს ვითარება გაგრძელდა 1680-იანი წლების ბოლომდე. ამან განაპირობა ლათინური სქოლასტიკის ღრმად შეღწვა მართლმადიდებლურ საეკლესიო მეცნიერებაში.
XVII-XVIII საუკუნეებში კიევის სკოლის კურსდამთავრებულებმა დიდი გავლენა მოახდინეს სასულიერო განათლების განვითარებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ – მის ფარგლებს გარეთაც: რუსეთში, მოლდავეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, სერბეთში, რუმინეთში, ბოსნიაში, ჩერნოგორიაში, საბერძნეში. ჯერ კიდევ 1640 წლის მახლობლად პეტრე მოგილამ მოლდავეთის მთავრის, ვასილი ლუპუს თხოვნით მოლდავეთში გაგზავნა მასწავლებელთა ჯგუფი კიევის სკოლის ყოფილი რექტორის, იღუმენ სოფრონ პოჩასკის ხელმძღვანელობით. მათ იასაში კიევის მაგალითით დააარსეს სკოლა. კიევის კოლეგიის კურსდამთავრებულებმა გადამწყვეტი გავლენა იქონიეს მოლდავეთსა და ვლახეთში წიგნის ბეჭდვის განვითარებაზე. 1642 წ-ს იასაში შემდგარ საეკლესიო კრებაზე მიიღეს “მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარება,” რომელიც კიევში პეტრე მოგილას მიერ იყო მომზადებული. კრებას ესწრებოდა კიევის სკოლის სამი წარმომადგენელი: ისაია კოზლოვსკი, ეგნატე სტარუშიცი და იოსებ გორბაცკი.
1640-იანი წლებიდან რეგულარული კონტაქტები მყარდება მოსკოვთანაც. მოსკოვის სამეფოს მკვიდრნი კიევის სკოლის პედაგოგთაA შორისაც იყვნენ და სტუდენტთა შორისაც. 1640 წ-ს მიტროპოლიტ პეტრე მოგილას დავალებით იერომონაზონმა ეგნატე სტარუშიცმა მეფე მიხეილ ფეოდოროვიჩს მიმართაA წინადადებით, მოსკოვში დაეარსებინათ ისეთი მონასტერი, სადაც წარჩინებული და უბრალო ხალხის შვილებს ასწავლიდნენ ბერძნულსა და სლავურ წერა-კითხვას. თუმცა მაშინ მოსკოვმა ეს წინადადება არ მიიღო. მაგრამ პატრიარქ ნიკონის აღსაყდრების შემდეგ ვითარება შეიცვალა, ნიკონს ეწადა, მოსკოვი მართლმადიდებლობის საყოველთაო კულტურულ ცენტრად ექცია. მას მხარი დაუჭირა მეფე ალექსი მიხაილოვიჩმა და 1649 წ-ის მაისში მან თხოვნით მიმართა კიევის მიტროპოლიტ სილვესტრს, მოსკოვში გაეგზავნა ბერძნული და ლათინური ენის მცოდნე, სწავლული მონაზვნები ბიბლიის თარგმანის გასამართავად. მოსკოვში Gგაგზავნეს კოლგიის კურსდამთავრებულები – იერომონაზვნები ეპიფანე სლავინეცკი და არსენი სატანოვსკი. ისინი სათავეში ჩაუდგნენ ბიბლიის ახლად თარგმნის საქმეს.
კიევის სკოლის კურსდამთავრებულებმა ააღორძინეს და ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ღვთისმეტყველება. კათოლიკური სქოლასტიკა მათ მართლმადიდებლური მეცნიერების იარაღად აქციეს. პეტრე მოგილასეული კიევის სასწავლებელი შემდგომში აკადემიად გადაკეთდა. მღვდელმთავარმა დიმიტრი როსტოველმა კიევის სკოლაში მიიღო განათლება. რამოდენიმე წელი აქ სწავლობდა მიხელ ლომონოსოვიც. ნიშანდობლივია, რომ პეტრე მოგილას დაბადების თარიღი დაემთხვა ბრესტის უნიის შექმნის თარიღს. პეტრე მოგილას მთელი მოღვაწეობა და განსაკუთრებული ზრუნვა განათლების გავრცელებისათვის სწორედ ბრესტის უნიის გავლენის შესუსტებისაკენ და მართლმადიდებელი რწმენის განსამტკიცებლად იყო მიმართული. მღვდელმთავრის ღვაწლით კიევის უძველეს ტაძრებში განახლდა მართლმადიდებლური მსახურება, მათ შორის – სოფიის ტაძარში. მან მიაღწია იმას, რომ 1632 წ-ს პოლონეთის მეფემ ვლადისლავ IV-მ აღიარა უნიისაგან დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა.
მღვდელმთავარმა პეტრე მოგილამ მთელი თავისი საგვარეულო ქონება კიევის სკოლას დაუტოვა: სოფლები, სასახლეები, დიდძალი ძვირფასეულობა, და რაც მთავარია – 2131 წიგნისაგან შემდგარი ბიბლიოთეკა.
1996 წ-ს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პეტრე მოგილა ადგილობრივი მნიშვნელობის წმინდანად შერაცხა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს კომისია კანონიზაციის წინააღმდეგი იყო. თუმცა, 2005 წ-ს მისი კანონიზაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. კანონიზაციას არ ცნობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ.

Thursday March 24th, 2016

0 Responses on კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორ, პროფესორ ვლადიმერ ბურეგას ლექცია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>