თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები რუმინეთში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში უკვე რამდენიმე წელია სექტემბრის დასაწყისში ტარდება მართლმადიდებელი ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი და კონგრესი. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან მოწვეულნი. ისინი წარმოადგენენ ავტოკეფალიურ და, ასევე, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მაგალითად, ამერიკის, ავსტრალიის. წელს ფესტივალს 2500 სტუმარი დაესწრო. ქართული მხრიდან რუმინეთს ათკაციანი დელეგაცია ეწვია: სასულიერო აკადემიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, კონსტანტინე სვანიძე, გიორგი მიქანაძე, რევაზ შარაბიძე – ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” წარმომადგენლები, ივანე შოშიაშვილი – თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, გურამ ლურსმანაშვილი – თბილისის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი, გვანცა ლურსმანაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, თამარ ზატიკაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ნინო ზატიკაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, ანა ბუკია – ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივეერსიტეტის I კურსის სტუდენტი.

კონგრესისა და ფესტივალის ღონისძიებები ბუქარესტში, საპატრიარქო გორაკზე ჩატარდა, სადაც არის საპატრიარქო რეზიდენცია, საკონფერენციო დარბაზები, სხვადასხვა შენობა, ერთი სიტყვით, შესანიშნავად გამართული ინფრასტრუქტურა. სტუმრები განთავსებულნი იყვნენ წმინდა ნექტარიოსის სახელობის საღვთისმეტყველო სემინარიის საერთო საცხოვრებელში.

ბუქარესტის კონგრესის ზოგადი სახელწოდებაა “ოჯახი და ახალგაზრდობა”.  მისი მიზანია, ეძებოს იმ უამრავი პრობლემის გადაჭრის გზები, რომელთაც ახალგაზრდობა აწყდება თანამედროვე სეკულარულ სამყაროში.

კონგრესი გახსნა მისმა უნეტარესობამ, რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა. რას მოელის ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესისაგან და რას მოელის თავად ეკლესია ახალგაზრდებისაგან – ეს არის ორი ცენტრალური კითხვა, რომელთა პასუხი ერთად უნდა მოვიძიოთ,- აღნიშნა მან. პატრიარქის მოხსენებაში ხაზი გაესვა დღევანდელი გამოწვევების ფონზე ახალგაზრდებისათვის ეკლესიის, სკოლისა და ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობას. აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების როლზე ეკლესიაში. ცაკლე საკითხად განხილული იყო ქველმოქმედების იდეა. აღინიშნა, რომ რუმინეთის საპატრიარქოსთან 800-მდე სოციალური ორგანიზაცია მოქმედებს ფილანთროპიული პროგრამებით. მხოლოდ გასულ წელს მათ სამ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯეს საქველმოქმედო და სოციალური მიზნებით.

კონგრესზე ქართულ მხარეს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” პრეზიდენტი კონსტანტინე სვანიძე წარმოადგენდა. მან მოხსენებაში აღნიშნა, რომ “დავითიანნი” 2007 წელს დაფუძნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამ ორგანიზაციისათვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის საკითხები და მათში ეროვნულ, სულიერ, კულტურულ ღირებულებათა განვითარება. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო “დავითიანნის” მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

კონგრესის დასრულების შემდეგ გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალი.

მომდევნო ორი დღე სექციებში მუშაობას დაეთმო. ვორქშოპებში განხილული საკითხების ძირითად თემას წარმოადგენდა თანამედროვე ქრისტიანული ოჯახი და მისი პრობლემები, მარადიული ფასეულობების დაცვა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ნარკომანია, რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში და სხვ. ფესტივალის ღონისძიებათა რიგში შედიოდა მუზეუმების დათვალიერება, კონცერტები, რომელთაგან პირველი, ხალხური სიმღერების კონცერტი, ჩატარდა კონგრესის გახსნის დღეს, ხოლო მეორე, პოპ-მუსიკის კონცერტი – ფესტივალის მუშაობის შუალედში, ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ პარკში.

3 სექტემბრის საღამოს საპატრიარქო სასახლის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია “იესო ქრისტე – სიცოცხლის სიხარული.” კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა მსვლელობა ანთებული სანთლებით ხელში სასახლის დარბაზიდან საპატრიარქო ტაძრამდე. ეს ლოცვა მიეძღვნა იტალიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის მსხვერპლთ.

ფესტივალის ბოლო დღეს, 4 სექტმბერს, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წირვა აღასრულა ბუქარესტის არქიეპისკოპოსმა, მუნტენისა და დობრუჯიის მიტროპოლიტმა, რუმინეთის პატრიარქმა, უნეტარესმა  დანიელმა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ახალგაზრდული ფესტივალის დასრულების შემდეგ, როდესაც სტუმრებმა ბუქარესტი დატოვეს, რუმინეთის საპატრიარქომ ქართული დელეგაცია კიდევ ერთი დღით ისტუმრა, რათა დასწრებოდნენ სპექტაკლს წმინდა ანთიმოზ ივერიელის შესახებ. ეს წარმოდგენა საპატრიარქოს გორაკზე არსებულ დარბაზში გაიმართა. ქართველებს საშუალება ჰქონდათ, სპექტაკლის მსვლელობისას სინქრონული თარგმანით ესარგებლათ.

 

 

Monday October 10th, 2016

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები რუმინეთში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>