ახალი სასწავლო წლის დაწყებას თბილისის სასულიერო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფკულტეტის სტუდენტები განსაკუთრებულად შეეგებნენ – სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მათ მცირე გამოფენა მოაწყვეს.უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავისი აღსაყდრების დღიდანვე ყოველივე სხვა დანარჩენთან ერთად დიდი ყურადღება დაუთმო ქართული ხალხური რეწვის მივიწყებული და გაქრობის პირას მდგარი დარგების აღორძინებას, კერძოდ, ნაქარგობასა და თექას. თავდაპირველად მოხალისეებისაგან შემდგარი ჯგუფით ჯერ საქართველოს საპატრიარქოს რეწვის განყოფილება ჩამოყალიბდა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ კი ყველას ერთობლივი ძალისხმევა უწმინდესის ლოცვით ამგვარად დაგვირგვინდა: 1997 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტთან შეიქმნა ქარგვის სახელოსნო. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა – ხელოვნების ეს უნიკალური დარგები მხოლოდ სამუზეუმო კუთვნილებად აღარ იარსებებდა, არამედ ახალ სიცოცხლეს იწყებდა, მას ჩვენი ახალგაზრდები აითვისებდნენ. დაარსების დღიდან 2016 წლამდე, მისი სიცოცხლის ბოლომდე, სახელოსნოს ქალბატონი ეთერ უროტაძე ხელმძღვანლობდა, მას დღეს დედა თამარის სახელით ვიხსენიებთ. დედა თამარი ჩვენს გვერდით აღარაა, მაგრამ სახელოსნო არსებობას აგრძელებს, სიონის ეზოში გამართული გამოფენაც ამის დასტურია.
გამოფენაზე სამი პედაგოგის სტუდენტთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ქალბატონი სილვა წერეთელი გახსნის დღიდანვე ასწავლის ქარგვის სახელოსნოში, სადაც საპატრიარქოს რეწვის განყოფილებიდან გადმოვიდა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, აქ იგი გობელენს ასწავლიდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზეც 1984 წ-ს მანვე გახსნა გობელენის განყოფილება. ქალბატონი სილვას ხელმძღვანელობით აკადემიის სტუდენტები ეუფლებიან გობელენს, ფარდაგს, ხალიჩას, ბატიკასა და თექას. წლევანდელი გამოფენა ძირითადად, მესამე კურსის სტუდენტთა ტექსტილმა – თექის ნიმუშებმა დაამშვენა. ლია სახლთხუციშვილის ნამუშევარი “სამეუფეო არწივი” საჩუქრად გადაეცა მის უწმინდესობას. სპანდერაშვილ ელზას თექაზე ძველი თბილისის ზამთრის პეიზაჟი იყო გამოსახული. ასევე, პეიზაჟები ჰქონდათ წარმოდგენილი სხვა ახალგაზრდებსაც: მარი ჯიხაშვილსა და მარი ლოთიშვილს; ნინო ნიჟარაძესა და ნათია წიკლაურს ძველი თბილისის თემა ჰქონდათ დამუშავებული; თეა არაბულის გობელენს “მეტეხი ზამთარში” ერქვა.
ქალბატონი ნესტან ცქიტიშვილი საეკლესიო ნაქარგობის პედაგოგია. იგი თბილისის სასულიერო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებული გახლავთ. მისი სადიპლომო ნაშრომის თემის “ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკები” მონახაზის ავტორი იყო მეუფე იოანე (გამრეკელი). მეუფემ, უწმინდესთან ერთად, დაინახა საჭიროება, სამეცნიერო დონეზე დამუშავებულიყო საეკლესიო ნივთებისა და შესამოსელის დამზადების წესი, რაც, სამწუხაროდ, დავიწყების სიღრმეს ეძლეოდა. დიპლომის დაცვისას მისმა უწმინდესობამ ქალბატონი ნესტანი აკადემიაში ქარგვის პედაგოგად დატოვა. ქალბატონი ნესტანის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი ნამუშევარი – ენქერი, ვედრების კომპოზიციით. ხატის ზომაა, დაახლოებით, 36 – 40 სმ-ზე, და შესრულებულია ოქრომკედითა და ფერადი ბუნებრივი აბრეშუმით. კომპოზიციაზე მუშაობდნენ: დიანა ზაქაიძე, ჟუჟუნა ქარელი, თამთა გაგუა, ნანა მიქელიანი, ლიკა ოყროშიძე, ნათია ქულუაშვილი, ქეთი მაისურაძე, ნინო ურდულაშვილი. მავანს იქნებ, გაუკვიდეს კიდეც, თუ რა საჭირო იყო ერთი ნიმუშისათვის ამდენი პირის ძალისხმევა, მაგრამ საქმეში გარკვეულმა სპეციალისტებმა უწყიან, თუ რა ურთულესი ტექნიკით სრულდება ქართული საეკლესიო ნაქარგობა და ცოდნასთან ერთად რაოდენ დროსა და რუდუნებას მოითხოვს ის.
ქალბატონი ნინო გაბაური ხევსურული ნაქარგობის პედაგოგია. ისიც ჩვენი აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავთ (1996 წ.) და აქ პედაგოგად მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით დარჩა. მისი სადიპლომო ნაშრომის თემა იყო ხელოვნების მუზეუმში დაცული მარიამ დედოფლისეულ ომოფორზე გამოსახული თორმეტი დიდი დღესასწაულის იკონოგრაფიული და მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ქალბატონი ნინო გაბაურის სტუდენტებმა: თათია არაბულმა, ლიკა გაბისონიამ, ნათია წიკლაურმა და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს პრაქტიკული დანიშნულების ნივთები – სუვენირები, ქისები, ხატის ბუდეები და ქუდები.
სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მოწყობილმა გამოფენამ მეტი სიხალისე შემატა სასწავლო წლის დაწყების ზეიმს.
0 Responses on გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში"